ღანძილი და მისი სამკურნალო თვისებები
ნივრის არომატის მქონე ღანძილი სამკურნალო თვისებებით ნიორს ტოლს არ უდებს. უხვად შეიცავს C ვიტამინს და ბუნებრივ ანტიბიოტიკს – ლიზოციმს. ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისგან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. დღეღამური ნორმაა 15-20 ფოთოლი. დაამატეთ ის კერძებს და დაგავიწყდებათ გაზაფხულის ავიტამინოზი და დაღლილობის შეგრძნება.
ქინძიანი ღანძილი: ქორფა ღანძილი ვხარშოთ 5-10 წუთი. გადავწუროთ, ჩავყაროთ ცივ წყალში. გავწუროთ კარგად და შევამზადოთ ღვინის ძმარში გახსნილი დანაყილი ნედლი ქინძით და მარილით. მოვასხათ ზეთი.
ღანძილის ზეთი სალათების, წვნიანებისა და პასტების საუკეთესო სანელებელია. ის ასე მზადდება: 50 გ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ცივი გამოხდის 1 ლიტრი ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ 5 კვირა ბნელ და გრილ ადგილას.
ღანძილის სალათა: დაარჩიეთ, წამოხარშეთ და გადაწურეთ, შეგიძლიათ, დაჭრათ. მოასხურეთ ძმარი და ზეთი, შეანელეთ მარილით.
ნიგვზიანი ღანძლი: მაღალ ცეცხლზე ზეითუნის ზეთში ან კარაქში სწრაფად დაბრაწეთ ღანძილი, ხახვი, ნიორი, მწვანე ხახვი, პრასი, ოხრახუში, ქინძი, რეჰანი და ტარხუნა. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ხმელი ორეგანო, ქონდარი. გადაიტანეთ თეფშზე, დაუმატეთ გატარებული ნიგოზი და მოახეხეთ პარმეზანი ან სულგუნი. – ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ შეწვის პროცესში მოასხათ ცოტაოდენი ნაღები.
ტეგები: საინტერესო, კულინარია, სალათა, სალათები, კერძები, სამკურნალო თვისებები