რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

დიდი კანიონი – ბუნების საოცრება

დიდი კანიონი, ბუნების ერთ-ერთი საოცრება

მილიონობით წელია, მდინარე კოლორადოს პირას მდებარე კანიონი არიზონის ლანდშაფტის უცვლელი ნაწილია. ის ბუნების განსაცვიფრებელი საოცრებაა. სიტყვებით კანიონის მშვენების სრულად აღწერა შეუძლებელია, მაგრამ ამერიკელმა მკვლევარმა, ჯონ უელსი პაუელმა საუკეთესოდ შეძლო შთაბეჭდილების გადმოცემა, როდესაც თქვა: „დიდ კანინოში ფორმის, ფერისა და ბგერის სილამაზე და სიდიადე ერთმანეთს ერწყმის – მისი ფორმების თვით მთებსაც შურთ, მისი ფერები თვით დაისს ეჯიბრებიან, ხოლო ბგერები ხმათა მთელ დიაპაზონს მოიცავს – ქარიშხლის ზუზუნსა თუ წვიმის წკაპუნს, ჩანჩქერის გრუხუნსა თუ წყაროს რაკრაკს“.

რასაკვირველია, სტატისტიკური მონაცემებით მისი სილამაზის აღქმა შეუძლებელია, მაგრამ ზოგად წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის კანიონის სიდიადესა და გეოფრაფიულ თავისებურებაზე. ის არიზონა-იუტას საზღვარზე ლი-ფერიდან გრენდ-უოშის კლდეებამდე, თითქმის ლას-ვეგასამდე 445 კმ-ზეა გადაჭიმული. ჩრდილოეთი და სამხრეთი კლდეები ზოგან სულ რაღაც 400 მ სიგანისაა, ზოგან კი 29 კმ-მდე ფართოვდება. ზოგიერთ მონაკვეთში კანიონის პირიდან მდინარე კოლორადომდე, რომელიც მის ძირას მიედინება, 1,6 კმ-ია. ციცაბო, წყლით გადარეცხილი კალთები ორი მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილი ფიქალოვანი კლდეებით არის დაფარული.

არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ კანიონი 12000 წლის მანძილზე ადამიანებით იყო დასახლებული. ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის სხვადასხვა ტომი ცხოვრობდა ამ ადგილას, რისი დამადასტურებელიც კლდეებში გამოკვეთილი ბეღლებია. პირველი ევროპელი, რომელმაც 1540 წელს კანიონში ფეხი დადგა, ესპანელი კონკისტადორი გარსია ლოპეს დე კარდენასი იყო. თუმცა, კანიონის გამოკვლევა მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყო, როცა ესპანელი ჯარისკაცები მის გადასაკვეთად საჭირო მოკლე გზის პოვნას ცდილობდნენ. მოგვიანებით ამავეს ცდილობდნენ ბეწვიან ცხოველებზე მონადირეები და მორმონი მისიონერები. 1908 წელს თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობისას დიდი კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. რუზველტმა ის „18 ეროვნული ძეგლის“ სიაში შეიტანა. 1919 წელს დიდი კანიონი ეროვნულ ნაკრძალად გამოცხადდა და დაცული ტერიტორიის ფართობი რამდენადმე გაიზარდა.

დიდი კანიონი ნაირფეროვანი ფლორისა და ფაუნის სამშობლოა. ყველაზე ცნობილია აქაური კალიფორნიული კონდორი და ჩხრიალა გველი. ამჟამად დიდი კანიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიცაა და აშშ-ის ერთ-ერთ უპოპულარულეს ღირშესანიშნაობად ითვლება. მხოლოდ მის სანახავად ყოველ წელს მილიონობით ტურისტი ჩადის.

დიდი კანიონი ბუნების შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. მართალია, უფრო დიდი, ფართო და ღრმა კანიონებიც არსებობს, მაგრამ დიდ კანიონს ბრწყინვალებით ვერც ერთი ვერ შეედრება; ის განსააკუთრებით შთამბეჭდავია მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს. როცა სხივები მის კლდეებს წითლად, ყვითლად და ნარინჯისფრად ღებავს.

დიდი კანიონი - ბუნების საოცრება
დიდი კანიონი - ბუნების საოცრება
დიდი კანიონი - ბუნების საოცრება
დიდი კანიონი - ბუნების საოცრება (აშშ)
დიდი კანიონი, ბუნების ერთ-ერთი საოცრება
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *