რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

გუილინის კარსტული წარმონაქმნები

გუილინის კარსტული წარმონაქმნები

ვაკეზე წამომართული კირქვის კლდეები ქალაქ გუილინს და მის მიმდებარე ტერიტორიას არაამქვეყნიურ, საუცხოო სილამაზეს სძენს. ბევრს ჩინეთის წარმოთქმისას სწორედ ეს კარსტული წარმონაქმნები წარმოუდგება თვალწინ. ხშირი მცენარეებით დაფარული და გამოქვაბულებით დასერილი კლდეები ჯადოსნურ ლანდშაფტს ქმნის და ზღაპრების წიგნიდან გადმოხატულს ჰგავს. ჩინელებს გამოთქმაც კი აქვთ, გუილინის პეიზაჟი ცისქვეშეთში ყვლაზე ლამაზიაო.

სამხრეთ ჩინეთში, გუანსი-ჯუანის ავტონომიური რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთში 5180 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული გუილინის კლდეები ჩინეთის ერთ-ერთი უპოპულარულესი ღირშესანიშნაობაა. ეს წვეტიანი, კუთხეებიანი კლდოვანი წარმონაქმნები ჩინებული ნიმუშია კარსტიფიკაციისაა. ესაა პროცესი, რომელიც მილიონობით წელს გრძელდება და ამ დროს წყალში ხსნად ქანებზე (ამ შემთხვევაში – კირქვაზე) მინერალური მჟავების ზემოქმედებით წყლის ზედაპირზე უცნაური ფორმის წარმონაქმნები ჩნდება, ხოლო მიწის ქვეშ ვრცელი გამოქვაბულების სისტემა ყალიბდება.

მართალია, მსოფლიოში კარსტიფიკაციის მრავალი მაგალითის მოძიება შეიძლება, მაგრამ გუილინის გეოლოგიური და გეოგრაფიული ასპექტების (თუნდაც მასთან შედარებით ახლომდებარე ჰიმალაის მთაგრეხილის წარმოქმნის) გათვალისწინებით, მისი ლანდშაფტი სხვას არ ჰგავს: ერთად თავმოყრილი მწვანე კლდეები, დაღარული ღრმულებით, მღვიმეებითა და მიწისქვეშა გამოქვაბულებით (მაგ., „ლერწმის ფლეიტის გამოქვაბულით“), სადაც გასაოცარი კირქვის სვეტები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები გვხდება), უჩვეულო სანახავია.

გუილინის კარსტული წარმონაქმნები (ჩინეთი)

გუილინის სხვა ღირშესანიშნაობათა შორის გამორჩეულია „შვიდი ვარსკვლავის პარკი“ პუტუოს მთაზე მდგარი 22-სართულიანი ტაძრითა და „შვიდი ვარსკვლავის გამოქვაბულით“. აქვეა „სპილოს ხორთუმის ბორცვი“, რომელსაც წყლის მსმელი სპილოს ფორმა აქვს. ბორცვებს შორის გზას მიიკვლევს მდინარე ლი, რომლიდანაც ტურისტებისთვის ჩინებული ხედები იშლება. არქეოლოგები ამტკიცებენ, აქ ადამიანები დაახლოებით 30000 წლის წინ სახლობდნენო, თუმცა, გუილინის ირგვლივ ლანდშაფტი ხელუხლებელს ჰგავს. გარემოს ჰარმონიულად ერწყმის პატარ-პატარა სოფლები და ცხოვრება აქ ძველებურად გრძელდება.

ამ ადგილის ფენომენალური სილამაზე არა ერთი პოეტისა და მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა. აქა-იქ გამოქვაბულების კირქვის კედლებზე ორასი წლის წინანდელი ლექსებია ამოკვეთილი. ბოლო დროს აქაურობამ კინორეჟისორების ყურადღებაც მიიპყრო. გუილინის კარსტული წარმონაქმნები პლანეტა კაშიიკის პეიზაჟად არის გადაღებული ფილმში „ვარსკვლავური ომები – III: სითების შურისძიება“.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *