ჰავაის კუნძულები – ვულკანების ეროვნული პარკი
1309 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ჰავაის ეროვნული პარკის ლანდშაფტი საზღვაო-სათავგადასავლო რომანიდან გადმოხატულს ჰგავს. პარკი კუნძულის შუაგულთან მდებარე მსოფლიოს უდიდეს ვულკან მაუნა-ლოასთან იწყება (4169 მ) და ვულკანურ სანაპირო ზოლზე მთავრდება, საიდანაც ცეცხლოვანი ლავა ჩაედინება ოკეანეში. პარკში მდებარეობს კილაუეაც, რომლის კრატერი – პუუ-ოო – გამუდმებით მდუღარე მაგმას ანთხევს და თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბუნების დამანგრეველი ძალები სრულიად ახალი მიწის შემოქმედი იყოს.
კალიფორნიიდან 3200 კმ-ის მოშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარე ჰავაის კუნძულები მსოფლიოს ერთ-ერთი იზოლირებული არქიპელაგია. მისი ეკოსისტემა მრავალი სახეობის მცენარისა და ცხოველისაგან შედგება და ამ მხრივ გალაპაგოსის კუნძულებს არ ჩამოუვარდება. ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი ჰავაის დიდ კუნძულზე შვიდ განსხვავებულ ეკოლოგიურ ზონას მოიცავს, მათ შორის – სანაპირო ზოლს, რამდენიმე სახის დაბლობსა და ტყეს, სადაც გიგანტური გვიმრა იზრდება; აგრეთვე ვულკანური ფერფლისგან წარმოქმნილ უდაბნო კაუს. პარკი მუდმივად მდინარე ლავის ნაკადებითაც არის ცნობილი. შესაბამისად, კუნძული ჯერაც ფორმირების პროცესშია. აქვე მდებარეობს არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილები. ვულკანის კრატერებს ჰავაიელი მოსახლეობა წმინდად მიიჩნევდა და იქ ქალღმერთ პელეს ძღვენს სწირავდა.
ვულკანები თანამედროვე მნახველებისთვისაც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც პირველი პოლინეზიელებისთვის, რომლებიც V საუკუნეში დასახლდენ ჰავაიზე. პირველი ევროპელი, ვინც კუნძულს 1823 წელს ესტუმრა და ვულკანები ამერიკულ კომპანიონ ასა თერსტონთან ერთად იხილა, ბრიტანელი მისიონერი უილიამ ელისი იყო. მან ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული ემოციები თავის დღიურში არწერა: „ჩვენ თვალწინ გრანდიოზული და შემაძრწუნებელი სანახაობა გათამაშდა. აკანკალებული შევჩერდით. წუთით ენა ჩაგვივარდა დაერთ ადგილას გაქვავებულები მივჩერებოდით ჩვენ ფერხთით გადაშლილ უფრსკულს“.
მართალია, კილაუეა აქტიური ვულკანია, მაგრამ მის კიდემდე მისვლა და კრატერში ჩახედვაც კია შესაძლებელი. ლავა უმეტესად ორი ყელიდან პუუ-ოოდან და კუპაიანაჰადან იფრქვევა და გვირაბების სისტემით დაახლოებით 12 კილომეტრის მანძილზე მიედინება ვაჰუალას და კამოკუნას პლაჟებამდე. 1994 წლიდან ლავამ დაახლოებით 200 ჰექტარის ფართობის ახალი მიწა წარმოქმნა. 1973 წლის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ მიწაზე კი უკვე გვიმრები იზრდება.
ამჟამად პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და რამდენიმე ტურისტულ ცენტრსა და მუზეუმსაც მოიცავს. ყოველ წელს მრავალი ტურისტი ჩადის კუნძულზე ვულკანების სანახავად და უილიამ ელისის მსგავსად გაოცებასა და აღრფთოვანებას ვერ მალავს.