რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

სტამბოლი: ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება

სტამბოლი - ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება

სტამბოლი სიცოცხლით სავსე ქალაქია, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. სტამბოლს ხანგრძლივი და უაღრესად საინტერესო ისტორია აქვს. არსებობის მანძილზე ის სხვადასხვა იმპერიის დედაქალაქი იყო და ამიტომ მრავალფეროვანი წარსულის კვალი დღემდეა შემორჩენილი მის არქიტექტურაში. ქალაქს უნიკალური, კოსმოპოლიტური იერი აქვს.

არსებობს ისტორიული სამხილები იმისა, რომ სტამბოლის ადგილას ჯერ კიდევ ძვ.წ. 6700 წელს არსებობდა დასახლება, ხოლო ძვ.წ. 667 წელს ევროპისა და აზიის გამყოფ ბოსფორის სრუტეში ბერძენმა კოლონისტებმა ქალაქი ბიზანტიონი დაარსეს. მართალია, ძველი ბერძნების კვალი დღევანდელ სტამბოლში ნაკლებადაა შემორჩენილი, მაგრამ სრუტის პატარა კუნძულზე დღესაც დგას ძვ.წ. 408 წელს ათენელი სარდლის, ალკიბიადეს მიერ აგებული „ქალქულის კოშკი“ (რომელსაც ხანდახან „ლეანდრეს კოშკსაც“ უწოდებენ). კოშკი მას შემდეგ მრავალჯერ აღადგინეს და შეაკეთეს, ის დღემდე მოქმედია.

196 წელს ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს და ლათინურად “ბიზანტიუმი“ უწოდეს. 330 წელს კონსტანტინე დიდმა ის რომის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა და ამჯერად კონსტანტინოპოლი დაარქვა. ამ ფაქტის უკვდავსაყოფად ქალაქის ცენტრში კონსტანტინეს სვეტი აღმართეს. როცა რომის იმპერია ორად – აღმოსავლეთად და დასავლეთად – გაიყო, კონსტანტინოპოლი აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის დედაქალაქად, მის პოლიტიკურ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

ბიზანტიელთა ათასწლოვანი მმართველობის პერიოდში ქალაქში ახალი საოცრებები აშენდა, მათ შორის, აია სოფია (360 წელს), რომელიც იმ პერიოდში მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი (და შემდგომში მეჩეთი) იყო. სამწუხაროდ, კონსტანტინეს სასახლიდან და უზარმაზარი იპოდრომიდან ბევრი არაფერი შემორჩენილა, თუმცა, ქალაქში მრავალგან შეხვდებით ბიზანტიურ რელიკვიებს.

1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალო თურქების მფლობელობაში გადავიდა და მშენებლობების ახალი ერა დაიწყო. ოსმალოებმა სულთნისთვის ნატიფად მოჩუქურთმებული თოფქაფის სასახლე და მრავალი მეჩეთი (მათ შორის, დანგრეული წმინდა მოციქულთა ბიზანტიური ეკლესიის ადგილას აშენებული ფათიჰის მეჩეთი და კოხტაგუმბათიანი ლურჯი მეჩეთი) ააშენეს, რომლებიც დღეს ქალაქის ღირშესანიშნაობებად ითვლება.

1923 წელს თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა და მისი დედაქალაქი სტამბოლის (რომელსაც ეს სახელი 1930 წელს ოფიციალურად დაერქვა) ნაცვლად ანკარა გახდა. ამ პერიოდში სტამბოლში მრავალი ისტორიული შენობა დაანგრიეს ახალი ბულვარებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. თუმცა, დღემდე შემორჩენილი საუცხოო ნაგებობები ქალაქის დიად წარსულზე მეტყველებს. 1985 წელს ქალაქის სიტორიული რაიონები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს, ხოლო 2010 წელს მთლიანად სტამბოლი, პეჩსა და ესენთან ერთად, ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.

სტამბოლი - აია სოფიას ტაძარი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *