ქაცვი: საქართველოს ფლორის იშვიათი სახეობა
ქაცვი (Hippophae rhamnoides L.) საქართველოს ფლორის იშვიათი სახეობაა. გავრცელებულია საქართველოს თითემის ყველა რეგიონში. ბუჩქი ან ხეა, 4-6 მ-მდე სიმაღლისა; დატოტვილი, ლამაზი, გაშლილი ვარჯით, ტოტები მონაცრისფრო, ეკლიანია. ფოთოლი მოგრძო, ლანცეტა ან ხაზური ფორმისაა; მისი ფირფიტა ზემოდან მწვანეა, ქვემოდან – მოვერცხლისფრო. ყვავილები – პატარა ზომისა და მოყვითალო; მამრობითი მტვრიანები მოკლე თავაკებადაა შეკრებილი; მდედრობითი (ბუტკოიანი) ყვავილსაფარი მილისებრია; იგი გარედან რუხი ან თეთრია და ვარსკვლავისებრი ქერქლებით მოფენილი.
ყვავის ივნის-ივლისიდან, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბრიდან. ნაყოფი მეტწილად მონარინჯისფროა – მუქი ყვითელი ან მოწითალო, ოვალურ-მომრგვალო, სურნელოვანი. უშუალოდ განლაგებულია ტოტებზე, აქვს წვნიანი რბილობი. კურკა კვერცხისებრ მოგრძოა, შავი ან მუქი ყავისფერი. მეტწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ხევებში, ქვა-ღორღიან და სილნარ ეკოტოპებზე, ჭალებსა და რიყეებზე; გვხვდება ერთეულების სახით ან მცირე ჯგუფებად მთის შუა სარტყლიდან სუბალპურამდე.
საერთო გავრცელების არეალი: ევროპა, ხმელთაშუა ზღვის მხარე, ამიერ და იმიერკავკასია, შავი ზღვის სანაპიროს ევროპული ნაწილი, მცირე აზია (აღმოსავლეთი ანატოლია, ირანი), ალმოსავლეთი, ცენტრალური და შუა აზია, ციმბირი.
შემცირების მიზეზი: მასობრივი განადგურება, როგორც დეკორატიული, სამკურნალო და საკვები მცენარისა, ჭალის ტყეების ათვისება. დეკორატიულია, ვერცხლისფერი ფოთლებით, განსაკუთრებით – ნაყოფმსხმოიარობის ფაზაში. მკვრივი მერქნის გამო გამოიყენება სადურგლო და სახარატო საქმეში. მცენარე ხასიათდება ფესვთა ძლიერი სისტემით. ამის გამო მას მდინარეების ადიდებისას ნაპირებიდან წყლის გადმოსვლის შესაჩერებლად იყენებენ; ასევე მისგან მზადდება გამძლე და მაგარი ჭიგოები; იყენებენ ცოცხალ ღობედაც.
შესანიშნავია სასელექციოდ – მისგან გამოყვანილია უამრავი მსხვილნაყოფა, სამრეწველო მნიშვნელობის მქონე ჯიში. ქაცვის მომწიფებული ნაყოფი გამოიყენება ხალხურ მედიცინაში კუჭ-ნაწლავის დაავადების, ჰიპერტონიის, სისხლძარღვთა შევიწროების, დიაბეტის, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ; შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ვიტამინებს. წაყინვის შემდეგ მწიფე ნაყოფი მომჟავო-მოტკბოა, იღებს ანანასის სურნელსა და გემოს. შეიცავს A,C, B, B2,E, F, ვიტამინებს, ვაშლის მჟავას, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს.
მწიფე ნაყოფისაგან მიღებულ ზეთს იყენებენ გინეკოლოგიური დაავადებების დროს; ბაქტერიოციდულია ჭრილობებისა და წყლულოვანი, ჩირქოვანი კერებისადმი. ფოთლისა და ქერქისაგან მიიღება ყვითელი საღებავი და მთრიმლავი ნივთიერება. დაცვის მეთოდები: მცენარის უსისტემო შეგროვებაზე კონტროლის გამკაცრება; გავრცელების ადგილების ნაკრძალად და ალკვეთილად გამოყოფა.