რას ეძებ?

ბუნება ისტორია საინტერესო

იერაპოლისი-ფამუკალე ანუ „ბამბის ციხესიმაგრე“

იერაპოლისი-ფამუკალე ანუ „ბამბის ციხესიმაგრე“

იერაპოლისი არაამქვეყნიური სილამაზის უჩვეულო თერმული წყლების ბუნებრივი საცავია, რომელიც ათასობით წელია ნუსხავს ხალხს. ტრავერტინის ტერასებისა და ბუნებრივი ავზების (ღია ფერის ქვის) „თეთრი ციხესიმაგრე“, მისი განამარხებული ჩანჩქერებითა და მინერალური საცავებით, მორთულია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური ნანგრევებით, რაც მის უნიკალურ სილამაზეს ისტორიულ მომხიბვლელობასაც სძენს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ეს ბუნებრივი წარმონაქმნი ფამუკალეს („ბამბის ციხესიმაგრე“) სახელით არის ცნობილი. გამორჩეული თეთრი ბორცვი, ანუ „ციხესიმაგრე“ 2700 მ სიგრძისა და 160 მ სიმაღლისაა. მისი ფართო ტერასები 17 თერმული წყაროსგან არის წარმოქმნილი. წყაროების ტემპერატურა 35°C-დან 100°C-მდე მერყეობს. კალციუმით გაჯერებული მინერალური წყაროები მიწიდან ამოედინება, ხოლო დალექილი მარილები თანდათან მყარდება და ტრავერტინს წარმოქმნის.

კალციუმით გაჯერებული მინერალური წყაროები - იერაპოლისი - ფამუკალე

ფამუკალეს თავზე აღმართულია უძველესი ქალაქი იერაპოლისი. ოფიციალურად აღიარებულია, რომ ქალაქ პერგამონის მეფე ევმენოს II-მ დაარსა, თუმცა არსებობს სამხილები, რომ ამ ადგილას საუკუნეების მანძილზე არსებობდა დასახლება. ბერძნული ქალაქი მოგვიანებით რომაელების მფლობელობაში გადავიდა და ცხელი წყაროების აბანოებმა იერაპოლისი სამკურნალო კურორტად აქცია.

ქალაქმა დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის განვითარებაში. წმ. პავლეს მითითებით ამ ადგილას ერთ-ერთი პირველი ეკლესია აშენდა. აქვე აღესრულა ქრისტეს მოწაფე ფილიპე, რომლის ჯვარცმის ადგილას დღეს მისი სახელობის ეკლესიის (მარტირიუმის) ნანგრევები დგას. 215 წელს იერაპოლისს იმპერატორი კარაკალა ესტუმრა და III საუკუნიდან ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა. აქაურობა მოხუცებისა და სნეულების თავშესაფრად გადაიქცა.

ქალაქის ზრდასთან ერთად ახალი შენობებიც გაჩნდა: აბანოები, გიმნაზია, ტაძრები, ახალი საცხოვრებელი სახლები, თეატრები და რომის ქვეშევრდომებისთვის ასე ძვირფასი შადრევნებითა და ქანდაკებებით მორთული ქუჩები. დიდების მწვერვალზე მყოფი იერაპოლისი ხელოსანთა და ფილოსოფოსთა ნავსაყუდელი და დიდი სავაჭრო ცენტრი იყო. ქალაქში 100000 ადამიანი ცხოვრობდა.

იერაპოლისი - ფამუკალე ანუ „ბამბის ციხესიმაგრე“

VII საუკუნეში იერაპოლისი სპარსელებმა აიღეს და გაძარცვეს. ქალაქი მიწისძვრებმაც დაანგრია. შუა საუკუნეებში მისი დიდების მზეც ჩაესვენა და გაუკაცრიელდა. თუმცა მე-20 საუკუნის შუა ხანებში არქეოლოგებმა საუკუნეების მანძილზე დადებული კირქვის ფენებიდან ქალაქის უძველესი სიმდიდრის ამოთხრა დაიწყეს. ამჟამად ის კვლავ პოპულარულია, ანტიკურ ქვის რელიქვიებს შორის შეგიძლია ცხელ წყალში იცურო. იერაპოლისი-ფამუკალე 1988 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია და დღესაც ისევე აღაფრთოვანებს სტუმრებს ბუნებრივი თავისებურებებითა და თერმული წყაროებით, როგორც 2000 წლის წინ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *