რას ეძებ?

კულინარია სხვა

ღომი / ტრადიციული ქართული კერძის მოკლე ისტორია

ღომი - ქართული კერძი და მისი ისტორია

ტრადიციულ ფაფისებრ საკვებთა შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია ღომი. ღომი, უწინარეს ყოვლისა, ფეტვისნაირი პურეული კულტურაა და იგი უძველესი დროიდან ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, იმერეთში, სვანეთში. სამეგრელოში ძირითადი საკვები ახლაც ლომია და მას იღებენ ყველა სხვა საკვებთან ერთად – როგორც მცენარეულთან, ასევე ცხოველურთან, ძირითადად კი – ნიგვზიან კერძებთან.

თანამედროვე ქართულში ტერმინი „ღომი” ფაფისებრ კერძს ეწოდება, ძველად კი იგი თავად კულტურას ერქვა. დროთა განმავლობაში ეს კულტურა (დაახლოებით XVII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც იგი სიმინდის კულტურამ შეცვალა) თანდათან გაქრა ყოფაში და ახლა თითქმის აღარსად გვხვდება. დროის გარკვეულ მონაკვეთში კი (დაახლოებით XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე), ვიდრე ღომის კულტურა აქა-იქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, გაჩნდა ტერმინი „ღომის ღომი” („ღუმუშ ღუმი“, მეგრ.), რაც ნამდვილი ღომის ფაფას გამოარჩევდა სიმინდის ფქვილის ღომისაგან. ასეთივე ცვლილება განიცადა მჭადის კულტურამაც. მისი გაქრობის გარდამავალ ხანაში მოჰყავდათ „ჭადი“ და აცხობდნენ „ჭადის ჭადს“, რაც დღეს ასევე მივიწყებულია.

როგორც ვთქვით, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და იმერეთში ღომი, როგორც ძირითადი საკვები, კვლავ ტრადიციულია, მაგრამ მას არა ღომის მარცვლეულისაგან, არამედ სიმინდის ღერღილისა და ფქვილისაგან ამზადებენ. ზოგჯერ ღერღილს ბრინჯით ცვლიან. მაგრამ, ბუნებრივია, იგი არ არის ისეთი გემრიელი, როგორიც ღომის ღომი იყო.

ისტორიულად საქართველოში ღომის ორი სახეობა ყოფილა გავრცელებული – თეთრი და ყვითელი. უფრო მიღებულად და სტუმრისათვის პატივსაცემად თეთრი ითვლებოდა.ზოგიერთი ეთნოგრაფიული ცნობით, საპატიო სტუმრისათვის ღომს ცალკე როდინში ნაყავდნენ. ღომის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი დღესასწაული. ღომის მარცვალი საკულტო რიტუალების აუცილებელ ელემენტსაც შეადგენდა. ღომით მიულოცავდა მეკვლე-მეფეხური ოჯახს ახალი წლის დადგომას – მეკვლე ჩიჩილაკით და ღომისმარცვლიანი ჯამით სამჯერ შემოუვლიდა ეზოს, თან ღომის მარცვლებს ფანტავდა შემდეგი სიტყვებით: „ღმერთო, ამ მარცვლების რაოდენობის საქონელი მომიმრავლეო“. დოვლათისა და სიმრავლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა აგრეთვე ღომი სახლში პატარძლის შემოყვანის და სხვა რიტუალებში, რაც სპეციალურ ლიტერატურაშია აღწერილი.

თედო სახოკიას ცნობით, გურიაში საკალანდო სადილისათვის ღომის ღომი აუცილებლად უნდა მოეხარშათ. ამასთან, თვალს ადევნებდნენ – თუ დუღილი ქვაბის შუაგულიდან დაიწყებოდა, იმ წელს სოფელში კარგი მოსავალი უნდა მოსულიყო, ხოლო თუ ნაპირებიდან ამოთუხთუხდებოდა, ეს, საერთოდ, მთელ ქვეყანაში ხვავრიელი წლის დადგომას მოასწავებდა. როცა პირველ მოსავალს მოიწევდნენ, მისგან საგანგებო, რიტუალურ პურებს გამოაცხობდნენ, ყანაში წაიღებდნენ და მიწაში ჩაფლავდნენ, ზედ ჯვრებს დაასობდნენ. ეს წესი ბარაქიანობის დაბევებას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველად მეგრელებს ღომის სალოცავი ადგილი – „ლადუშ ოხვამერი“ ჰქონდათ მოწყობილი, რაც ამ მარცვლეულის საკულტო დანიშნულებაზე მეტყველებს.

ამრიგად, თუ აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლში, კახეთში) ხორბლეულის კულტურები და მისგან მომზადებული საჭმელი (ფაფისებრი კერძები) და პური იყო ძირითადი საკვები, დასავლეთ საქართველოში მისი ადგილი ფეტვისნაირებმა, ღომმა, ურიშმა, ჩხვერმა, საკუთრივ ფეტვმა, სიმინდმა დაიჭირა, თუმცა რიტუალურ კვებაში პურიც გამოიყენებოდა. ჩანს, მას ახლო წარსულში უფრო მეტი მასშტაბით ხმარობდნენ. მაგალითად, იმერეთში, რაჭაში დადგენილია ხორბლის კოლხური ჯიშების – მახასა და ზანდურის არსებობა, რაც ლოგიკურად იმას გვიდასტურებს, რომ ის სხვაობა, რაც ამ ორ რეგიონს შორის ძირითადი საკვების მხრივ (კულტურების მიხედვით) შეინიშნება, დროთა განმავლობაში მომხდარი ეკოლოგიური ცვლილებების შედეგია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *