ბრიუსელის გრან-პლასი – ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი
გოთიკური, ბაროკოსა და ლუი XIV-ის სტილის გრანდიოზული და ნატიფი ორნამენტებით მორთული შენობებით გარშემორტყმული ბრიუსელის გრან-პლასი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი და ბელგიის დედაქალაქის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია.
მოედნის ისტორია XI საუკუნეში იწყება, როცა მდინარე სენას შენაკადების გასწვრივ (მოგვიანებით იქ დასახლება გააშენეს და მდინარე ახლა მის შუაგულში მიედინება), ქვიშიან სანაპიროზე პირველი ბაზარი გაიხსნა. ბაზარი თანდათან გაიზარდა. ბრიუგესა და კელნს შორის, სავაჭრო გზაზე მდებარე, ფრანგი და ინგლისელი ვაჭრებისთვის ადვილად მისადგომი Niedermekt ანუ „ქვედა ბაზარი“, როგორც მაშინ უწოდებდნენ, XII საუკუნეში სავაჭრო ცენტრად იქცა. მის ირგვლივ ხის სახლები აშენდა. ნავსადგომსა და ბაზარში ვაჭრები გერმანული ლუდით, ფრანგული ღვინით და ინგლისური მატყლით ვაჭრობდნენ.
XIV საუკუნეში მომავალ გრან-პლასზე მდიდარი ვაჭრების პირველი ქვის სახლები გაჩნდა. XV საუკუნის პირველ ნახევარში გოთიკური რატუშის (რომელსაც 96-მეტრიანი ცენტრალური ქიმი აქვს) აგების შემდეგ გრან-პლასი სწრაფად მზარდი ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. ოფიციალურად განისაზღვრა მისი ამჟამინდელი საზღვრები (მოედნის ფართობია 68X360). მალე გარშემო უფრო გრანდიოზული შენობები გაჩნდა, რატუშის პირდაპირ „მეფის სახლი“ აშენდა. სინამდვილეში, ბრაბანტის ჰერცოგის მიერ აშენებულ „მეფის სახლში“ არც ერთ მეფეს არასოდეს უცხოვრია და ბელგიელები მას დღესაც Broodhuis-ს ანუ „პურის სახლს“ უწოდებენ, რადგან იმ ადგილას უწინ საცხობები იყო.
1965 წელს ბრიუსელი ფრანგებმა აიღეს და გრან-პლასი თითქმის მიწასთან გაასწორეს. მხოლოდ რატუშა არ წაქცეულა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ჯარისკაცები წვრთნებისას სწორედ მას იყენებდნენ ქვემეხების სამიზნედ. თუმცა, ქალაქის ვაჭართა გილდიამ ყველა ღონე იხმარა გრან-პლასის აღსადგენად და მისთვის დღევანდელი სახის მისაცემად. მიუხედავად არქიტექტურული სტილების ეკლექტიკური ნაზავისა, შენობები ჰარმონიულად ერწყმის მოედანს.
მოედანი ბაზრის მოვალეობას აღარ ასრულებს, მაგრამ მაინც რჩება ქალაქის უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ბარებითა და რესტორნებით დახუნძლული გრან-პლასი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. აქ მთელი წლის განმავლობაშ იმართება კულტურული ღონისძიებები, კონცერტები, ისტორიული მსვლელობები… ყოველ მეორე წელიწადს კი მოედანს მილიონი ყვავილის „ხალიჩით“ რთავენ. 1998 წლიდან გრან-პლასი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს. მოედანი ბრიუსელის მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობა და ტურისტული ცენტრია.