გალაპაგოსის კუნძულები – პატარა მსოფლიო მსოფლიოს შიგნით
ორი-სამი მილიონი წლის წინ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილი გალაპაგოსის არქიპელაგი გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ თვრამეტ იზოლირებულ კუნძულზე მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განვითარდა. გიგანტური კუებით ცნობილი კუნძლი იმითაცაა გამორჩეული, რომ ჩარლზ დარვინმა სწორედ იქ ყოფნისას განავითარა ევოლუციის თეორია. 1835 წელს ნატურალისტი თავის დღიურში წერდა: „ამ არქიპელაგის ბუნება გამორჩეულია: ეს პატარა მსოფლიოა მსოფლიოს შიგნით“.
გალაპაგოსის კუნძულები ეკვადორზე მდებარეობს ეკვადორის ნაპირებიდან 973 კილომეტრის დაშორებით და ეკვადორსვე ეკუთვნის. სხვათა შორის, ეკვადორი კუნძულების ჯაჭვს ორად ყოფს – ზოგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია მოქცეული, ზოგი – სამხრეთში. არქიპელაგი 15 მთავარი კუნძულისაგან (მათ შორის უდიდესია იზაბელა), 3 საშუალო ზომისა და 107 ჯუჯა კუნძულისაგან შედგება, თუმცა, ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია. მაგალითად, 2009 წელს ფერნანდინაზე ფულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავა ოკეანეში ჩაიღვარა და კუნძულის სანაპირო ზოლი გაფართოვდა.
კუნძულების იზოლირებამ, მათმა ვულკანურმა ბუნებამ და მეტ-ნაკლებმა გვალვიანობამ აქ მობინადრე სახეობებისთვის უნიკალური გარემო შექმნა. ბუნებრივი მტაცებლების არარსებობამ მათ გამრავლებას შეუწყო ხელი, თუმცა საკვების ნაკლებობის გამო იძულებული გახდნენ, ახალ საარსებო გარემოს შეჰგუებოდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია, გალაპაგოსური მთიულას 13 ქვესახეობა, რომელიც საერთო წინაპრისგან წარმოიშვა. სწორედ ამ მთიულების შესწავლის შემდეგ იყო, ინგლისში დაბრუნებულმა დარვინმა ბუნებრივი სელექციისა და ევოლუციის თეორია რომ ჩამოაყალიბა.
პირველი ევროპელები, რომლებმაც კუნძულზე დადგეს ფეხი, ესპანელები იყვნენ. 1535 წელს პანამის ეპისკოპოს ტომას დე ბერლანგას მეთაურობით პერუსკენ მცურავი გემი გეზს ასცდა და კუნძულზე გაირიყა. არქიპელაგს კუების სიმრავლის გამო Insulae de los Galopegos („კუს კუნძლები“) ეწოდა. მოგვიანებით გალაპაგოსის კუნძულები ინგლისელი მეკობრეების თავშესაფარი გახდა, XIX საუკუნეში კი მევეშაპეების ბაზად იქცა. იმ პერიოდის უკონტროლო ნადირობამ კუნძულის ცოცხალი ბუნება ძალიან აზარალა, მრავალი სახეობა გადაშენდა. 1930-იან წლებში ეკვადორმა არქიპელაგი ეროვნულ ნაკრძალად გამოაცხადა, 1978 წელს კი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა და 1985 წელს „ბიოსფეროს ნაკრძალის“ სტატუსი მიანიჭა.
ამჟამად კუნძულებზე 40000-მდე ადამიანი ცხოვრობს და უმეტესობა ტურისტულ სფეროშია დასაქმებული. კუნძულების და მათ ირგვლივ 70000 კმ2 ფართობის ოკეანის ტერიტორია მკაცრადაა დაცული.