რას ეძებ?

საინტერესო სხვა

იტაიპუს კაშხალი: თანამედროვე არქიტექტურული საოცრება

იტაიპუს კაშხალი: თანამედროვე არქიტექტურული საოცრება

იტაიპუს კაშხალი ათ ატომურ ელექტროსადგურზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჩინური სანსიას („სამი ხეობა“) შემდეგ ის ის სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგურია მსოფლიოში და სამშენებლო ინჟინერიის ამერიკული ასოციაციის მიერ თანამედროვე შვიდ საოცრებეთაგან ერთ-ერთადაა აღიარებული.

ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე, მდინარე პარანაზე იტაიპუს კაშხლის აგება ორი ქვეყნის შეთანხმების შედეგად გადაწყდა. 1966 წლის 22 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომ მდინარის ელექტროპოტენციალი თანაბრად გაენაწილებინათ. კაშხალი 1975-1982 წლებში აშენდა (თუმცა, ბოლო ორი ჰიდროგენერატორი მხოლოდ 1991 წელს ჩაირთო) და უდიდეს და უძვირეს სამშენებლო პროექტად მიიჩნევა, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.

სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, მიმდებარე ტერიტორიებიდან 10000 ოჯახი გადაასახლეს, რათა 170 კილომეტრის სიგრძის ტბისთვის გაეთავისუფლებინათ ადგილი, რომელიც კაშხლის აშენების შედეგად წარმოიქმნებოდა. ამოთხარეს 45 მილიონი ტონა მიწა და ქვა; კაშხლის ასაშენებლად გამოიყენეს იმდენი ფოლადი და რკინა, რომ 380 ეიფელის კოშკს ეყოფოდა, ხოლო ბეტონი 15 ლა-მანშის გვირაბს ააგებდა. ჯამში, კაშხლის მშენებლობაზე თითქმის 40000 ადამიანი მუშაობდა და 27 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.

დასრულებული ნაგებობა 7,76 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი სიმაღლე 196 მეტრია და 26 მილიარდ ტონა წყალს აკავებს. კაშხალი ოთხი ნაწილისაგან შედგება: მიწაყრილი კაშხლისგან, ქვაყრილი კაშხლისგან, ბეტონის მთავარი დამბისა და ბეტონის კაშხლისგან. 20 გენერატორიდან (მათ შორის, ტურბინაც) 18 გამუდმებით ჩართულია და ყოველწლიურად 75 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს პარაგვაის ენერგომოთხოვნილების 78 პროცენტსა და ბრაზილიის ენერგომოთხოვნილების 25 პროცენტს აკმაყოფილებს. ნავთობელექტრო სადგურს დღეში 536000 ბარელი ნავთობი დასჭირდებოდა ამ მოცულობის ენერგიის გამოსამუშავებლად.

შესაძლოა იტაიპუს კაშხალი არტ-დეკოს სტილის ჰუვერის კაშხალივით მიმზიდველი არ არის, მაგრამ უდავოდ კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია და ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის ნიმუშს წარმოადგენს. მის დასათვალიერებლად მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი ჩადის, ამერიკელმა კომპოზიტორმა ფილიპ გლასმა მას სიმღერაც კი მიუძღვნა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა