დიდი ლურჯი ღრმული – საუკეთესო სადაივინგო ადგილი
ცნობილი ფრანგი მკვლევრის, ჟაკ-ივ კუსტოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო სადაივინგო ადგილად გამოცხადებული დიდი ლურჯი ღრმული ნამდვილი გეოლოგიური საოცრებაა. ზემოდან ღრმული სუფთა, ფირუზისფერი წყლის შუაგულში დახაზულ მუქ ინდიგოსებრ წრეს ჰგავს, თუმცა, ზედაპირის ქვეშ სტალაქტიტების, კირქვის უჩვეულო წარმონაქმნებისა და მღვიმეების მზემიუწვდომელი ლაბირინთია.
ბელიზის ნაპირიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, „შუქურის რიფის“ სახელით ცნობილი ატოლის ცენტრში მდებარე „დიდი ლურჯი ღრმული“ მსოფლიოს უღრმეს წყალქვეშა ორმოდ მიიჩნევა. ის ბოლო გამყინვარების ეპოქაში წარმოიქმნა, როცა ადიდებულმა წყალმა მანამდე ზედაპირზე მდებარე კირქვის გამოქვაბულები დაფარა. მოგვიანებით გამოქვაბულის სახურავიც ჩაიშალა (სავარაუდოდ, მიწისძვრის შედეგად) და თავად გამოქვაბული 12 გრადუსით გადაიხარა. ამიტომაც თავახდილი გამოქვაბული ღრმულად იქცა.
ღრმულის დიამეტრი 300 მეტრია და ატოლის თავთხელი, მარჯნიანი წყლით არის შემოსაზღვრული. აი, ღრმულის სიღრმე კი 125 მეტრს აღწევს. ღრმულის კედლები 44 მეტრზე ვერტიკალურად ჩადის, შემდეგ კი იხრება და მის შვერილებზე სტალაქტიტები ეკიდება, რომლებიც ღრმულის სიღრმეში უფრო და უფრო უცნაურ ფორმებს იძენენ. ზოგი სტალაქტიტის სიგრძე 12 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 3 მეტრი. ღრმულის ზედაპირთან ახლოს სხვადასხვა სახეობის თევზები დაცურავენ: გიგანტური ქორჭილები, რიფის ზვიგენები და ჩაქუჩთავა ზვიგენები. სიღრმეში უსინათლობისა და დამდგარი წლის გამო თევზების რაოდენობა იკლებს, თუმცა მყვინთავები ხანდახან თითო-ოროლა ზვიგენს მაინც გადააწყდებიან ხოლმე. 70 მეტრის სიღრმეში ერთ-ერთ კედელზე ვიწრო გვირაბია, რომელიც სხვა სტალაქტიტებით სავსე გამოქვაბულებისკენ მიიწევს, მაგრამ იქ მარადიული წყვდიადი სუფევს.
დიდი ლურჯი ღრმული ბელიზის ბარიერული რიფის ნაწილია და ახლომდებარე მარჯნის კუნძულ ჰალფ-მუნთან ერთად დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. 1997 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს. მისი კრისტალურად სუფთა წყალი, მრავალფეროვანი ცოცხალი სამყარო და გამაოგნებელი წყალქვეშა პეიზაჯები ყოველწლიურად ათასობით მყვინთავს იზიდავს