რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

გიორგი სააკაძე შაჰ აბასის წინააღმდეგ – მარტყოფის ბრძოლა

გიორგი სააკაძე შაჰ აბასის წინააღმდეგ - მარტყოფის ბრძოლა

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

როგორც ცნობილია 1612 წელს ქართლის რეაქციონერმა თავადებმა შეთქმულება მოუწყვეს გიორგი სააკაძეს, აუწიოკეს სახლ-კარი და დედაბუდიანად უნდოდათ მისი ოჯახის და საგვარეულოს ამოწყვეტა. ეს იმის შემდეგ რომ გიორგი მანამდე 22 წელი უმწიკლო ემსახურა ქვეყანას, მრავალი გამარჯვება მოუპოვა, ტაშისკარის ბრძოლაში კი მისი გამარჯვება 40 ათასიან ოსმალურ არმიაზე 10 ათასიანი არმიით ახლაც ხელოვნების ნიმუშად ითვლება.

გიორგიმ შეძლო თავი დაეღწია მკვლელებისთვის და გაიხიზნა სპარსეთში. ცბიერი შაჰ-აბასი მიხვდა რომ დიდი მხედარმთავარი ეახლა მას და გადაწყვიტა მისი ნიჭი გამოეყენებინა. მან ალავერდ ხან უნდილაძის მიერ რეფორმირებულ სპარსულ არმიას ჩაუყენა გიორგი სათავეში. გიორგიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ გენიალური სამხედრო მეთაური იყო. მან სასტიკად გაანადგურა ოსმალთა ჯარები და დაიპყრო ირანისთვის ერაყი ბაღდადითურთ. ამის შემდეგ მას დაევალა ყანდაყარის დაპყრობა რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი, ამის შემდგომ დაიმორჩილა თურქმენეთი და წარმატებით ილაშქრა ინდოეთში და დიდი ნადავლით დაბრუნდა უკან. მისი სახელი ქუხდა მთელ აღმოსავლეთში ინდოეთიდან ბაღდათამდე. ის დიდებაში და სიმდიდრეში ბანაობდა.

1624 წელს კი შაჰმა გადაწყვიტა რომ სრულიად აეყარა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა და იქ ყიზილბაშური ტომები დაესახლებინა. ამისათვის მან 1625 წელს დიდი ჯარი გამოგზავნა რომელსაც ყორჩი -ხანი და გიორგი სააკაძე უსარდლა. ცბიერმა შაჰმა მისი უფროსი შვილი პაატა მძევლად დაიტოვა შვილს არ გაწირავს, მაინც მისი ქვეყანაა და ყველაფერი ზუსტად რომ გააკეთოსო.

მაგრამ აქ გამოჩნდა კიდევ ერთხელ თუ რა დიდი ადამიანი იყო დიდი მოურავი, როგორც მას ხალხი უწოდებდა. როცა მისი სამშობლო უფრსკულის პირას აღმოჩნდა მან ყველაფერი გვერდზე გადადო, უარი თქვა დიდებაზე, ზღაპრულ სიმდიდრეზე და ზვარაკად შესწირა შვილი რათა ეცოცხლა მის ერს! მან ყორჩი-ხანის ზურგს უკან შეძლო აჯანყების და არმიის მომზადება ისე რომ მოწინააღმეგე აზრზე არ იყო.

ირანის ჯარმა კი ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე შესვლისთანავე საშინელი ხოცვა-ჟლეტვა და ძარცვა დაიწყო. დიდი ნადავლიც მოუგროვდა და არხეინად განლაგდნენ მარტყოფის ველზე. მაგრამ ისინი აზრზე არ იყვნენ წინ რა ელოდათ. გიორგის უკვე მომზადებული ყავდა 15000 კაცი და დილით გარიჟრაზე 1625 წლის 25 მარტს დაიწყო ქართული არმიის შეტევა ირანელებზე. გიორგის შვილმა ავთანდილმა რომელიც ბანაკში იყო თავისი რაზმით სპარსელების წინააღმდეგ მოაბრუნდა იარაღი და საშინელი არევ- დარევა შეიტანა მტრის რიგებში. იერიში კი იმდენად ელვისებური იყო და კარგად ორგანიზებული იყო ირანელებმა გადაწყობა ვერ მოახერხეს.

გიორგიმ ისინი ნაწილებად დაშალა, მერე პირადად შეუტია ყორჩი-ხანის კარავს, სადაც შაჰის გვარდია იდგა და პირწმინდად გაანადგურა ისინი, პირადად განგმირა ყორჩი-ხანი. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ირანის არმია საშინელმა პანიკამ მოიცვა. მათ 27 ათასი ადამიანი დატოვეს ბრძოლის ველზე, მხოლოდ 3000 შეძლო გაქცევა. ამას დამატებული ეს იყო პირველი მარცხი რომელიც ირანის არმიამ იწვნია ბოლო 25 წლის განმავლობაში. გამარჯვება სრული და უპირობო იყო. ამის შემდეგ გიორგი ირანულ გარნიზონებსაც გაავლო მუსრი და აპრილის ბოლოს სრულიად ქართლ-კახეთი თავისუფალი იყო.

შაჰი საშინლად გაცოფდა და სიკვდილით დასაჯა მისი შვილი პაატა და მისი თავი გამოაგზავნა საქართველოში. ამას ახალი დიდი ირანული შემოსება მოჰყვა, მაგრამ გიორგი სააკაძის მეთაურობით ქართლ-კახეთმა შეძლო ირანის ჯარების სასტიკი დამარცხება. ირანის დანაკარგები 1625 -1626 წლის სამხედრო კამპანიის შედეგად 70 ათასი ადამიანი იყო. შაჰ-აბასმა საბოლოოდ თქვა უარი აღმოსავლეთ საქართველოს გასახლებაზე და მეტიც აღიარა გაერთიანებული ქართლ-კახეთი როგორც დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფო!

აი ასე გადაარჩინა თავისი ერი გიორგი სააკაძემ. მერე კი მოხდა საშინელი ბოროტება და უმადურება. არარაობა თეიმურაზ პირველმა და ქართლ-კახეთის რეაქციონერმა თავადებმა მას ეს არ დაუფასეს და როგორც ვიცით ისევ მოუწია ღალატის გამო ქვეყნის დატოვება. მაგრამ უბრალო ადამიანებში დარჩა დიდი სიყვარული ამ ადამიანისადმი, დიდი მოურავისადმი რომელსაც შეეძლო მსოფლიო პოლიტიკა და სამხედრო კამპანიები ეწარმოებინა, მაგრამ სხვა არჩევანი გააკეთა და აირჩია ეცოცხლა მის ერს და მის კულტურას! ამას შეწირა ყველაფერი, საკუთარი შვილიც და ბოლოს სიცოცხლეს. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ქართულად საუბრობენ და ქრისტეს დიდებული ჯვრებია ჩვენს ქალაქებში აღმართული, ამაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი სწორედ გიორგი სააკაძეს მიუძღვის!

გიორგი სააკაძე
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა