რას ეძებ?

საზოგადოება ფილოსოფია

გუსტავ ლე ბონი / მასების ფსიქოლოგია / ამონარიდი

გუსტავ ლე ბონი / მასების ფსიქოლოგია / ამონარიდი

თუკი ჩვენი ცივილიზაციის წინამორბედ ცივილიზაციათა ზეასვლისა და დაცემის გენეზისის ზოგად გზას გავყვებით, რას დავინახავთ ჩვენ პირველ რიგში?

ამ ცივილიზაციათა გარიჟრაჟზე ჩვენ ვხედავთ ერთი და იმავე წარმომავლობის ადამიანთა მცირე ნაწილს, რომლებიც მიგრაციის, შემოსევებისა და დაპყრობების შემთხვევითობათა წყალობით გაერთიანდნენ. ყველა ამ ადამიანს შორის კავშირს, რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ენისა და აღმსარებლობის მიხედვით და რომელთა ძარღვებში განსხვავებული სისხლი ჩქეფდა, წარმოადგენდა ერთი ბელადის სანახევროდ აღიარებული ძალაუფლება. ადამიანთა ასეთ შერეულ გროვაში უკიდურესადაა განვითარებული ბრბოსთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თვისებები: ნაწილაკთა დროებითი შეჭიდულობა, გმირობა, სისუსტე, იმპულსურობა და მგზნებარე განცდები. მყარი ასეთ გროვაში არაფერია, ისინი ბარბაროსებისგან შედგებიან.

შემდეგ საქმეში დრო ერთვება. გარემოს იგივეობა, შეჯვარების გამეორება, საზოგადო ცხოვრების მოთხოვნები მდოვრედ მოქმედებენ, არაერთგვაროვან ელემენტთა გროვა კი შერწყმას იწყებს და ერს, ანუ აგრეგატს წარმოშობს, რომელიც საერთო თვისებებითა და გრძნობებით ხასიათდება, რაც სულ უფრო მეტად მყარდება მემკვიდრეობითობის გზით. ბრბო ერად იქცევა, ერს კი უკვე ძალუძს თავი დააღწიოს ბარბაროსობის მდგომარეობას. თუმცა, ამას იგი მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა ხანგრძლივი ძალისხმევის, მუდმივი ბრძოლისა და უთვალავი წამოწყების შემდეგ იდეალს შეიძენს. ასეთი იდეალის ბუნებას მცირე მნიშვნელობა ენიჭება. ის შესაძლოა რომის ან ათენის კულტს წარმოადგენდეს, ან ალაჰისადმი თაყვანისცემას, სულ ერთია, მაგრამ ეს იდეალი საკმარისი იქნება, რათა გრძნობათა და აზრების ერთიანობა შეიქმნას ყველა ინდივიდში ერისა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება.

სწორედ მაშინ შეიძლება იშვას ახალი ცივილიზაცია თავისი ინსტიტუტებით, აღმსარებლობითა და ხელოვნებით.

საკუთარი ოცნებით მოხიბლული, ერი თანმიმდევრულად იძენს ყველაფერს, რაც ბრწყინვალებას, სიდიადესა და ძალას ანიჭებს მას. ის, რასაკვირველია, გარკვეულ დროს ბრბოს სახით იარსებებს, მაგრამ ასეთ დროს ბრბოსთვის დამახასიათებელი ცვლადი და მოძრავი თვისებების უკან ყოველთვის იდგება მყარი სუბსტრატი – ერის მენტალობა, რომელიც მკვეთრად ზღუდავს ერის რყევის ფარგლებს და შემთხვევას მართავს.

დაასრულებს რა თავის შემოქმედებით სამუშაოს, დრო გარდუვალად გადადის ნგრევაზე, რასაც ვერც ღმერთები და ვერც ადამიანები აიცდენენ. მიაღწევს რა ძლიერებისა და სირთულის გარკვეულ ხარისხს, ცივილიზაცია წყვეტს ზრდას და დასაცემადაა განწირული. მალე დაჰკრავს მისთვის სიბერის ჟამი. მისი მოახლოვების უტყუარი ნიშანია იმ იდეალის შესუსტება, რომელიც ერის მენტალობას უმყარებს საფუძველს. იდეალის გაფერმკრთალების პარალელურად იწყებენ რყევას პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ინსტიტუტთა საფუძვლები, რომლებიც ამ იდეალს ემყარებიან.

იდეალის პროგრესული გაუჩინარების კვალდაკვალ ერი სულ უფრო მეტად ჰკარგავს იმას, რაც მის ძალას, ერთობასა და კავშირს წარმოადგენდა. ამასთან, ინდივიდის პიროვნება და გონება შესაძლოა ვითარდებოდეს, მაგრამ იმავდროულად ერის კოლექტიური ეგოიზმი ჩანაცვლდება მეტისმეტად განვითარებული ინდივიდუალური ეგოიზმით, რასაც თან ახლავს ხასიათის ძალისა და მოქმედების უნარის შესუსტება. ის, რაც მანამდე ერს, განსაზღვრულ ერთეულს, საერთო მასას წარმოადგენდა, იქცევა ინდივიდთა მარტივ აგლომერაციად ყოველგვარი კავშირის გარეშე, რომლებიც მხოლოდ დროებით არიან გაერთიანებულნი ტრადიციებისა და ინსტიტუტების მიერ. სწორედ მაშინ დგება მომენტი, როდესაც პირადი ინტერესებისა და მისწრაფებების მიხედვით გათიშული ადამიანები, რომლებსაც არ ძალუძთ საკუთარი თავის მართვა, მოითხოვენ, რომ მათ უმოკლეს ნაბიჯებსაც კი უხელმძღვანელონ და სახელმწიფო ამყარებს თავის მშთანმთქმელ გავლენას.

იდეალის საბოლოოდ დაკარგვასთან ერთად ერი სამუდამოდ კარგავს მენტალობას. იგი იქცევა იზოლირებულ ინდივიდთა გროვად ანუ იმად, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა – ბრბოდ. ასეთ დროს მასში ისევ იჩენენ თავს ბრბოსთვის დამახასიათებელი ცვალებადი თვისებები, რომლებსაც არც სიმყარე გააჩნიათ და არც მომავალი. ცივილიზაცია ჰკარგავს ფუნდამენტს და შემთხვევითობათა ძალაუფლებაში აღმოჩნდება. მდაბიონი მეფობენ და ბარბაროსები იბადებიან. ცივილიზაცია ჯერ კიდევ შეიძლება ბრწყინავდეს, რადგან ხანგრძლივი წარსულის მიერ შექმნილი მისი შენობის ფასადი შენარჩუნებულია, მაგრამ სინამდვილეში შენობა გამოხრულია, მას აღარაფერი აკავებს და იგი პირველივე რყევისას ინგრევა.

ბარბაროსობიდან ცივილიზაციისკენ მოძრაობა ოცნების ასრულების მიზნით, შემდეგ – თანდათანობითი დასუსტება და კვდომა, როგორც კი ეს ოცნება დაიკარგება – აი, რაში მდგომარეობს ყოველი ერის ცხოვრების ციკლი.

© გუსტავ ლე ბონი / მასების ფსიქოლოგია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *