რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

მსოფლიოს 16 ქვეყნის სამეცნიერო გამოცდილებისა და ტექნოლოგიური რესურსების გაერთიანებით შექმნილი საერთაშორისო კოსმოსური სადგური კაცობრიობის მიერ განხორციელებული უდავოდ ყველაზე ამბიციური სამეცნიერო პროექტია. კოსმოსური სადგური დედამიწის ირგვლივ 390 კილომეტრის სიმაღლეზე ბრუნავს. ის ერთგვარი ლაბორატორიაა, რომელშიც ადამიანები კოსმოსს იკვლევენ და ყველაზე დიდი და ხანგრძლივმოქმედი პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრიცაა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის იდეა „ცივი ომის“ პერიოდში გაჩნდა, როცა აშშ და სსრკ ორბიტაზე პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების გაშვებას გეგმავდნენ. აშშ-ში საბიუჯეტო კრიზისისა და ყოფილ საბჭოთა კავშირში პოლიტიკური არეულობის გამო „ფრიდომის“ და „მირის“ პროექტები დაიხურა. თუმცა, 1992 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და პრეზიდენტ ბორის ელცინს შორის უპრეცედენტო შეთანხმება მოხდა – ორივე ქვეყანამ გამოყო საერთო პროექტისთვის ფინანსური სახსრები. ვინაიდან ფინანსური რესურსების უქონლობის გამო კანადისა და იაპონიის კოსმოსის კვლევის პროგრამების განხორციელება ეჭვის ქვეშ იდგა, ევროპულ ქვეყნებთან ერთად ისინიც ჩაერთნენ ამ ახალ წამოწყებაში და პროექტმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.

სადგური მოდულური ნაგებობაა და ყოველ ახალ დეტალს თავის ადგილზე ღია კოსმოსში მომუშავე ასტრონავტები ამაგრებენ. სადგურის მშენებლობა 1998 წლის 20 ნოემბერს დაიწყო, როცა რუსული რაკეტით ჯერ საკონტროლო მოდელი „ზარია“ გაგზავნეს კოსმოსში, ხოლო ორი კვირის შემდეგ – მეორე მოდულიც გაუშვეს. მომდევნო თვეების განმავლობაში სადგურს ახალი მოდულები დაემატა, რომლებიც ორბიტაზე კოსმოსურმა შატლმა „ენდევორმა“ და „დისქავერმა“ აიტანეს. 2000 წლის ივლისში სადგურს რუსული მოდული „ზვეზდა“ შეუერთდა. მასში 2 ნოემბერს პირველი სამკაციანი ეკიპაჟი განთავსდა. მას შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მზის ბატარეები, ორი ლოჯისტიკური მოდული, „რაფაელო“ და „ლეონარდო“, მექანიკური ხელი, ტამბური და კოსმოსური ხომალდების შესაპირაპირებელი ნაკვეთური დაემატა.

სადგური დაახლოებით ამერიკული ფეხბურთის მოედნისხელაა (73X108.5 მ) და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. მაგრამ ვინაიდან ის პლანეტის ირგვლივ საშუალოდ 27743 კმ/სთ სიჩქარით ბრუნავს, (ასტრონომები ერთ დღეში მზის ამოსვლა-ჩასვლას თექვსმეტჯერ ესწრებიან) მისი დანახვა საჭირო ადგილიდან მხოლოდ ხანმოკლე დროით ხერხდება. ამიტომ NASA-მ თავის ვებ-გვერდზე განრიგიც კი გამოაქვეყნა, რათა სადგურის დანახვის მსურველებმა იოლად გაიგონ, მსოფლიოს რომელი ქალაქიდან როდის შეძლებენ სადგურის დანახვას.

სავარაუდოდ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ოპერირება 2030 წლამდე გაგრძელდება. NASA-ს განცხადებით კოსმოსური სადგურის ნარჩენებს 2031 წელს წყნარი ოკეანის შორეულ ნაწილში ჩაძირავს, ადგილში, რომელსაც ნემოს წერტილს უწოდებენ და რომელიც „კოსმოსური ხომალდების სასაფლაოს“ სახელითაა ცნობილი. წერტილი ნემო ახალ ზელანდიასა და ჩილეს შორის მდებარეობს და მისგან უახლოესი ხმელეთი 2687 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *