ჯონ სტიუარტ მილი / თავისუფლების შესახებ
მე ვაღიარებ, რომ კაცობრიობის ზნეობრივი აღორძინებისათვის, აუცილებელია, რომ ქრისტიანულ ზნეობასთან ერთად არსებობდეს სხვა ზნეობრივი სისტემებიც, რომელთა წყაროც იქნებოდა არა მხოლოდ ქრისტიანული დოქტრინა, რამდენადაც ადამიანის გონების არასრულყოფილი მდგომარეობისას, თვით ჭეშმარიტების ინტერესები მოითხოვს სხვადასხვა აზრის არსებობას.
ცოდნა იმ ზნეობრივი ჭეშმარიტებებისა, რომლებიც ქრისტიანობაში არ არის, სულაც არ გულისხმობს იმ ჭეშმარიტებების უარყოფას, რომლებიც ქრისტიანობაშია და თუ ასე ხდება კიდეც, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა, ან შეცდომა და ყოველ შემთხვევაში, ბოროტებაა, მაგრამ ასეთი სახის ბოროტება, რომლისგანაც ჩვენ არ შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ოდესმე სრულიად დაზღვეული ვიქნებით და ამიტომ მას უნდა ვუყუროთ როგორც საფასურს, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ ფასდაუდებელი სიკეთე ვიყიდოთ.
უნდა ვისურვოთ, რომ ჭეშმარიტების ერთი ნაწილის პრეტენზია მთელ ჭეშმარიტებაზე პროტესტს იწვევდეს და თუ, ამასთან ერთად, პროტესტის მონაწილეები თავის მხრივ უკიდურესობაში ცვივდებიან და მოითხოვენ ჭეშმარიტების თავიანთი ნაწილი მთელი ჭეშმარიტების ადგილზე დააყენონ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დასანანია და, რა თქმა უნდა, ამან ასევე პროტესტი უნდა გამოიწვიოს საკუთარი თავის წინააღმდეგ, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ასატანი უნდა იყოს.
თუ ქრისტიანებს სურთ ასწავლონ ურწმუნოებს სამართლიანი იყვნენ ქრისტიანობისადმი, მაშინ თვითონაც უნდა იყვნენ სამართლიანები ურწმუნოების მიმართ. ჭეშმარიტება ოდნავაც ვერაფერს მოიგებს იმით, თუ თვალს დავხუჭავთ იმ ფაქტზე, რაც ცნობილია ყველასთვის, ვინც კი ლიტერატურის ისტორიას იცნობს, რომ დიდი ნაწილი ყველაზე მაღალი, ყველაზე სუფთა ზნეობრივი მოძღვრებებისა ისეთმა ადამიანებმა ასწავლეს კაცობრიობას, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა არის ქრისტიანული რწმენა ან მის მოწინააღმდეგეებადაც კი ითვლებოდნენ.