რას ეძებ?

მეცნიერება სხვა ფილოსოფია

იულიუს ევოლა – ვეფხვის მორჯულება (აქტიური ნიჰილიზმი – ნიცშე)

იულიუს ევოლა - ვეფხვის მორჯულება (აქტიური ნიჰილიზმი – ნიცშე)

მოცემულ კრიტიკულ სიტუაციებში რაც ყურადსაღებია, გახლავთ „ობიექტების“ ყოფნის საკითხი, საკუთრივ, მსხვერპლებისა, რომლებიც დამანგრეველ პროცესებში არიან ჩართულნი: პროცესები, დღევანდელი კაცობრიობით რომ იტანჯება. ეს ხელსაყრელია მათთვის, ვინც ასეთ ცხოვრების წესს შეეგუა – არაფერს რომ ეფუძნება და სწორი მიმართულების ქონის ნაკლებობას რომ განიცდის – და ვინც თავის თავს დაეხმარა, ამ სისტემაში მორგებულიყო; ასევე მათთვის, ვინც – საბოლოო დახარისხების შედეგად – უსაფრთხო ბურჟუაზიული ყოფის გადარჩენილ ფორმებში განაგრძეს არსებობა, და მათთვის, ვინც გრძნობს თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალურ კრიზისს და აღძრულია იმისათვის, რომ აჯანყდეს და საკუთარი ყოფიერება რისკის ქვეშ დააყენოს.

ამიტომაც, ეს პრობლემა ჩვენი თანამედროვეების უდიდეს ნაწილს ეხება. ამის საპირისპიროდ, არსებობს ადამიანთა ძალზე განსხვავებული და მცირე კატეგორია, რომელიც – მიუხედავად ნიჰილისტური პროცესების გადასინჯვა-გამოკვლევისა – მაინც აქტიურად ეძებს ამ პროცესებს მისაღებად და ასათვისებლად. სახელდობრ, ეს წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელიც არა მარტო აღიარებს მოცემული რღვევის პროცესების შეუქცევადობასა და უკან დასახევი გზის არარსებობას, არამედ არც კი მოიწადინებდა ამ უკანასკნელ გზაზე დადგომას, რომც ეარსება. ისინი თავიანთი ნება-სურვილით იღებენ მოცემულ გარემო-პირობებს ყოველგვარი საყრდენის გარეშე. ასე რომ, პრობლემა იმგვარი კუთხითაც წამოიჭრება – თუ რამდენად შორსაა უარყოფითი მდგენელი რაღაც დადებით ფენომენად გადაქცევისაგან.

ასეთი საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის იხსნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ახალი ინტერპრეტაცია მისცეს თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილით გამსჭვალული კაცობრიობის თავგადასავალსა და, ამასთან, კრიზისს – ამ თავგადასავლის მიერ მოტანილ შედეგთან. ასე და ამგვარად, წარმოიშვება განსაცდელისა და ნგრევის იდეა, რომელიც ერთი მარტივი შედეგი გახლავთ იმისა, რომ ადამიანის მოქმედებები არ შეესაბამება საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ჩვენი გონების მეხსიერებიდან ცნობიერ ზედაპირზე ამოვატივტივოთ და მოვიხმოთ ანტიკური სამყაროს მითები, რომლებიც ეხება გაბედულ, უტიფარ მკრეხელობას, რაც თავის თავში არცაა მკრეხელობა – გარკვეული სიმბოლური პერსონაჟის განადგურება რომ გამოიწვია – არამედ ეს უფრო აუცილებელი ღირსებისა და ძალის ნაკლებობის მაჩვენებელია, არასაკმარისი ისეთი ქმედების განსახორციელებლად, რომელი ქმედებაც გაანთავისუფლებს ადამიანს ღვთაებრივი ბორკილებისაგან.

მოცემული შეხედულება შესაძლოა, განსაკუთრებული ტიპის ადამიანსაც მოერგოს, რომელიც ნაწილობრივ ეხმიანება ჩვენ მიერ დასმულ საკითხს. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი განსხვავებული ხასიათი თანამედროვე ადამიანის პრობლემებთან დაპირისპირებაში გამოიხატება, ისე, რომ თავად არ იქცეს „თანამედროვე ადამიანად“; იგი ეკუთვნის განსხვავებულ სამყაროს და თავის თავში განსხვავებულ ეგზისტენციალურ განზომილებას ინახავს და უფრთხილდება. სხვებისაგან საპირისპიროდ, მისი პრობლემა არ წარმოადგენს ბაზისის დრამატულ ძიებას (პრინციპში, იგი უკვე ფლობს კიდეც ამ ბაზისს), არამედ მისთვის მნიშვნელოვანია, პირადი თვითგამოხატულება და თვითმყოფადობა ჰპოვოს ამ თანამედროვე ეპოქასა და ყოფა-ცხოვრებაში.

ასეთი ტიპის ადამიანთან მიმართებაში განვიხილოთ „პოზიტიური ნიჰილიზმის“ თემაც… თუმცა უკეთესი იქნება, თუკი ყველაფერ ამას თანამედროვე სამყაროს თვალთახედვიდან გამომდინარე მოვახერხებთ. ჩვენ შეგვიძლია, დროებით მოვიშველიოთ ნიცშეს რამდენიმე ფუნდამენტური იდეა, რათა მათი ქმედითობა და სიმყარე შევამოწმოთ. ფაქტობრივად, შესაძლებელია, აღმოჩნდეს, რომ თანამედროვე აზროვნების უკანასკნელი ელემენტები ცოტათი უფრო მეტადაც კი ყავლგასულია, ვიდრე ნიცშესი, როდესაც იგი ცხოვრების ახალ მნიშვნელობას ეძებდა (მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც არათანმიმდევრულად, წინააღმდეგობრივად და ნეგატიურად მიიჩნევდა თავის ფილოსოფიაში).

ნიცშე საკუთარ თავს პირველ იდეალურ ნიჰილისტად თვლიდა ევროპაში, ვინაიდან მას უკვე გადალახული და დაძლეული ჰქონდა ნიჰილიზმი, რომელიც მის სულში ჩასახლებულიყო – იგი ნიჰილიზმს საკუთარი თავის უკან, საკუთარი თავის ქვემოთ, საკუთარი თავის მიღმა აყენებდა. როგორც ვნახეთ, ნიჰილიზმი არის საბოლოო ლოგიკური დასკვნა ჩვენი დიადი ღირებულებებისა და იდეალებისა; ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ნიჰილიზმი, რათა ხელი ჩავჭიდოთ წარსულ ღირებულებათა ნამდვილ ბუნებას. თუმცაღა ნიცშე ნიჰილიზმს მიიჩნევდა, როგორც პათოლოგიურ, გარდამავალ ეტაპს, და აცხადებდა „საწინააღმდეგო მოძრაობას“, რომლის დანიშნულებაც სწორედ მისი გაძევება და შეცვლა გახლდათ.

ნიცშემ აჩვენა, რომ სწორედ ის კონკრეტული წერტილია გადამწყვეტი გამოცდის მთავარი სიძნელე, რა წერტილშიც პიროვნება აანალიზებს, რომ „ღმერთი მოკვდა“, რომ „სულიერი“ სამყარო, ბოროტი და კეთილი მარტოოდენ ილუზიაა, და რომ ერთადერთი ნამდვილი სამყარო უარყოფილია სწორედ ამ პირველად ხსენებული ილუზორული სამყაროს სახელით. სუსტი ტყდება, ძლიერი კი ანადგურებს იმას, რამაც იგი ვერ გატეხა; მაშინ, როდესაც კიდევ უფრო ძლიერი ჯერ კიდევ რჩება ყოველი იმ ღირებულების მიღმა, რაც ერთ დროს მას ემსახურებოდა. ნიცშე ამას უწოდებს ნიჰილიზმის „ტრაგიკულ ფაზას“, რომელიც პერსპექტივათა გადანაცვლებას წარმოშობს; ამ მხრივ, ნიჰილიზმი გამოჩნდა როგორც ძლიერების ნიშანი, რომელიც აღნიშნავს ძალას – რომ შექმნა, რომ გსურდეს; და ეს ძალა იმდენად განვითარდა, რომ უკვე აღარ არის საჭიროება მისი ზოგადი ინტერპრეტირებისა, მისი მნიშვნელობის წარდგენისა.

„ნების ძალის საზომი გახლავთ იმის ცოდნა, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას, აკეთოს რაღაცები მნიშვნელობების გარეშე, თუ რამდენად შეუძლია, გაძლოს და იცხოვროს ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულ სამყაროში: მაშინ კი, პიროვნება მოახერხებს, ჩამოაყალიბოს საკუთარი ძალაუფლების ნების წილი“. ნიცშე ამას პოზიტიურ პესიმიზმს, ან კიდევ, „ძალის პესიმიზმს“ უწოდებს და უმაღლესი ეთიკის წინამძღვრად აქცევს. „თუკი თავდაპირველად ადამიანს სჭირდებოდა ღმერთი, ახლა იგი კანკალებს და თრთის სამყაროსეული, უღმერთო უწესრიგობით, რისკიანი და აზარტული სამყაროთი, სადაც შიშისმომგვრელი, ბუნდოვანი და მაცდური მოცემულობები მისი ყოფიერების ნაწილია“. ამგვარ სამყაროში – საკუთარი თავი წმინდა და უნიკალური რომ შექმნა – ასეთი ადამიანი აღიმართება და გადაწყვეტს, გახდეს „დამპყრობელი ღმერთისა და არა-რაობისა“. მაშასადამე, სიცოცხლის მნიშვნელობის პრობლება ამოიხსნება და გადაწყდება იმ მტკიცებით, რომ სიცოცხლე არის – და შეუძლია, იყოს – თავისთავად ღირებულება.

ყოველივე ამას საბოლოოდ მივყავართ ზემოთ აღნიშნულ მომენტამდე. უკანასკნელი პერიოდის ყოველი კრიზისის მნიშვნელობა შესაძლოა, შეჯამდეს შემდეგნაირად: თავისუფლება სურდა ისეთ ადამიანს, რომლისათვის თავისუფალი ცხოვრება გამოითქმებოდა, მარტოოდენ როგორც ნგრევა-განადგურება. იმის თქმა, რომ „ღმერთი მოკვდა, როდია მხოლოდ ემოციური გამოხატვა ეპოქის ძირითადი სინამდვილისა… არამედ ნიცშე თავად აღნიშნავს, რომ „მოკლული ღმერთი – ნუთუ არ არის ეს ჩვენთვის უფრო დიადიც კი? ნუთუ ჩვენ არ უნდა ვიქცეთ ღმერთებად, რათა ამ ყველაფრის ღირსნი ვიყოთ?“ იმის გაცნობიერების შემდეგ – რომ „არაფერი არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“ – ჩვენს წინაშე ასეთი გარდაუვალი გამოწვევაა შედეგად: „მიდი, დაამტკიცე შენი ბუნების კეთილშობილება“.

