რას ეძებ?

რელიგია ფილოსოფია

იულიუს ევოლა: „წმინდა ომი“

იულიუს ევოლა: „წმინდა ომი“ - ჯვაროსნები

ქრისტიანული რწმენა – და მასთან დაკავშირებული და მასზე დამოკიდებული იმპერატივები რელიგიური ბრძოლებისა, რომლებიც მიმართული იყო ურწმუნოთა წინააღმდეგ და „ტაძრის“ და „წმინდა მიწის“ განთავისუფლებისაკენ – გახლდათ მხოლოდ საშუალება იმისათვის, რომ ეს გმირული სული გამოვლენილიყო, დადასტურებულიყო, და სისრულეში მოეყვანა ასკეზის სახე (რაც როდია „ჩაფიქრების“ ასკეზა, არამედ ასკეზა – არანაკლებ მდიდარი თავისი სულიერი ნაყოფებით).

რაინდთა უმეტესობას, ვინც თავიანთი ენერგია და სისხლი „წმინდა ომისათვის“ გაიღო, მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა თუ ჰქონდა თეოლოგიურ ცოდნაზე – იმ მოძღვრებას რომ ეხებოდა, რომლისათვისაც იბრძოდნენ.

თუმცაღა, ჯვაროსნულ ლაშქრობათა კულტურული კონტექსტი შეიცავდა ელემენტთა მთელ სიუხვეს, რომელსაც ამ ლაშქრობებისათვის შეეძლო, მიენიჭებინა უმაღლესი, სულიერად სიმბოლური მნიშვნელობა. ტრანსცენდენტური მითები ქვეცნობიერად ამოტივტივდა დასავლეთის რაინდულ სულში: „წმინდა მიწის“ დაპყრობა („ზღვის მიღმა“ რომ მდებარეობს) გაცილებით უფრო მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული, ვიდრე ამას მრავალი ხალხი წარმოიდგენდა თავისი ანტიკური თქმულებებით, რომლის მიხედვითაც შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც მზე ამოდის, გადაჭიმულია წმინდა ქალაქი, სადაც არ არსებობს სიკვდილი, და იღბლიანი გმირები – ვინც იქამდე მიაღწიეს – დატკბებიან ზეციური სიმშვიდითა და მარადიული სიცოცხლით.

მეტიც, ისლამის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი არსითა და საწყისებით ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა ასკეტური შემოწმებისა და გამოცდის საკითხში. „ეს არ ყოფილა უბრალოდ ბრძოლა ამქვეყნიურ სამეფოთა მოსაპოვებლად, არამედ ეს იყო ბრძოლა ზეციური სამეფოსათვის: ჯვაროსნული მსვლელობები არ ყოფილა ადამიანთა საქმე, არამედ, უფრო მეტად, ღმერთისა – ამიტომაც, მათზე არ უნდა ვიმსჯელოთ იმგვარად, როგორადაც სხვა ადამიანური ისტორიული მოვლენების შესახებ ვმსჯელობთ“, – წერს ჯვაროსნულ ლაშქრობათა ცნობილი ისტორიკოსი, კუგლერი.

ძველ მემატიანეზე დაყრდნობით, წმინდა ომი უნდა შევადაროთ „ცეცხლოვანი განსაწმენდელის აბანოს, თუმცა აბანოს – სიკვდილამდე“. ვინც ჯვაროსნულ ომში დაიღუპა, პაპები და მღვდლები მათ სიმბოლურად ადარებენ „ოქროს, სამჯერ რომ გამოიწრთო და შვიდჯერ რომ დაიყურსა ცეცხლში“, რაც იმდენად მძიმე განსაცდელია და ძლიერი განმწმენდელი, რომ იგი გზას ხსნის უმაღლესი მეუფისაკენ.

წმ. ბერნარი წერდა: „არასოდეს დაივიწყო ეს წინასწარუწყება – გინდ ვიცოცხლოთ, გინდ მოვკვდეთ, ჩვენ ვეკუთვნით მეუფეს. დიდებულია, არასდროს მიატოვო ბრძოლა, დაფნის გვირგვინებით რომ დაიფარება. თუმცა თავად იგია კიდევ უფრო დიდებული, რომ ბრძოლის ველზე მოიპოვო უკვდავების გვირგვინი… ჰოი, იღბლიანი გარემოება, რომელშიც სიკვდილს შიშის გარეშე მიეახლები, მოთმინებით ელოდები და მშვიდი გულით უდრტვინველად იღებ“. ჯვაროსანს ჰპირდებოდნენ, რომ იგი აბსოლუტურ დიდებას მიაღწევდა და განსვენებას ჰპოვებდა სამოთხეში (conquerre lit en paradis). უნდა ითქვას, რომ იგი მიაღწევდა ზე-სიცოცხლეს, ყოფიერების ზებუნებრივ მდგომარეობას, რაღაც ისეთს, რაც რელიგიური მოცემულობის მიღმაა. ამ გადმოსახედიდან, იერუსალიმი – დაპყრობის დასახარბებელი სამიზნე – გამოჩნდა ორნაირ ასპექტში: როგორც მიწიერი და, ასევე, როგორც სიმბოლური, ზეციური და არახელშესახები ქალაქი… და ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შეიძინა შინაგანი ღირებულება, რომელიც დამოუკიდებელია ყოველივე გარეშე დამცავი შრისაგან, გარე მხარდაჭერისა და გარეგნული მოტივებისაგან.

გარდა ამისა, ჯვაროსნული მსვლელობისას ხალხითა და მუშახელით მომარაგებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით რაინდთა ორდენებს – როგორიცაა ტამპლიერები და წმ. იოანეს რაინდთა ორდენი, რომლებიც შემდგარი იყო იმგვარი ადამიანებისაგან, ვინც ქრისტიანი ასკეტებისა და ბერების მსგავსად მოიძულა ამქვეყნიური ამაოება; მეომრებმა – რომელთაც მოსწყინდათ ეს სამყარო და რომელთაც ყველაფერი ნახეს და ყველაფრით დატკბნენ – ამგვარ ორდენებს მიაშურეს და, შესაბამისად, მოამზადეს თავიანთი თავები სრული საბრძოლო მოქმედებებისათვის, რომლებიც თავისუფალია ყოველგვარი ჩვეულებრივი და წუთიერი ყოფითი ინტერესებისაგან, და, ამასთან, პოლიტიკური ცხოვრების (ამ ცნების ვიწრო გაგებით) მისწრაფებებისაგან. ურბან VIII-მ მიმართა და გამოუძახა რაინდობას, როგორც ზე-ნაციონალურ საზოგადოებას, რომელიც „მზად იყო, ნებისმიერ ადგილას ეწარმოებინა ომი, სადაც არ უნდა ეფეთქა მას, და ამ ომში დაეთესა შიში თავისი იარაღით ღირსებისა და სამართლიანობის დასაცავად“. ეპოქის მწერალთაგან ერთ-ერთის თანახმად, „წმინდა ომით“ მათ კიდევ უფრო მომზადებულად უნდა უპასუხონ ხსენებულ მოხმობასა და ძახილს, ვინაიდან მათი ჯილდო როდია მიწიერი გასამრჯელო – ყოველთვის წარმავალი და გაურკვეველი – არამედ ეს გახლავთ „ზეციური საზღაური“.

უფრო მეტიც – იმ დროის ზოგადი იდეოლოგიისათვის ყველაზე ფართო აზრით, ჯვაროსნულ ლაშქრობათა მიმდინარეობა წინ გაუძღვა ინიციატორულ-წინამძღოლური სულის განწმენდასა და გათავისებას. მოცემული შეხედულების თანახმად, რომლის მიხედვითაც „ჭეშმარიტი რწმენისათვის“ ომს ძლევამოსილი შედეგი მოაქვს, პირველი სამხედრო მარცხები, ჯვაროსნებმა რომ განიცადეს, გახლდათ სიურპრიზისა და მღელვარების წყარო; მაგრამ, საბოლოოდ, მათ მოახერხეს, სინათლეზე გამოეფინათ „წმინდა ომის“ უმაღლესი ასპეექტი. რომის კლერიკებმა ჯვაროსნული ომის ბედშავი ბედისწერა შეადარეს უბედობას სათნოებისას, რომელიც მარტოოდენ საიქიო ცხოვრებაშია შეწყნარებული. მაგრამ ამ მიდგომით, ჯვაროსნები ძალზე ახლოს იდგნენ იმ მოცემულობასთან, რომ რაღაც აღმატებული ეცნოთ როგორც გამარჯვებად, ისევე დამარცხებად, და გმირული მოქმედების განმასხვავებელი ასპექტისათვის უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭებინათ, იმგვარი გმირული მოქმედებისა, რომელიც ნებისმიერი ხილული თუ მატერიალური ნაყოფებისაგან დამოუკიდებლად აღესრულება – თითქმის როგორც ძღვენი, რომელიც ყოველივე ადამიანური ნაწილის ვაჟკაცური მსხვერპლშეწირვით „აბსოლუტურ გამარჯვებას“ უკვდავჰყოფს.

© იულიუს ევოლა / ომის მეტაფიზიკა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა