ჰუვერის კაშხალი: არტ-დეკოს სტილის არქიტექტურული საოცრება
ჰუვერის კაშხალი არც მეტი, არც ნაკლები, მონუმენტური ნაგებობაა და 6 მლნ ტონას იწონის. მასზე დახარჯული ბეტონით 30 მ2-ის ფართობისა და 4 კილომეტრის სიგრძის კოშკის აგება ან სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე ორმხრივი ტრასის გაყვანა შეიძლებოდა. დასრულებული ჰუვერის კაშხალი თავის დროზე ტექნოლოგიური და არქიტექტურული საოცრება იყო. მანამდე ამხელა კაშხალი ჯერ არავის აეშენებინა და მშენებლობისას ნოვატორული მეთოდები და ხელსაწყოები გამოიყენეს.
ჰუვერის კაშხალი ლას-ვეგასიდან 48 კილომეტრის დაშორებით, არიზონისა და ნევადის საზღვარზე, მდინარე კოლორადოზეა აგებული. მის მიერ წარმოქმნილი, 63 900 ჰექტარი ფართობის ტბა მიდი 180 კილომეტრზეა გადაჭიმული. 1936 წელს, მშენებლობის დასრულებისას, ჰუვერის კაშხალი მსოფლიოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური იყო. მისი 17 ტურბინა ყოველწლიურად 4 მილიარდ კოლოვატ/საათს გამოუმუშავებს ნევადის, არიზონისა და კალიფორნიის შტატებისთვის.
კაშხლის მშენებლობა 1931 წლის 20 აპრილს დაიწყო და მოსალოდნელზე ადრე, 1936 წლის 1 მარტს დასრულდა. მშენებლობის დაწყებამდე ადგილის გასაწმენდი სამუშაობები ჩატარდა. მდინარე კოლორადოს მიმართულება ოთხი გვირაბით შეუცვალეს. კანიონის კედლებს კაშხლის სიმძიმისთვის რომ გაეძლო, თოკებზე დაკიდებულმა კლდეზე მცოცავებმა კლდე გაბურღეს და 1933 წლის 6 ივნისს საძირკველში ბეტონის ჩასხმა დაიწყეს. ბეტონის გასამაგრებლად გამოიყენეს გაგრილების ახლებური, დაჩქარებული მეთოდი – ბეტონის ყოველ მონაკვეთში ვიწრო მილები ჩაატანეს, რომლებშიც ჯერ მდინარის, შემდეგ კი სპეციალურად გაცივებულ წყალს ასხამდნენ. გამყარებული ბეტონის ბლოკები იკუმშებოდა და ახალი ნაპრალები ჩნდებოდა, რომელთაც თავიდან ავსებდნენ. ბეტონის გამყარების პროცესი დღემდე გრძელდება.
კაშხლის მშენებლობა მისი ექსტერიერისთვის არტ-დეკოს სტილის არქიტექტურული დეტალების დამატებით დასრულდა. ექსტერიერის დიზაინზე გორდონ ბ. კაუფმანმა იმუშავა. კაშხალს სულ 21000 ადამიანი აშენებდა. მუშები მათთვის სპეციალურად აშენებულ მუშათა ქალაქში ცხოვრობდნენ და მშენებლობაზე ყოველდღიურად 3500 მათგანი გადიოდა.
1930 წელს გადაწყდა, რომ კაშხლისთვის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის სახელი ეწოდებინათ, რადგან ის ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან, ვაჭრობის მინისტრობის დროიდან, იცავდა ამ პროექტს. თუმცა, 1932 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰუვერი ფრანკლინ დელანო რუზველტმა დაამარცხა და როცა მშენებლობა დასრულდა, რუზველტის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰაროლდ იკსმა, კაშხალს „ბოულდერის კაშხალი“ უწოდა. კაშხალმა პირვანდელი სახელი მხოლოდ 1947 წელს დაიბრუნა.
„ჰუვერის კაშხალი“ ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრშია შეტანილი, 1985 წელს კი მას ეროვნული ღირშესანიშნაობის სტატუსი მიენიჭა.