ჯონ ტოლკინი – „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“
ჯონ ტოლკინი (John Ronald Reuel Tolkien) ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორი, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ბლუმფონტეინში, წარმოშობით ინგლისელი ბანკირის ართურ ტოლკინისა და მეიბლ საფილდის ოჯახში დაიბადა (1892). სამი წლის იყო, როცა დედასა და ძმასთან ერთად ინგლისში დაბრუნდა. ბირმინგემში დაბინავდნენ. მალე მათ ოჯახის უფროსის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს.
მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, დედამ მტკიცედ გადაწყვიტა, შვილებისთვის კარგი ჰუმანიტარული განათლება მიეცა. მეიბლი თავადვე ასწავლიდა რონალდს ლათინურ, ფრანგულ, გერმანულ და ბერძნულ ენებს, აგრეთვე – ხატვასა და ბოტანიკას, ხოლო 7 წლიდან რონალდი სკოლაში მიაბარა. ბიჭმა იმთავითვე დიდ წარმატებას მიაღწია. რამდენიმე წლის განმავლობაში აითვისა: ანგლოსაქსური, გოთური (გერმანიკული ენების ჯგუფი; ცნობილია უმეტესად, IV-VI საუკუნეების ძეგლებით, არსებობა შეწყვიტა IX საუკუნეში), ესპანური, ძველისლანდიური და ფინური ენები, თავისუფლად კითხულობდა შუა საუკუნეებში დაწერილ ინგლისურ პოემებს, ფინურ ეპოსს, უძღვებოდა სასკოლო დისკუსიებს გოთურ ენაზე.
მკვდარი ენები ყმაწვილი ტოლკინის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახლდათ. ამასთანავე, გატაცებით სწავლობდა მითოლოგიას, ეპოსსა და თქმულებებს. ენების ათვისებასთან ერთად, ახალ გამოთქმებსაც იგონებდა, რომლებიც შეიძლებოდა, მასზე მოლაპარაკე ადამიანებს გამოსდგომოდა, ხოლო შემდგომ ახალი ენების შექმნასაც მიჰყო ხელი და ამ ენებზე ლექსების წერაც დაიწყო.
1911 წ. ტოლკინი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1913-ში დიდი ხნის ოცნება აისრულა – სრულწლოვანი გახდა და სიყმაწვილიდან საყვარელ ედიტ ბრეტზე დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. სანგარში ტოლკინი ტიფით დაავადდა და ბოდვისას, ყველასთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. ეს ელფების ენა აღმოჩნდა, რომლის შექმნა-დახვენაზე მუშაობაც ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო. დაიწყო ,,დაკარგულ თქმულებათა წიგნის” წერა, რომელზეც ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მუშაობდა და მისი სიკვდილის შემდეგ, ,,სილმარილიონის” სახელით, მისმა შვილმა გამოსცა.
ომის შემდგომ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა და 1925 წლიდან გარდაცვალებამდე მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.
იქვე მწერალმა თავის მეგობარ კლაივ ლიუისთან ერთად დააფუძნა კლუბი ,,ინკლინგები”, რომელშიც ორივე თავიანთ გამოუქვეყნებელ ნაშრომებს კითხულობდა. სწორედ ამ კლუბის წევრებს ხვდათ წილად, ავტორისგან მისი ტრილოგიის – ,,ბეჭდების მბრძანებლის” თავების პირველად მოსმენა.
1937 ნ. გამოიცა რომანი ,,ჰობიტი”, რომელიც ტოლკინმა შვილებისთვის (იმ დროისთვის სამი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდა) შეთხზული მოთხრობის მოტივებზე დაწერა. წიგნს წარმატება ხვდა და ავტორს მისი გაგრძელების დაწერა შესთავაზეს. მაგრამ მთელი სამყაროს შექმნას ძალზე ბევრი დრო სჭირდება, მწერალი კი მეტისმეტად დატვირთული იყო, ლექციებს კითხულობდა, სამწერლო საქმიანობისთვის ნაკლებად ეცალა და წიგნებზე უმეტესად ღამღამობით მუშაობდა.
ეპოპეას ,, ბეჭდების მბრძანებლის” შესახებ ცხოვრების 17 წელი შეალია. ტრილოგიის პირველი ორი ტომი 1954 წ. გამოვიდა, მესამე – 1955-ში. იმ დროიდან მოყოლებული, შუახმელეთის სამყარომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი 1973 ნ. გარდაიცვალა. ცხოვრების დამლევისთვის საყოველთაო აღიარების გემოც შეიგრძნო, თუმცა, მისი შემოქმედების გარშემო აჟიოტაჟი მხოლოდ მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ატყდა.