რას ეძებ?

რელიგია ფილოსოფია

ჯონ სტიუარტ მილი / მარკუს ავრელიუსის პარადოქსი

ჯონ სტიუარტ მილი მარკუს ავრელიუსის პარადოქსი

… კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ყველაზე გამაოგნებელს – თუ ის, რამდენად გამაოგნებელია შეცდომა მისი სიბრძნითა და სიკეთით იზომება, ვინც მასში ვარდება. თუ ოდესმე ადამიანს, ძალაუფლებით აღჭურვილს, ჰქონდა საფუძველი საკუთარი თავი ყველაზე უკეთესად და ყველაზე განათლებულად ჩაეთვალა თავის თანამედროვეებს შორის, ასეთი უდავოდ მარკუს ავრელიუსი გახლდათ.

ჰქონდა რა ძალაუფლება მთელ ცივილიზებულ სამყაროზე, ის არა მხოლოდ შეუბღალავად სამართლიანი ადამიანი იყო, არამედ – რაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისებრ სტოიკურად აღზრდილი ადამიანისაგან, ყველაზე ნაზი გულის ადამიანიც. ის მცირეოდენი შეცდომები, რომელთაც მას მიაწერენ, მისი შემწყნარებლობიდან მოდიოდა.

მისი თხზულებები ყველაზე მაღალი ეთიკური ქმნილებებია უძველესი გონებისა და თუ რაღაც განსხვავებულს წარმოადგენს ქრისტიანული სწავლებისაგან, ეს განსხვავება ძალიან უმნიშვნელოა. და ეს ადამიანი, რომელიც საუკეთესო ქრისტიანი იყო ყველა თვალსაზრისით (ამ სიტყვის მხოლოდ დოგმატური აზრის გარდა) უფრო უკეთესი, ვიდრე ბევრი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი ხელმწიფე, დევნიდა ქრისტიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ გონებრივ დონეზე იმყოფებოდა, რომლისთვისაც კი შეიძლებოდა მიეღწია მთელი წინამორბედი კაცობრიობის განვითარების შესაბამისად, ჰქონდა რა ყველაზე მგრძნობიარე და ლიბერალური გონება და ისეთი ხასიათი, რომ შეეძლო თავის თხზულებებში ქრისტიანულ იდეალამდეც კი ამაღლებულიყო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ვერ მიხვდა, რომ ქრისტიანობა სიკეთეა სამყაროსათვის და არა ბოროტება.

ის აცნობიერებდა, რომ კაცობრიობა სრულიად უბადრუკ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო ეს მდგომარეობა, ის ხედავდა, ან წარმოედგინა, რომ ხედავდა, თითქოს საზოგადოება ჯერ კიდევ, ასე თუ ისე, ახერხებდა თავი შეემაგრებინა და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო, ეს ღვთაებების რწმენის წყალობითა და პატივისცემით ხდებოდა. როგორც მმართველი ის თავის ვალდებულებად მიიჩნევდა საზოგადოება საბოლოო რღვევისგან დაეცვა და არ ესმოდა როგორ შეიძლებოდა მას ეარსება თუ საფუძვლები, რომელზეც ის იდგა, დაინგრეოდა. ამ დროს კი, ახალი რელიგია, ღიად და აშკარად ცდილობდა ამ საფუძვლების დანგრევას. რამდენადაც ის თავის მოვალეობად არ თვლიდა ამ რელიგიის აღიარებას, ნათელი იყო, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა ქრისტიანობის განადგურება იყო. ქრისტიანულმა თეოლოგიამ ვერ დაარწმუნა ის თავის ჭეშმარიტებაში თუ თავისი წარმოშობის ღვთაებრიობაში.

მთელი ეს უცნაური ისტორია ღმერთის ჯვარცმის შესახებ მისთვის დაუჯერებელი იყო და მას არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, რომ სისტემას, დაფუძნებულს იმაზე, რაც მას მთლად გამონაგონად მიაჩნდა, ისეთი უდიდესი ძალა ექნებოდა, როგორიც შემდეგ აღმოაჩნდა და ამდენად, ყველაზე უკეთესი და ყველაზე კეთილი ფილოსოფოსებსა და მმართველებს შორის, მოქმედებდა რა თავისი მოვალეობის კარნახით, სრულიად უდავოდ რომ მიაჩნდა, ქრისტიანობის მდევრად იქცა. ჩემი აზრით, ეს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. ყოველ შემთხვევაში სამართლიანობის და ჭეშმარიტების საპირისპირო იქნებოდა არაღიარება იმისა, რომ მარკუს ავრელიუსს ქრისტიანობის დევნის ყველა ის საფუძველი ჰქონდა, რომელიც კი შეიძლება ჰქონდეს დევნისათვის ყველა ანტიქრისტიანულ სწავლებას. იმ დროს მცხოვრებ ყველა ადამიანთა შორის მას უფრო მეტი უნარი ჰქონდა ჩასწვდომოდა ქრისტიანობას, ვიდრე ვინმე სხვას და მაინც, ისიც კი, დარწმუნებული იყო, რომ ქრისტიანობა სიცრუეა, რომ ის საზოგადოების დანგრევისკენ ისწრაფვის და მისი ეს რწმენა არანაკლებად გულწრფელი იყო, ვიდრე ქრისტიანის რწმენა, რომ ათეიზმი მცდარია და ანტისაზოგადოებრივია.

ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი აზრის მოწინააღმდეგეებს შეგვიძლია ვუთხრათ: თუ თქვენ საკუთარი თავი მარკუს ავრელიუსზე უფრო ჭკვიანებად და უფრო ზნეობრივად არ მიგაჩნიათ, თუ არ თვლით უფრო ღრმად ხართ განსწავლული სიბრძნეებში და მასზე მეტად ხართ ამაღლებული საკუთარ დროზე, თუ თქვენ არ აღიარებთ, რომ არ აღგაფრთოვანებდათ უფრო მგზნებარე სიყვარული ჭეშმარიტებისადმი და უფრო მგზნებარე ერთგულება მისდამი, ვიდრე მარკუს ავრელიუსს, მაშინ თავი შეიკავეთ აზრის დევნისაგან და იფიქრეთ როგორ სავალალო მდგომარეობამდეც მიიყვანა საკუთარი აზრისა და ბრბოს აზრის შეუმცდარობის რწმენამ ანტონინუსების დინასტიის დიდი წარმომადგენელი. მხილებულნი არიან რა იმაში, რომ არ შეუძლიათ მოიყვანონ თავის დასაცავად რაიმე ისეთი არგუმენტი, რომელიც ამავე დროს მარკუს ავრელიუსსაც არ გაამართლებდა, რელიგიური თავისუფლების მტრები არცთუ იშვიათად, რელიგიური დევნის გასამართლებლად მეორე მხარეს მიცვივდებიან ხოლმე და ჯონსონთან ერთად ამტკიცებენ, რომ ქრისტიანობის მდევნელები მართლები იყვნენ, რომ დევნა არის განსაცდელი, რომელიც უნდა გაიაროს ჭეშმარიტებამ და რომლიდანაც ის ყოველთვის მოზეიმე გამოდის, რომ ყველა დევნა, ბოლოს და ბოლოს, უძლური აღმოჩნდება ხოლმე ჭეშმარიტების წინააღმდეგ და რომ, საბედნიეროდ, ადამიანები ქმედითნი არიან მხოლოდ მავნე შეცდომების წინააღმდეგ.

რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ეს არგუმენტი მეტისმეტად საყურადღებოა საიმისოდ, რომ მისი გვერდის ავლა უსიტყვოდ შეიძლებოდეს. ასეთი დოქტრინა, რომელიც ჭეშმარიტების დევნას იმით ამართლებს, რომ ჭეშმარიტების წინააღმდეგ ყოველგვარი დევნა უძლურია – რა თქმა უნდა, არ შეიძლება დაადანაშაულო წინასწარგანზრახულ მტრობაში ახალი ჭეშმარიტებების მიმართ, მაგრამ ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ისინი სულგრძელობით გამოირჩეოდნენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს ჭეშმარიტება უქადაგეს მათ და რომელთა წინაშე ამის გამო ვალში არიან. აუხსნა ადამიანებს ის, რაც ადრე არ იცოდნენ და რაც მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, დაუმტკიცო მათ, რომ რაღაც ისეთში ცდებოდნენ რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი დროებითი თუ სულიერი ინტერესებისათვის, ეს არის უდიდესი სამსახური რაც კი ადამიანს შეუძლია გაუწიოს თავის მოყვასს და ისინი, ვინც ჯონსონის აზრს იზიარებენ, აღიარებენ, რომ პირველმა ქრისტიანებმა და რეფორმატორებმა ადამიანებს გაუწიეს ყველაზე დიდი სამსახური, რაც კი შესაძლებელია. და მერე რა! თუ კაცობრიობის ამ კეთილისმყოფლებს, მათი კეთილი საქმეებისთვის იმით მიუზღავენ, რომ მტანჯველი სიკვდილით სჯიან, თუ მათ ისე ექცევიან, როგორც უკანასკნელ ბოროტმოქმედებს, ეს არ არის შეცდომა, ეს არ არის უბედურება, რომელიც კაცობრიობამ უნდა დაიტიროს და თავზე ნაცარი დაიყაროს, არამედ პირიქით, ჯონსონის დოქტრინით ეს ფაქტი სრულიად ნორმალურია!

აღიარო ასეთი დოქტრინა, ეს ხომ იგივეა ვაღიაროთ, რომ იმ ადამიანს, რომელიც ახალ ჭეშმარიტებას ქადაგებს, ისე მოვექცეთ, როგორც ლოკრები ექცევიან მათ, ვინც ახალ კანონს სთავაზობდათ – ყელზე თოკი ჩამოვაცვათ და დავახრჩოთ ის თუ მისი წინადადება დაუყოვნებლივ არ იქნება მიღებული. ადამიანებზე, რომლებიც მსგავს დოქტრინას იცავენ, რა თქმა უნდა, ეჭვს ვერ მიიტან, რომ ისინი მეტისმეტად მაღალ შეფასებას აძლევდნენ იმ სიკეთეს, რომელიც კაცობრიობისთვის მოაქვთ ახალი ჭერშმარიტებების მქადაგებლებს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჭეშმარიტების აღიარება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუკი იყო კიდევაც ოდესღაც დრო, როცა ახალი ჭეშმარიტებები საჭირო იყო, ახლა ეს დრო ჩავლილია.

გამოთქმა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ზეიმობს დევნაზე იმ უცნაურ შეცდომებს მიეკუთვნება, რომელსაც ადამიანები ისე ხშირად იმეორებენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, მათთვის ყოველდღიურ ჭეშმარიტებად იქცევა მიუხედავად ყველა არგუმენტისა, რაც მათ წინააღმდეგ გვხვდება რეალურ ცხოვრებაში. ისტორია მდიდარია მაგალითებით, როცა დევნა ჭეშმარიტებას აიძულებდა დადუმებულიყო და თუ მას საბოლოოდ არ ანადგურებდა, ყოველ შემთხვევაში შორს, ასეულობით წლების იქით გადასწევდა მის ტრიუმფს. რელიგიური აზრების წინა ისტორიაზე მითითებით შემოვიფარგლები.

რეფორმაცია, სულ ცოტა, ოცჯერ მაინც დაიწყო ჯერ კიდევ ლუთერამდე და ყოველ ჯერზე ჩაახშეს. არნოლდი ბრეშიიდან, ფრა დოლჩინო, სავონაროლა, ალბიგოიცები, ვალდენცები, ლოლარდები, ჰუსისტები – განა ყველას მათ არ გადაუარეს? ლუთერის შემდეგაც კი დევნა წარმატებით გრძელდებოდა ყველგან, სადაც კი ეს პროცესი დაჟინებით მიმდინარეობდა. ესპანეთში, იტალიაში, ფლანდრიაში, ავსტრიის იმპერიაში პროტესტანტიზმი ძირფესვიანად ამოითხარა. ალბათ იგივე მოხდებოდა ინგლისშიც დედოფალ მარიამს მეტ ხანს რომ ეცოცხლა, ან დედოფალი ელიზაბეტი უფრო ადრე რომ მომკვდარიყო. დევნა ყოველთვის გამოსდიოდათ იქ, სადაც ერეტიკოსები არ წარმოადგენდნენ საკმაოდ ძლიერ პარტიას საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ.

არცერთ გონიერ ადამიანს ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ რომის იმპერიაში ქრისტიანობა შეიძლებოდა ძირფესვიანად განადგურებულიყო. რომ თუ ის გადარჩა და შემდეგ გამარჯვება იზეიმა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დევნა ხდებოდა შემთხვევით, აქა-იქ, ხანმოკლე დროის განმავლობაში დიდი შუალედებით, პროპაგანდა კი სრულიად თავისუფალი იყო. ამდენად მხოლოდ უბრალო სენტიმენტალობა იქნება იმის მტკიცება, რომ თითქოს ჭეშმარიტება, უკვე მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა, ფლობს მისთვის ისეთ დამახასიათებელ ძალას, რომელიც არ გააჩნია შეცდომას და რომლის წინააღმდეგ უძლურია ციხეები და კოცონები.

ჩვეულებრივ ისე ხდება, რომ ადამიანები ჭეშმარიტებას უფრო გულმოდგინედ არ ემსახურებიან, ვიდრე შეცდომას. დევნა ხელისუფლების მხრიდან და თუნდაც მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, ერთნაირი წარმატებით მოქმედებს ყოველგვარი პროპაგანდის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, ამ პროპაგანდას თავის მიზნად ჭეშმარიტების გავრცელება ექნება, თუ იმისა, რაც მცდარია. ამ თვალსაზრისით ჭეშმარიტების არსებითი უპირატესობა შეცდომასთან შედარებით მხოლოდ ის არის, რომ არის რა ჩახშობილი, მას ყოველთვის აქვს ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში, გამოჩნდება ხალხი, რომელიც მას კვლავ გამოიხმობს ცხოვრებაში და რომ მისი ერთ-ერთი ასეთი აღორძინება ოდესმე დაემთხვევა გარკვეულ პირობებს, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, თუნდაც დროებით, თავი დააღწიოს დევნას და საკმარისად მომაგრდეს საიმისოდ, რომ შემდეგ ჰქონდეთ იმდენი ძალა დევნას გაუძლოს.

© ჯონ სტიუარტ მილი / თავისუფლების შესახებ

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა