გიორგი გურჯიევი: აზროვნების ორი ტიპი
დედამიწაზე წარსულში, ყველა საუკუნეში მიღებული იყო, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც ჰყოფნიდა სითამამე ჰქონოდა პრეტენზია, რომ სხვებს მისთვის ანგარიში გაეწიათ და საკუთარი თავი „შეგნებულ მოაზროვნედ“ ჩაეთვალა, თავისი საპასუხისმგებლო არსებობის ჯერ კიდევ პირველ წლებში უნდა ყოფილიყო გათვითცნობიერებული, რომ ადამიანს საერთოდ აზროვნების ორი ტიპი გააჩნია: პირველია აზროვნება აზრის საშუალებით, რომელშიც გამოიყენება სიტყვები, ყოველთვის პირობითი აზრი რომ აქვს, მეორე სახე კი დამახასიათებელია ყველა ცხოველისთვის, ისევე, როგორც ადამიანისათვის. მას მე „სახეების საშუალებით აზროვნებას“ დავარქმევდი.
აზროვნების მეორე ტიპი – „სახეებით აზროვნება“ რომლის დახმარებითაც, ზუსტად რომ ვთქვათ, ასევე უნდა იქნეს გაგებული და გაცნობიერებული უკვე არსებულ ინფორმაციასთან შეჯერების შემდეგ და ათვისებულ იქნეს ზუსტი აზრი ნაწერისა, ადამიანებს უყალიბდებათ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, კლიმატის, დროის და მთელი იმ გარემოსგან დამოკიდებულებით, რომელშიც ვითარდებოდა ეს ადამიანი და რომელშიც სიმწიფის ასაკამდე გრძელდებოდა მისი არსებობა.
შესაბამისად, სხვადასხვა ხალხის ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პირობაში, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე უწევთ ცხოვრება, ერთი და იმავე რაღაცის და იდეის შესახებაც კი ექმნებათ რამდენიმე სრულიად დამოუკიდებელი სახე, რომლებიც ტვინის ფუნქციონირების, ანუ ასოციაციის დროს, მათ არსებაში ამა თუ იმ შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნებები სუბიექტურად განაპირობებს გარკვეულ წარმოდგენას და ეს წარმოდგენა აღინიშნება ამა თუ იმ სიტყვით, რომელიც მის მხოლოდ გარეგნულ, სუბიექტურ წარმოსახვას წარმოადგენს.
აი, ამიტომ არის, რომ ყველა სიტყვა, რომელიც ამა თუ იმ საგანს თუ იდეას გამოხატავს, სხვადასხვა გეოგრაფიულ დასახლებასა და სხვადასხვა ხალხში, თითქმის ყოველთვის განსაზღვრულ და სრულიად განსხვავებულ, ასე ვთქვათ, შინაგან შინაარსს იძენს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რაღაც გარკვეულ ადგილზე გაჩენილი და ფორმირებული ადამიანის შემადგენლობაში სპეციფიკური ადგილობრივი გავლენებისა და შთაბეჭდილებების შედეგად ჩამოყალიბდა რაღაც „სახე“ და ეს სახე მასში ასოციაციით იწვევს გარკვეული „შინაგანი შინაარსის“ შეგრძნებას და, შესაბამისად, შეგრძნებას გარკვეული სურათის თუ გარკვეული ცნებისა, რომლის გამოსახატავად ის იყენებს ამა თუ იმ სიტყვას, საბოლოო ჯამში ხდება ჩვეული და, როგორც ვთქვი, სუბიექტური მისთვის, მაშინ ამ სიტყვის გამგონე, რომლის არსშიც, მისი წარმოშობისა და ზრდის სხვა პირობების გამო, ამ სიტყვის შესახებ ჩამოყალიბდა სახე სხვა „შინაგანი შინაარსით“, მუდამ აღიქვამს და, რა თქმა უნდა, გარდაუვალად გაიგებს, იმავე სიტყვას უკვე სულ სხვა მნიშვნელობით.
© გიორგი გურჯიევი / ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის