რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

იმპერატორი მუცუჰიტო – იაპონიის ოქროს ხანა

იმპერატორი მუცუჰიტო - იაპონიის ოქროს ხანა

იმპერატორ კომეის მემკვიდრე – მუცუჰიტო თავისი, დედის სასახლეში, 1852 წლის 3 ნოემბერს დაიბადა.

მისი დაბადების პერიოდიდან, იაპონიაში გარდამტეხი ცვლილებები მიმდინარეობდა. 1853 წელს იაპონიას “ესტუმრა” ამერიკული ესკადრა კომონდორ მეთიუ პერის ხელმძღვანელობით, რომელმაც მოითხოვა სავაჭრო ხელშეკრულების დადება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ომით დაიმუქრა. 1854 წლის 3 მარტს დაიდო პირველი ხელშეკრულება აშშ-სა და იაპონიას შორის და მოსალოდნელი მარცხის შიშით, იაპონია დათანხმდა არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას.

მუცუჰიტომ 7 წლის ასაკიდან დაიწყო განათლების მიღება. იგი წერდა პოემებს, სადაც თავის უბედურებას სჩიოდა. ბავშვობის დიდი ნაწილი მან კიოტოში გაატარა.

1867 წლის იანვარში, იმპერატორი კომეი გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. საიმპერატორო ტახტზე, კიოტოში თებერვალში ჩატარებული მცირე ცერემონიალის შემდეგ, 14 წლის მუცუჰიტო აღმოჩნდა. იმპერატორი ამ დროს, ჯერ კიდევ კლასიკური ხელოვნების შესწავლით იყო დაკავებული და პოლიტიკურ განათლებას არ ფლობდა.

სამურაების ორგანიზაცია “სისი”, კვლავ განაგრძობდა სიოგუნის(სამხედრო-ფეოდალური განმგებელი) თანამდებობის ძალაუფლებასთან ბრძოლას. 1867 წლის ნოემბერში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სიოგუნი ესინობუ იტოვებდა ძალაუფლებას, თუმცა საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა გადასცემოდა ორპალატიან ორგანოს, რომელიც ბრიტანულ მოდელზე იქნებოდა შექმნილი. თუმცა მომდევნო თვეში სიოგუნის მოწინააღმდეგეები შევიდნენ კიოტოში და დაიკავეს იმპერატორის სასახლე, რის შემდეგაც იმპერატორის ხელისუფლება აღდგენილად გამოცხადდა. სიოგუნმა ესინობუმ წინააღმდეგობა გაუწია ამ ფაქტს, თუმცა 1869 წლის მიწურულს, მისი ბოლო მცდელობაც ჩაახშვეს.

მიუხედავად სიოგუნისათვის ძალაუფლების წართმევისა, იმპერატორის ხელისუფლება ჯერ კიდევ სუსტი იყო. 1868 წლის მარტში უცხოეთის ელჩებს პირველად მიეცათ იმპერატორთან შეხვედრის შესაძლებლობა. იმავე წლის აპრილში იმპერატორმა გამოაცხადა ელჩების მისაზიდად, ხუთი პუნქტისაგან შემდგარი ფიცი, რომლითაც იაპონიაში გაუქმდა ფეოდალიზმი და გამოცხადდა დემოკრატიული მმართველობა. ამ პერიოდიდან იაპონიის ისტორიაში, დაიწყო უდიდესი რეფორმების ხანა, რომელიც ცნობილია მეიძის სახელწოდებით(იგი მოიცავდა იმპერატორ მუცუჰიტოს მმართველობის პერიოდს 1868 წლიდან მისი სიცოცხლის ბოლომდე). ამავე 1868 წელს, მან შეუცვალა ქალაქ “ედოს” სახელწოდება და ტოკიო უწოდა, რაც ნიშნავს “აღმოსავლეთის ქალაქს”(რომელიც 1889 წელს იაპონიის დედაქალაქად გამოცხადდა).

ოსაკადან კიოტოში დაბრუნებისას, იმპერატორმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც იმპერატორს უნდა განეგო მთელი სახელმწიფო საქმეები, თავისუფალ დროს კი ლიტერატურით უნდა ყოფილიყო დაკავებული. სახელმწიფო საქმეების შესწავლა მუცუჰიტომ 1871 წელს დაიწყო. დაიმოებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ რევოლუციას, დაიწყეს თავიანთი მიწების იმპერატორისათვის გადაცემა.

1872 წელს იაპონიაში ძველი ოლქებად დაყოფა გაუქმდა და ქვეყანა 72 პრეფექტურად დაიყო. დაიმოებმა დიდი ფულადი ჯილდო მიიღეს. სანაცვლოდ მათგან ითხოვდნენ ტოკიოში საცხოვრებლად გადასვლას. სამურაების ფენამ დაკარგა თავისი პრივილეგიები, სახელმწიფოსაგან ჯამაგირის მიღების უფლება, ბევრი მათგანი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. კლასობრივი განსხვავებები მოისპო, დისკრიმინაცია აიკრძალა. მართალია ქვეყანაში ჩამოყალიბდა პარლამენტი, თუმცა ის არ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას, საბოლოო სიტყვა მაინც იმპერატორს ეკუთვნოდა. ტოკუგავას(სამხედრო-ფეოდალური განმგებელი) ხელისუფლება იმ დაიმოებისა და სამურაების ხელში გადავიდა, რომლებიც რესტავრაციას უჭერდნენ მხარს. იაპონია ოლიგარქიად ჩამოყალიბდა, რომელსაც მართავდნენ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში გავლენიანი ადამიანები.

მუცუჰიტო წინამორბედებისგან განსხვავებით ქვეყანას დიდხანს, 45 წლის მანძილზე მართავდა. იაპონელები ამაყობენ მუცუჰიტოს მმართველობის პერიოდით, რადგან მან და თანხმლებმა ინდუსტრიალიზაციამ, იაპონიას საშუალება მისცა გამხდარიყო მთავარი მოთამაშე წყნარი ოკეანის რეგიონში, ერთი თაობის განმავლობაში. მისი მმართველობის პერიოდში იაპონიის არმიამ შექმნა იაპონიის ისტორიაში პირველი იმპერია, რომელმაც სასტიკი მარცხი აწვნია ჩინეთისა და რუსეთის იმპერიებს და სარგებლობდა დაუმარცხებლის სტატუსით.

თუმცა უცნობია, მხარს უჭერდა თუ არა იგი იაპონია-ჩინეთისა და იაპონია-რუსეთის ომებს, ვინაიდან თავის ლექსებში ჩანს იგი პაციფისტად(მშვიდობისმყოფელად).

მისი ლექსი მოგვიანებით წაიკითხა მისმა შვილიშვილმა, იმპერატორმა შოვამ, იმპერიულ კონფერენციაზე 1941 წლის სექტემბერში, პერლ ჰარბორზე თავდასხმის წინ, რათა ეთქვა, რომ მას სურდა ომის თავიდან აცილება.

იმ პერიოდის სანდო წყაროების არარსებობის გამო, იმპერატორ მუცუჰიტოს პიროვნებისა და როლის ირგვლივ არსებული საიდუმლოებები რჩება ისტორიულ კამათის საკითხად. 1905 წლის სტატიაში – New-York Tribune-ში, რომელიც დაიწერა 1905 წლის 19 მარტს. აღწერილ ტექსტში ნათქვამია:

“იაპონიის გამარჯვებული იმპერატორი – ახალი მსოფლიო ძალის საყვარელი მმართველი. იმპერატორი, რომელიც დაიბადა 1852 წლის 3 ნოემბერს, ტახტზე ავიდა 1867 წლის 3 თებერვალს, შოგუნის დინასტიის ჩახშობის შედეგად, რომელიც თაობების მანძილზე მხოლოდ სახელით ფლობდა ძალაუფლებას. მუცუჰიტო თანამედროვე მონარქებს შორის ყველაზე პრაქტიკული აღმოჩნდა, რადგან ორმოც წელზე ნაკლებ დროში მან თავისი ქვეყანა ნახევრად ბარბაროსობიდან პირველი კლასის ძალაუფლების სტატუსამდე მიიყვანა.”

იმპერატორი მუცუჰიტო 1912 წლის ივლისში, თირკმელების დაავადებით გარდაიცვალა. მისი მმართველობის პერიოდი შეფასებულია იაპონიის ოქროს ხანად.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა