რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

საუბრები ფილოსოფიაზე / ჰერაკლიტეს უცნაური თეორია

საუბრები ფილოსოფიაზე / ჰერაკლიტეს უცნაური თეორია

მერაბ მამარდაშვილი: …სხვათა შორის, ამიტომ დასჭირდა ჰერაკლიტეს ძალიან უცნაური თეორია, რომელიც დაპირისპირებულთა ერთიანობაა. ეს არის სიმბოლური ენა, რომლითაც ვცდილობთ იმის გამოხატვას, რისი გამოხატვა საგნობრივი ენით შეუძლებელია.

ეს არის ენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ და მივანიშნოთ იმაზე, რომ დღე სინამდვილეში ღამეა, ხოლო ღამე – დღე (თუმცა ჩვენთვის თვალსაჩინო არცერთი აზრით არის ასე), და მთელი დიალექტიკა იმის შესახებ, რომ სიცოცხლე ამავდროულად არის სიკვდილი (ანუ ღამე არის დღე) ამ სიტყვის თვალსაჩინო აზრით – ეს ყველაფერი ზღაპარი და გამონაგონია, რომელთა განაზრება შეუძლებელია. ნუ, მართლაც, ნუთუ შეგვიძლია განვიაზროთ დიალექტიკა, რომელიც თითქოს იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სიცოცხლე არის სიკვდილი იმ აზრით, რომ ყოველ მოცემულ წუთს უჯრედები კვდება და შედეგად ჩვენ შემდეგ დავიხოცებით. ამაზე ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანი იტყვის: მაპატიეთ, ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ფილოსოფოსი დაპირისპირებულთა ერთიანობას მოითხოვს, მან უნდა თქვას, რომ სიცოცხლე არის სიკვდილი. რა აზრით? – ყოფიერების ჭრილში.

ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, ჩვენში მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ჩვენ, თანმიმდევრულად გამოვიტანთ რა ყველა შედეგს, სიკვდილის ხატს ჩავხედავთ – ამის გარეშე არ არის სიცოცხლე, ის, რომლის ცხოვრებაც ეღირებოდა. ამ აზრით, სიკვდილი არის სიცოცხლე. რატომ ვსაუბრობ მე ამ ენაზე, ან ჰერაკლიტე რატომ საუბრობს: დღე არის ღამე, ღამე არის დღე? ან: „ერთსა და იმავე მდინარეში შესულს ყოველ წამს ახალ-ახალი ტალღა ეხეთქება ტანზე, ხოლო სუნთქვის სულები ორთქლდებიან სისველიდან“. შემდეგ: „უკვდავნი მოკვდავნი არიან, მოკვდავნი – უკვდავნი, რომლებიც იმათ სიკვდილს ცოცხლობენ, ისინი კი მათ სიცოცხლეს კვდომობენ“ (ეს ჩემი კოლეგის თარგმანია). „ჰაერსულის [воздуша] (სული გამოიყენება პირველსაწყის ელემენტ ჰაერთან ანალოგიით) სიკვდილია წყლად ქცევა, წყლისთვის სიკვდილია მიწად ქცევა, მიწიდან წყალი იქმნება, წყლიდან კი ჰაერსული“. აი, ასეთი წრებრუნვაა.

გულისხმობს თუ არა ჰერაკლიტე ბუნებრივ წრებრუნვას? ჩვეულებრივ, ჩვენ ასე გვესმის: დღე იცვლება ღამით, წყლის ანაორთქლი ჰაერად იქცევა. არა, იგულისხმება ენა, რომელზეც რამენაირად მაინც შეიძლება განმარტება, რომ მსჯელობა იმის შესახებ, რა არის ყოფიერება, რომელიც არ არის რომელიღაც საგანი, არამედ არის ყველა საგნის პირობა, და არის არაყოფიერება, ანუ ყოფიერების პირობების შეუსრულებლობა, მე ძალმიძს მხოლოდ დაპირისპირებულთა ერთიანობით – ყოფიერებისა და არაყოფიერების. ხოლო თუ მე რაიმეს საბოლოოდ დავადგენ საგნის სახით და ამ საგნისგან მუდმივ რეალურ არსებობას მოვითხოვ, იქნება ეს ღმერთი თუ კიდევ რაღაც სხვა, მაგრამ არსებული როგორც საგანი – ეს ყოფიერება არ არის. მაშ, როგორ უნდა გამოვხატო მე ის, რომლის შესახებ თვალსაჩინოს არაფრის თქმა ძალმიძს? – კონკრეტულ საგანთა ხედვის აქტში საკუთარ თავში დაპირისპირებულთა ერთიანობის მოთხოვნით, რაც მოგვცემს კიდეც საშუალებას, ჭეშმარიტად ვიხილოთ კონკრეტული არსებული საგნები. და ამისგან ყოფიერება არ იქცევა საგნად სხვა საგნების გვერდით, ის ამ საგანთა პირობად რჩება.

© მერაბ მამარდაშვილი / ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *