ღმერთები და რომაელები
რომაელები სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ღმერთების მეფე იუპიტერი რომაული მიწების მფარველი იყო, გათხოვილი ქალები კი მის ცოლს, – იუნონას ეთაყვანებოდნენ. მარსი ომის ღმერთი იყო, ვენერა კი – სიყვარულის ქალღმერთი, დიანა – ნადირობისა და გოგონების მფარველი, ნეპტუნი, ზღვის ღმერთი, ქარიშხლებსა და საშინელ გრიგალებს მოუვლენდა ხოლმე ადამიანებს. ვესტა ოჯახების მფარველი ქალღმერთი იყო. ვესტას ქურუმი ქალები რომში, ფორუმზე მდებარე ტაძარში სამსხვერპლო ცეცხლს ანთებდნენ.
რომის იმპერატორი მთავარი ქურუმიც იყო – „დიადი პონტიფიკი“, რაც სიტყვასიტყვით „ხიდების დიდ მშენებელს“ ნიშნავს. ხალხს სჯეროდა, რომ სწორედ ის იყო დამაკავშირებელი ხიდი ღმერთებსა და ადამიანებს შორის. გარდა მთავრობის ხელმძღვანელობისა, მას ევალებოდა ლოცვების წარმოთქმა და მსხვერპლის შეწირვა რომის მფარველი ღმერთებისთვის.
როდესაც ღმერთებს მსხვერპლს შეწირავდნენ, ქურუმი, რომელსაც პარუსპიკს უწოდებდნენ, მის ღვიძლს შეამოწმებდა და თუ დაავადებული გამოდგებოდა, ეს ავის მომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა.
ოჯახები ღმერთებს ყოველდღე მიართმევდნენ ძღვენს. ისინი სახლებში მოწყობილი საკურთხევლის წინ აწყობდნენ სამსხვერპლო სასმელ-საჭმელს და აკმევდნენ სარკმეველს. საკურთხეველი პატარა ტაძარს ჰგავდა. შიგ ოჯახის, კერიის, დოვლათის მფარველი ღვთაებების – ლარებისა და პენატების ქანდაკებები იდგა.
რომაელები ცრუმორწმუნენი იყვნენ. ისინი სახლებს მაგიური სიმბოლოებით რთავდნენ და ბავშვებს ყელზე ჰკიდებდნენ ბედნიერების მომტან ავგაროზებს. ეგონათ, მომავლის წინასწარმეტყველებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ცხოველებს, ფრინველებს, მწერებსა და ამინდს დააკვირდებოდნენ. მაგალითად, ფუტკარი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანი იყო, ბუს კივილი – საშიშროების.
რომაელები ღმერთებს შესთხოვდნენ თავიანთი მტრების განადგურებას: მეტალის ან თიხის ნატეხზე აწერდნენ მტრის სახელებს, წყევლას და ტაძარში ტოვებდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ ღმერთები თხოვნას შეიწყნარებდნენ და მათ მტრებს ზიანს მიაყენებდნენ.
პირველი ქრისტიანები რომში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახ. წ. 313 წლამდე რომის იმპერიაში ქრისტიანობა აკრძალული იყო, ქრისტიანები მალულად იკრიბებოდნენ მიწისქვეშა კატაკომბებში და ლოცულობდნენ. კატაკომბებს სამარხადაც იყენებდნენ.