ჯონ სტიუარტ მილი / თავისუფლების შესახებ / ამონარიდი
ადამიანები ცხვრები არ არიან და ცხვრებიც კი იმდენად არ ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ შორის განსხვავება საერთოდ არ იყოს.
იმისათვის, რომ ჰქონდეს კაბა თუ ჩექმები, რომელიც კარგად მოერგება, ადამიანმა ის თავისი ზომის შესაბამისად უნდა შეუკვეთოს, ან მაღაზიაში აირჩიოს. ნუთუ უფრო ადვილია უზრუნველყო ადამიანი მისთვის საჭირო ცხოვრებით, ვიდრე მისთვის საჭირო ტანსაცმლით? ნუთუ ადამიანები ფიზიკურად და ზნეობრივი თვალსაზრისით უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე თავიანთი ფეხების ფორმით? ადამიანებს შორის სხვა არავითარი განსხვავებაც რომ არ იყოს, გარდა გემოვნებებს შორის განსხვავებისა, მაშინაც კი, არავითარი საფუძველი არ გვექნებოდა ყველა ისინი ერთ ნიმუშამდე დაგვეყვანა.
სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა პირობას მოითხოვს თავისი გონებრივი განვითარებისათვის და თუ, მიუხედავად თავისი განსხვავებისა ერთი და იმავე ზნეობრივ ატმოსფეროში იქნება, ჯანმრთელი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს, ისევე, როგორც სხვადასხვა მცენარეს არ შეუძლია ერთი და იმავე კლიმატში ცხოვრება. ის, რაც ერთი ადამიანისთვის განვითარების საშუალებაა, მეორისთვის განვითარებაში ხელისშემშლელია. ცხოვრების ერთი და იმავე ნირი ერთი ადამიანისთვის ჯანსაღი აღგზნებაა მთელი მისი ძალისა და კეთილისმყოფლად მოქმედებს ყველა მისი საქმიანობისა თუ ტკბობის უნარზე, მეორისთვის კი, პირიქით, დამთრგუნავი სიმძიმეა, რომელიც აჩერებს ან წყვეტს მთელ მის შინაგან ცხოვრებას. ადამიანების ტკბობის წყაროები სხვადასხვაა ისევე, როგორც ერთი და იგივე არ არის მათი ტანჯვის წყაროები.
მათზე ერთნაირად არ მოქმედებს სხვადასხვა ფიზიკური და ზნეობრივი პირობა და თუ მათ შორის განსხვავება არ შეესაბამება ცხოვრების ნირში განსხვავებას, მაშინ ისინი ვერ შეძლებენ სრულიად მიაღწიონ მათთვის შესაძლებელ ბედნიერებას, ვერ შეძლებენ მიაღწიონ იმ გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ სრულყოფილებას, რისი უნარიც გააჩნიათ.
რის საფუძველზე ხდება, რომ საზოგადოებრივი გრძნობის შემწყნარებლობა ვრცელდება მხოლოდ იმ გემოვნებაზე, ცხოვრების იმ ნირზე, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს? გემოვნებებს შორის განსხვავებას არსად (შეიძლება მხოლოდ მონასტრების გამოკლებით) მთლიანად არ უარყოფენ. ადამიანს არ განსჯიან იმისთვის, უყვარს თუ არა მას თამბაქო, მუსიკა, ფიზიკური ვარჯიშები, ჭადრაკი, ბანქო, კითხვა, და ეს იმიტომ, რომ მეტისმეტად ბევრნი არიან ისეთები, რომელთაც ასეთი რამეები უყვართ და ისეთებიც, რომელთაც არ უყვართ საიმისოდ, რომ მათი ხმა აღიარებული არ იქნეს. მაგრამ თუ ვინმე, და მით უმეტეს, თუ ეს ვინმე ქალია, აკეთებს იმას, „რასაც არავინ არ აკეთებს“, ან არ აკეთებს იმას, „რასაც ყველა აკეთებს“, მაშინ ის ისე მკაცრად განისჯება, თითქოსდა რაღაც ზნეობრივი დანაშაული ჩაიდინა.
ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ტიტული, ან რაღაც გარეგნული ნიშნები, რომლებიც მოწმობს, რომ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავთ, ან ზემდგომი პირების პატივისცემით სარგებლობენ, ასეთ ადამიანებს მაინც შეუძლიათ საკუთარ თავს ერთგვარი, საკმაოდ უმნიშვნელო, თავისუფლების ნება მისცენ ისე, რომ საკუთარ რეპუტაციას ვნება არ მიაყენონ. მაგრამ ვიმეორებ, მხოლოდ საკმაოდ უმნიშვნელო თავისუფლების იმიტომ, რომ, თუ ვინმე საკუთარ თავს უფრო მეტი თავისუფლების ნებას მისცემს, რისკავს რომ თავს დაიტეხოს რაღაც უფრო უარესი, ვიდრე შეურაცხმყოფელი სიტყვებია, რისკავს, რომ მას წარადგენენ de Lunatico-ს (შეშლილი, შეურაცხადი.) კომისიის წინაშე, წაართმევენ საკუთრებას და გადასცემენ მას მის ნათესავებს.
© ჯონ სტიუარტ მილი / თავისუფლების შესახებ