რას ეძებ?

მეცნიერება საზოგადოება სხვა

ჟან-პოლ სარტრი – ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია

ჟან-პოლ სარტრი – ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია - საუბრები ფილოსოფიაზე - jean-paul sartre

სიტყვას „ჰუმანიზმი“ ორი სრულიად განსხვავებული აზრი აქვს. ჰუმანიზმის ქვეშ შეგვიძლია გავიგოთ თეორია, რომელიც განიხილავს ადამიანს, როგორც მიზანსა და უზენაეს ღირებულებას.

მსგავსი ჰუმანიზმი აქვს კოქტოს, მაგალითად, მოთხრობაში „80 საათი დედამიწის გარშემო“, სადაც ერთ-ერთი გმირი თვითმფრინავით მთებზე გადაფრენისას წამოიძახებს: „ადამიანი გასაოცარი არსებაა!“ ეს ნიშნავს, რომ პირადად მე, ვისაც არ მიმიღია მონაწილეობა თვითმფრინავების გამოგონებაში, შემიძლია ვისარგებლო ამ გამოგონებათა ნაყოფით, და რომ მე – როგორც ადამიანს – შემიძლია საკუთარ თავს მივაწერო პატივი და ვიკისრო პასუხისმგებლობა სხვათა მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის.

ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანი შევაფასოთ ზოგი ინდივიდის განსაკუთრებულ გამორჩეულ ქმედებათა მიხედვით. ასეთი ჰუმანიზმი აბსურდულია, რადგან მხოლოდ ძაღლს ან ცხენს შეუძლია ზოგადი დახასიათება მისცეს ადამიანს და განაცხადოს, რომ ის გასაოცარია, რის გაკეთებას ისინი სრულებით არ აპირებენ, სულ ცოტა, რამდენადაც ეს ჩემთვისაა ცნობილი. მაგრამ არ შეიძლება ვაღიაროთ, რომ ადამიანს ადამიანი განსჯიდეს.

ეგზისტენციალიზმი ათავისუფლებს მას მსგავსი სახის მსჯელობისგან. ეგზისტენციალისტი არასოდეს განიხილავს ადამიანს, როგორც მიზანს, რადგან ადამიანი ყოველთვის დაუსრულებულია. ჩვენ კი არ ვართ ვალდებულები ვიფიქროთ, რომ არსებობს რაღაც კაცობრიობა, რომლის წინაშე მუხლი უნდა მოვიდრიკოთ ოგიუსტ კონტის სტილში. კაცობრიობის კულტს მივყავართ კონტის ჩაკეტილ ჰუმანიზმთან და – საჭიროა ამის თქმა – ფაშიზმთან. ასეთი ჰუმანიზმი არ გვჭირდება.

მაგრამ ჰუმანიზმის გაგება სხვა აზრითაც შეიძლება. ადამიანი გამუდმებით საკუთარ თავს გარეთ იმყოფება. სწორედ საკუთარი თავის პროექტირებისა და დაკარგვისას არსებობს ის, როგორც ადამიანი. მეორეს მხრივ, მას შეუძლია იარსებოს, თუ ტრანსცენდენტული მიზნისკენ ისწრაფვის. წარმოადგენს რა საზღვრებს გარეთ გასვლას, იხელთებს რა ობიექტებს საკუთარი თავის გადალახვასთან კავშირში, ის იმყოფება შუაგულში, ცენტრში საკუთარი საზღვრების გადალახვისა. არ არსებობს სხვა სამყარო, გარდა ადამიანის სამყაროსი, გარდა ადამიანური სუბიექტურობის სამყაროსი.

ადამიანის მაკონსტიტუირებელი ტრანცენდენტულობისა (არა იმ აზრით, როგორითაც ღმერთია ტრანსცენდენტური, არამედ საკუთარ საზღვრებს მიღმა გასვლის აზრით) და სუბიექტურობის ასეთი კავშირი – იმ აზრით, რომ ადამიანი არასოდესაა ჩაკეტილი საკუთარ თავში, არამედ ყოველთვის მყოფობს ადამიანურ სამყაროში – არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ეგზისტენციალისტურ ჰუმანიზმს ვუწოდებთ.

ეს ჰუმანიზმია, რადგან ჩვენ მოვაგონებთ ადამიანს, რომ არ არსებობს სხვა კანონმდებელი, გარდა თვით მისი, გადაგდებულობაში გადაწყვეტს იგი თავის ბედს; ვინაიდან ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საკუთარი თავის ადამიანურად რეალიზება ადამიანს შეუძლია არა საკუთარ თავში ჩაძირვის, არამედ მიზნის ძიების გზით გარეთ, მიზანი კი შეიძლება იყოს გათავისუფლება ან რაიმე სახის კონკრეტული თვითგანხორციელება

ჟან-პოლ სარტრი – ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია - საუბრები ფილოსოფიაზე - jean-paul sartre

© ჟან-პოლ სარტრი / ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია / საუბრები ფილოსოფიაზე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *