რას ეძებ?

ისტორია საზოგადოება

გრიგოლ ფერაძე – ცოტა რამ ქართველი „შინდლერის“ შესახებ

გრიგოლ ფერაძე - მოკლე ბიოგრაფია

ვარშავის უნივერსიტეტის შესასვლელში, მემორიალურ დაფაზე ამოკვეთილია იმ პროფესორთა გვარები, რომლებიც ფაშისტთა მხეცობას შეეწირნენ. მათ შორის მე-15 ქართველი გრიგოლ ფერაძეა. მისი სახელი საბჭოთა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის აღარ დარჩა გამოცემა, მის შესახებ რომ არ მოეთხრო მკითხველისათვის.

ისტორიკოსი, თეოლოგი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში დაიბადა. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ბონის (გერმანია) უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება.

იცოდა ქართული, გერმანული, ფრანგული, რუსული, ინგლისური და პოლონური ენები, თავისუფლად სარგებლობდა ძველბერძნული, სომხური, სირიული და არაბული წყაროებით, მან ძველებრაულიდან თარგმნა „ქებათა ქება“.

ორიენტალისტთა ერთ-ერთ პაექრობაზე მამა გრიგოლს თეოლოგიის ცოდნითა და მჭრმეტყველებით მოუხიბლავს დამსწრენი და იმავე წელს, მსოფლიოში სახელგანთქმული პატრიარქების თანდასწრებით, საქართველოს მფარველ კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის მიერ არქიმანდრიტად ხელდებულა. ამის შემდეგ მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პატროლოგიის პროფესორის წოდება.

გრიგოლი ქართულ ეკლესიაშიც წირავდა თურმე. 1929 წ. ნაცისტებმა დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გერმანიაში აღარ დაედგომებოდა და ინგლისში გადავიდა, სადაც 1932 წელს ლექციებს კითხულობდა ქართული სასულიერო მწერლობისა და ბიბლიის შესახებ. შემდეგ მიიწვიეს პოლონეთის უნივერსიტეტში და პატროლოგიის კათედრა ჩაბარეს.

მამა გრიგოლი იკვლევდა ქართულ სასულიერო მწერლობას, ჰქონდა საკუთარი ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, წერდა ლექსებს. მან უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება–შესწავლის საქმეში. საბერძნეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში მან 162 ქართული ხელნაწერი აღმოაჩინა.

გრიგოლ ფერაძეს შესთავაზეს ეპისკოპოსობა, მაგრამ მღვდელმთავრის მიტრის მაგიერ მან წამებულის გვირგვინი მიიღო.

მამა გრიგოლი გესტაპომ დააპატიმრა, რაც სამწუხაროდ ფაშისტებთან სამსახურში მყოფი ქართველების უშუალო „დამსახურებით“ განხორციელდა. მას ბრალად ედებოდა პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა და დევნილი ებრაელების დახმარება. ის დაიღუპა ოსვენციმის გაზის კამერაში. გაზის კამერაში იგი თავისი ნებით შევიდა იმ პატიმრის მაგიერ, რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა.

ეს მოხდა 1944 წელს..

მამა გრიგოლი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

„როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებსა და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს“. – გრიგოლ ფერაძე

მომზადებულია ინტერნეტში არსებულ ღია წყაროებზე დაყრდნობით

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა