რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა საზოგადოება სხვა

ჯონ სტიუარტ მილი / მოკლე ბიოგრაფია

ჯონ სტიუარტ მილი / მოკლე ბიოგრაფია

ჯონ სტიუარტ მილი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინგლისელი მოაზროვნეა. ის 1806 წელს ლონდონში დაიბადა. მისი მამა თავადაც ინტელექტუალი იყო და შვილს ჩვეულებრივისგან რადიკალურად განსხვავებული აღზრდა-განათლება მისცა. ჯონ სტიუარტ მილს არც სკოლაშ უვლია და არც – უნივერსიტეტში. სამი წლის ასაკში ის უკვე ძველ ბერძნულ ენასა და არითმეტიკას ეუფლებოდა; მალე ისტორიული წიგნების კითხვაც დაიწყო. რვა წლის ასაკში ის ლათინური ენის შესწავლას შეუდგა, 12 წლის ასაკში კი – ლოგიკისა. მაგრამ, როგორც მილი მოგვიანებით თავადვე წერდა, მის აღზრდას მნიშვნელოვანი ელემენტები აკლდა: ჯერ ერთი, რელიგია (რისთვისაც ის მადლობელი იყო); მეორეც, ემოციების, გრძნობების ნაკლებობა ძალიან ინტენსიური ინტელექტუალური წვრთნის ფონზე, რომელიც მავნებელი აღმოჩნდა ახალგაზრდა მილისთვის – ოცი წლის ასაკში მან სერიოზული პიროვნული კრიზისი განვლო, რომლის გადალახვისთვისაც მისი აღზრდა-განათლების შეზღუდულობის გაცნობიერებაც აღმოჩნდა საჭირო.

18 წლის ასაკში მილმა ბრიტანეთის კოლონიურ ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა, სადაც 35 წელი დაჰყო. 1865 წელს ის ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გახდა. 1830 წელს ის ხვდება ჰარიეტ ტეილორს, რომელმაც მის ცხოვრებასა და აზროვნებაზე ღრმა გავლენა მოახდინა და რომელზეც ის მოგვიანებით დაქორწინდა. წიგნი „თავისუფლების შესახებ“ სწორედ ჰარიეტის ხსოვნას ეძღვნება. ჰარიეტს უმადლოდა მილი ბევრ იდეას, მათ შორის, იდეას ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომელიც გადმოცემულია ნაშრომში „ქალთა დაქვემდებარება“ (1869).

მილის მნიშვნელოვანი ნაშრომების რიცხვს მიეკუთვნება „ლოგი კის სისტემა“ (1843) და „პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები“. ორივე მათგანი უაღრესად გავლენიანი წიგნი იყო მე-19 საუკუნის განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი ლოგიკისა და ეკონომიკის პერსპექტივიდან მათ მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობაღა შერჩათ. ამის საპირისპიროდ, 1859 გამოქვეყნებული „თავისუფლების შესახებ“ დღემდე ითვლება ლიბერალიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადმოცემად და, ზოგადად, პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ კლასიკურ წიგნად, რომელსაც ინტენსიურად სწავლობენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ თანამედროვე პრობლემების გასაგებად და გადასაჭრელად.

წიგნში „თავისუფლების შესახებ“ გადმოცემული მთავარი იდეა მოკლედ ასე შეიძლება შევაჯამოთ: ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს ინდივიდის თავისუფლებას, არ არის ლეგიტიმური. ასეთ საზოგადოებაში ძალაუფლების გამოყენებას გამართლება არ აქვს. ეს ლიბერალიზმის ფილოსოფიის საფუძვლად მდებარე იდეაა, რადგან მისთვის განმსაზღვრელი თავისუფლების იდეაა (და, არა, მაგალითად, თანასწორობის, საყოველთაო ბედნიერების და ა. შ.). რასაკვირველია, ეს იდეა იმას არ ნიშნავს, რომ ინდივიდის თავისუფლებას საზღვრები არ აქვს – მისი საზღვრები სხვა ინდივიდების ზიანზე გადის. მილი აქ ძალზე რადიკალურია: ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის ზიანს აყენებს სხვა ინდივიდების თავისუფლებას. ყველა სხვა შემთხვევაში ძალაუფლება და ხელისუფლება არალეგიტიმურია.

ჯონ სტიუარტ მილი 1873 წელს გარდაიცვალა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა