ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი
ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მილიარდობით მარჯნის პოლიპისგან აგებული ჭრელი სამყაროა. ის დედამიწის უდიდესი რიფების სისტემაა და ბუნების შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. ბარიერული რიფის თბილ, არაღრმა წყლებში სიცოცხლე დუღს; მისი მდიდარი ეკოსისტემა ტროპიკული ტყეებივით მრავალფეროვანია.
დიდი ბარიერული რიფის ფართობი 334400 კმ2-ს შეადგენს და ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქუინსლენდის გასწვრივ 2 600 კილომეტრზეა გადაჭიმული. ნაპირიდან მისი დაშორება 15-დან 150 კილომეტრამდე მერყეობს, მისი სიგანე ზოგან 65 კილომეტრს აღწევს და 3000 მარჯნის რიფისაგან შედგება. თითოეული რიფი ათასობით წლის მანძილზე ფორმირდებოდა პაწაწინა ორგანიზმების – მარჯნის პოლიპებისაგან. ჭრელი ფერი, რომელთანაც მარჯნები ასოცირდება, კოლონიის ზედაპირზე მცხოვრები წყალმცენარეების დამსახურებაა.
სინამდვილეში დიდი ბარიერული რიფი გიგანტური და ამავე დროს ძალიან ფაქიზი ცოცხალი ორგანიზმია. მიუედავად ამისა, დადასტურებულია, რომ ამ რეგიონში მარჯნის რიფები თითქმის 600000 წელია არსებობენ და, რომ ამჟამინდელი რიფის ფორმირება 20000 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მან რთული და მდიდარი ეკოსისტემა განავითარა და დღემდე სიცოცხლის მრავალ ფორმას ასაზრდოებს. მხოლოდ თევზების 1500-მდე სახეობა ბინადროსბ მარჯნის რიფებში; მათი უმეტესობა, მაგალითად, თევზი-კლოუნი, თუთიყუშთევზა, თევზი-ანგელოზები საარსებო გარემოს შესაბამისად არიან შეფერილნი. დიდი ზომის თევზებს შორის გამორჩეულია ზვიგენის რამდენიმე სახეობა (ყველაზე ხშირად გვხდება უვნებელი რიფის ზვიგენი, თუმცა, აქვე საშინელი თეთრი ზვიგენებიც ბინადრობენ), ხოლო ძუძუმწოვრებს შორის – 30 სახეობის ვეშაპი, დელფინი, ზღვის ღორი და დიუგონი. რიფები ხელსაყრელი ადგილია ზღვის კუების გასამრავლებლად, აქვე ბინადრობენ ზღვის გველები, მოლუსკების 4000 სახეობა და 215 ჯიში ფრინველი.
უკანასკნელ წლებში ეს ფაქიზი ეკოსისტემა საფრთხეში აღმოჩნდა. თევზჭერისა და დაბინძურების გარდა, რიფებს ეკლისგვირგვინოსანი ზრვისვარსკვლავიც ემუქრება შეჭმით. ავსტრალიის მთავრობამ რიფის დასაცავად სხვადასხვა გეგმა შეიმუშავა. მართალია, ყოველ წელს კვლავ მილიონობით ტურისტი ნახულობს ბარიერულ რიფს, მაგრამ ამჟამად ის ერთ-ერთი უდიდესი დაცული საზღვაო ტერიტორიაა მთელ მსოფლიოში. მის ზოგიერთ მონაკვეთთან ადამიანებს მიახლოება მკაცრად ეკრძალებათ.