ჩინეთის დიდი კედელი: ძველი ჩინური ცივილიზაციის სიმბოლო
მსოფლიოს უგრძესი ჩინეთის დიდი კედელი კაცობიობის მიერ განხორციელებული უდიდესი სამშენებლო პროექტია. ის მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთადაა აღიარებული. ყველა განშტოებას თუ მივათვლით, ჯამში კედლის სიგრძე 8852 კილომეტრია. კედელი კვეთს უდაბნოს, მინდვრიან დაბლობებს, მთებსა და პლატოებს. ის აღმოსავლეთში ჰუშანის დიდი კედლით იწყება, გაივლის ლიაონინის, ხებეის, პეკინის, ტიანშანის, შანსის, შიდა მონღოლეთის, ნინსიას, შაანსის, განსუს და ცინხაის პროვინციებს და დასავლეთში, ჩიუგუანის მონაკვეთით სრულდება.
ბევრს ჰგონია, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთი გრძელი, უწყვეტი ნაგებობაა, მაგრამ სინამდვილეში კედლებს ზოგან სანგრები ეღობება (რომელთა მთლიანი სიგრძე 359,7 კილომეტრია), ზოგან – მთები და მდინარეები, რომლებზეც კედლის მთლიანი სიგრძიდან 2232 კილომეტრი მოდის. კედლის უძველესი მონაკვეთები ძვ.წ. V-III საუკუნეებით თარიღდება; იმ დროს ცის, იანისა და ჩაოს სამეფოები ერთმანეთს ეომებოდნენ და თითოეულმა თავიანთი საზღვრების დასაცავად მიწისა და ხრეშისგან კედლები ააგო.
როცა ძვ.წ. 221 წელს ცინ ში ხუანმა ჩინეთი გააერთიანა და ცინის დინასტიის პირველ მმართველად იქცა, იმპერიის დამყოფი კედლების დანგრევა ბრძანა, მხოლოდ ის მონაკვეთი შეინარჩუნა და გააფართოვა, რომელიც ჩრდილოელი შიუნნუს ხალხისაგან დასაცავად სჭირდებოდა. სამწუხაროდ,, არ არსებობს არანაირი ისტორიული სამხილი იმის შესახებ, თუ სადამდე წვდებოდა ცინის იმპერიის კედელი, დატკეპნილი მიწის უძველესი მონაკვეთები კი უკვე გამქრალია. თუმცა, შემდგომ საუკუნეებში მომდევნო დინასტიებმა კედელი გააფართოვეს, შეაკეთეს და გაამაგრეს.
ჩინეთის კედლის დღემდე შემორჩენილი, ცნობილი მონაკვეთებიდან უმეტესობა მინის დინასტიის დროს (1368-1644 წწ.) აიგო, როცა ჩინეთს მონღოლური და მანჯურიული ტომები ემუქრებოდნენ. მინის ეპოქის კედელი წინანდლებზე მაღალი და მტკიცეა. ზოგან ის 7,6 მ სიმაღლისაა და სისქით 4-დან 9 მეტრამდე მერყეობს. კედელი აგებულია აგურებითა და ქვებით და ზედ ერთმანეთისგან თანაბარი მანძლით დაშორებული საგუშაგო კოშკები და ყაზარმებიც დგას. კედლებზე ალბათ მილიონობით ჯარისკაცი იყო დაბანაკებული ქვეყნის „ბარბაროსი“ მტრების შემოსევისაგან დასაცავად.
გავრცელებულია კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება, თითქოს ჩინეთის დიდი კედელი მთვარიდან ჩანს. სინამდვილეში კარგ ამინდში დაბალი ორბიტიდანაც კი ძლივს მოჩანს. თუმცა, ჩინეთის დიდი კედელი უთუოდ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევათაგანია, რომლის მშენებლობას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჩინეთის დიდი კედელი ჩინეთის კულტურული სიამაყეა და მისი შექმნის ისტორია მრავალ მითსა თუ ლეგენდაშია მოთხრობილი. გარდა ამისა, ის ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა და ყოველ წელს მილიონობით მნახველს იზიდავს.