ნაციონალიზმი / ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

შეკითხვა: რა მოდის ნაციონალიზმის წასვლის შემდეგ?
კრიშნამურტი: რა თქმა უნდა, გონიერება. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არ არის ის, რასაც შეკითხვა გულისხმობდა. ის გულისხმობდა რითი შეიძლება შეიცვალოს ნაციონალიზმი. ნებისმიერი შეცვლა, ეს არის მოქმედება, რომელსაც გონიერება არ მოაქვს. თუ მე უარს ვიტყვი ერთ რელიგიაზე და მეორე რელიგიის ადეპტი გავხდები, ან ერთი პოლიტიკური პარტიიდან გამოვალ და მეორეში შევალ, ეს მუდმივი ცვლილება მიუთითებს მდგომარეობაზე, რომელშიც გონიერება არ არის.
როგორ მოგვშორდება ნაციონალიზმი? მხოლოდ მაშინ, თუ მას ბოლომდე გავიგებ, შევისწავლი, გავაცნობიერებ მის როლს შინაგან და გარეგნულ ქცევებში. გარეთ მას მოაქვს დაყოფა ადამიანებს შორის, კლასიფიკაციები, ომები და ნგრევა და ეს ნათელია ყველა დაკვირვებული ადამიანისათვის. შინაგანად, ფსიქოლოგიურად, ეს არის საკუთარი „მე“-ს გაიგივება რაღაც დიდთან – ქვეყანასთან, იდეასთან – რაც, უდავოდ, საკუთარი „მე“-ს გაფართოების ფორმას წარმოადგენს. თუ მე ვცხოვრობ პატარა სოფელში ან დიდ ქალაქში, ან სადაც არ უნდა იყოს, მე არავინ არ ვარ. მაგრამ თუ მე საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ რაღაც დიდთან, ქვეყანასთან, თუ მე საკუთარ თავს ინდუსს ვუწოდებ, ეს ჩემს პატივმოყვარეობას სასიამოვნოდ ელამუნება, მე ვკმაყოფილდები, მიჩნდება კეთილდღეობის შეგრძნება, უფრო პრესტიჟული ვხდები. და ეს იდენტიფიკაცია რაღაც დიდთან, ეს ფსიქოლოგიური მოთხოვნილება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ საკუთარი თავის გაფართოება მნიშვნელოვანია, ასევე ქმნის კონფლიქტს, ბრძოლას ადამიანებს შორის. ამდენად, ნაციონალიზმი არა მხოლოდ გარე კონფლიქტებს შობს, არამედ შინაგანად იმედგაცრუებას იწვევს. როცა ადამიანს ესმის ნაციონალიზმის არსი, ნაციონალიზმის მთელი ეს პროცესი, მაშინ ნაციონალიზმი აღარ არის.
ნაციონალიზმის გაგება მოდის გონიერებით, ყურადღებით დაკვირვებით, ნაციონალიზმის, პატროტიზმის მთელი პროცესის შესწავლით. ამ წვდომის შედეგად მოდის გონიერება და მაშინ ნაციონალიზმის ადგილას არავითარი შემცვლელი არ ჩნდება. როგორც კი ნაციონალიზმს რელიგიით შევცვლით, რელიგია ხდება საკუთარი „მე“-ს გაფართოების ახალი საშუალება, ფსიქოლოგიური შფოთვის ახალი წყარო, საკუთარი „მე“-ს რწმენით გამოკვების საშუალება. ამდენად, შეცვლის ყველა ფორმა, მათ შორის ყველაზე კეთილშობილიც კი, უმეცრების ფორმაა. შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი ადამიანისა, რომელიც ცდილობს სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს საღეჭი რეზინის, ბეტელის კაკლის თუ სხვა რაღაცის საშუალებით. თუ ადამიანს მართლა ესმის სიგარეტის მოწევის პრობლემა, ჩვევები, შეგრძნებები, ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები და მსგავსი რამეები, მოწევა თავისთავად წყდება. გაგება კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ხდება გონების განვითარება, როცა გონება ფუნქციონირებს. მაგრამ გონება არ ფუნქციონირებს, როცა ხდება შეცვლა. შეცვლა, ეს მხოლოდ საკუთარი თავის მოქრთამვის ფორმაა იმისთვის გამიზნული, რომ დაარწმუნო საკუთარი თავი არ გააკეთო ეს და გააკეთო ის.
ნაციონალიზმი მთელი თავისი შხამით, თავისი უბედურებებით და მსოფლიო ომებით შეიძლება გაქრეს მხოლოდ მაშინ, როცა არის გონიერება და გონიერება არ მოდის მხოლოდ გამოცდების ჩაბარებით და წიგნებთან მუშაობით. გონიერება ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ გვესმის პრობლემა მის გაჩენასთან ერთად. როცა გვესმის პრობლემა მის სხვადასხვა დონეზე, არა მხოლოდ გარედან, არამედ შინაგანად, მისი ფსიქოლოგიური სარჩული. და მაშინ ამ პროცესში ჩნდება გონიერება. ამიტომ, როცა არის გონიერება, არ არის არავითარი შეცვლა. და როცა არის გონიერება, მაშინ ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი და მსგავსი სისულელეების ეს ფორმები ქრება.
ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება / ნაციონალიზმი