ჰა-ლონგის უბე: „ადგილი, სადაც დრაკონები ეშვებიან“
ჰო ში მინი ჰა-ლონგის უბის აღწერისას ამბობდა, ამ საოცრების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელიაო. მართლაც, ლურჯ ზღვაში ამოწვერილი ათასობით კუნძულის ჯადოსნური ხედის აღწერა ძნელია. „ჰა-ლონგი“ ნიშნავს „ადგილს, სადაც დრაკონები ეშვებიან“. ლეგენდის მიხედვით, კუნძულები ღმერთების გამოგზავნილი დრაკონების პირიდან გადმოცვენილი ძვირფასი თვლებისგან წარმოიქმნა. ლეგენდა ნამდვილად შეეფერება და ზუსტად ასახავს ჰა-ლონგის უბის სილამაზეს.
ტონკინის ყურეში, ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰა-ლონგის უბის ფართობი 1500 კვ2-ია. უბეს უნიკალურ ბრწყინვალებას სძენს კირქვითა და თიხაფიქალით წარმოქმნილი, დროთა განმავლობაში ციცაბო კლდეებად გადარეცხილი კუნძულები, რომლებიც დაღარულია თვალისმომჭრელი მღვიმეებითა და გამოქვაბულებით. ყველაზე ცნობილი და პოპულარული მღვიმეებია თენ-კუნგი („ზეციური სასახლის მღვიმე“), დაუ-გო („გარიყული ხეების მღვიმე“), სუნგ-სოტი („გასაოცარი მღვიმე“) და ტამ-კუნგი („სამი სასახლის მღვიმე“).
ზოგიერთ კუნძულზე ტბაა, ზოგი უკაცრიელია და იქ მხოლოდ სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით სავსე მრვიმეებია. კლდის ქიმები ტროპიკული მდინარეებით არის შემოსილი. ციცაბო კლდეებზე ასვლა ძალიან ძნელია და მცენარეები ხელშეუხებლად იზრდება. კუნძულების თითქმის ნახევარს სახელიც კი არ აქვს. დანარჩენებს მათი ფორმისა და აგებულების მიხედვით არქმევდნენ სახელებს. მაგალითად, ვოი („სპილო“) და გა-ჩოი („მოჩხუბარი მამალი“). რამდენიმე შედარებით დიდი კუნძული ლამაზი პლაჟებით იწონებს თავს და ერთი-ორზე სასტუმროც დგას.
ჰა-ლონგის უბე არა მხოლოდ სილამაზით, არქეოლოგიური და ბოტანიკური მნიშვნელობითაც გამოირჩევა. მიწიდან პრიმიტიული ხელსაწყოები და მოლუსკების გადაყრილი ნიჟარების გროვები ამოთხარეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონი დაახლოებით 20000 წლის წინ დასახლებული იყო. ჰა-ლონგის მდიდარი ფლორა და ფაუნა აუცილებლად მიიზიდავდა პრიმიტიულ ადამიანებს. ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა მლაშე წყლით დატბორილი მიმდებარე მარადმწვანე ტროპიკული ტყეები და მარჯნის რიფები, სადაც ათასობით განსხვავებული სახეობა ბინადრობს.
ულამაზესი პეიზაჟებისა და მისი უდიდესი ბიოლოგიური მნიშვნელობის გამო 1994 წელს ჰა-ლონგის უბე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. მას შემდეგ ის ვიეტნამის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა. სასტუმროებისა და დამსვენებლების გვერდით მეთევზეტა პატარა სოფლებში დღემდე ცხოვრობს დაახლოებით 1600 ადამიანი. ზოგიერთ მღვიმეში XIX საუკუნით დათარიღებულ ფრანგულ გრაფიტებსაც შეიძლება წააწყდეთ.