ზარათუშტრას ძალზე ცნობილი პასაჟი შემდეგნაირ ფორმულირებას იძლევა მოცემული კრიზისის არსთან დაკავშირებით: „თქვენ თავისუფლებს უწოდებთ საკუთარ თავებს? მაშ, მოვისმენ თქვენს გაბატონებულ აზრებს, და არა იმას, თუ როგორ გაიქეცით საკუთარი მონობის უღელიდან. ხართ კი ის, ვისაც სწადია აქედან გაქცევა? მრავალნი არიან ისეთნი, ვინც მხოლოდ საკუთარი ღირსება თუ მოიშორა საკუთარი მონობის მოშორებისას. თავისუფალნი რისგან? რატომ უნდა იზრუნოს ზარათუშტრამ? თქვენმა თვალებმა გასცეს პასუხი ცხადად: თავისუფალნი რისგან?“ და ზარათუშტრა გვაფრთხილებს, რომ მარტოობა საშინელი იქნება, ყოველგვარი კანონის გარეშე (რასაც ზემოთ შევეხეთ) – მარტოდ საკუთარ თავისუფლებასთან, უდაბნოსა და ქარბუქში, საკუთარ კანონთა მოსამართლედ და შურისმგებლად. ვინც მხოლოდ თაყვანისცემასა და მსახურებას მოითხოვს, ვინც მხოლოდ საკუთარი ხუნდებითაა შეკრული არა პარალიზის მიზეზით, არამედ თავისივე გამოისობით – მისთვის მარტოობა წყევლად იქცევა; იგი დაკარგავს სიმამაცეს და მისი თავდაპირველი სიამაყე გაქარწყლდება. ზარათუშტრა აგრძელებს, რომ ეს გახლავთ გრძნობები, რომლებიც სპობს თავისუფალ ადამიანს და რომლებსაც არ გაუჭირდება მისი მოკვლა, თუკი ადამიანი თავად არ მოკლავს მათ პირველი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქათ, სწორედ ეს ყოველივე გახლავთ არსებითი საფუძველი თანამედროვე ადამიანის უბედურებისა.

დოსტოევსკიც მსგავსად აღნიშნავდა მოცემულ თემას: კირილოვის მოძღვრება. „ადამიანმა ღმერთი მხოლოდ იმიტომ გამოიგონა, რომ მას შესძლებოდა, ეცხოვრა ისე, რომ თავი არ მოეკლა… და სწორედ ესაა კაცობრიობის ისტორია თავისი წარმოშობიდან დღევანდელ დღემდე“, – ამბობს კირილოვი. მინიშნება ნათელია: ადამიანისათვის აუცილებელია, ჰქონდეს ცენტრალური წერტილი და ძირითადი ღირებულება. როდესაც მან საკუთარ თავში ვერ იპივა ეს ყოველივე, მაშინ ძებნა თავისი თავის გარეთ დაიწყო და იგი ღმერთს დაუკავშირა, ღმერთს – რომელიც, მისი ვარაუდით, არსებობს, მაგრამ განსახიერებულია „სხვაგან“; და ეს რწმენა ადამიანის ეგზისტენციალურ პრობლემას დროებით აგვარებს.

რეალურად კი, სრულებითაც იმგვარად არ არის საქმე, როგორც ამას კირილოვი აცხადებს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელობის შესახებ; არამედ ეს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თეისტური რელიგიის ერთგულების ფაზას, რომელიც უკვე ტრადიციული სამყაროს დანაწევრებას აღნიშნავს და წინ მიუძღვება მეტაფიზიკური კრახის კრიტიკულ მომენტს (რის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ). „თავისუფალი კაცის“, კირილოვის, თვალები ღიაა: „მე არ მსურს ამის დაჯერება. მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს და არც შეიძლება, რომ იარსებოს“. შესაბამისად, ამის შედეგი ის გახლავთ, რომ „თუკი ღმერთი არ არსებობს, მე ვარ ღმერთი…

იმის გათვალისწინება, რომ არავითარი ღმერთი არ არსებობს, და, ამავე დროს, იმის გაუთვალისწინებლობა, რომ ვიღაცა თავად გამხდარა ღმერთი – არის აბსურდი და შეუთავსებლობა, ვინაიდან, სხვაგვარად, ის ვიღაც არ ჩაფლავდებოდა, რომ თავი მოეკლა“. შესაძლოა, ვინმემ თავი აარიდოს თვითმკვლელობას – რომელიც კირილოვის საღი გონების უგუნური აკვიატებაა – და ილაპარაკოს უბრალოდ მარცხზე, დანაწევრებაზე, უაზრობაში ჩაკარგვაზე… მოცემული სიტუაციის პირისპირ თავს იჩენს ძლიერი შიში და ტანჯვა: „ის ჰგავს საცოდავს, ვისაც ერგო მემკვიდრეობა, მაგრამ ეშინია და ვერ ჰკიდებს ხელს მას, რადგან ფიქრობს, რომ იგი არ არის ამის ღირსი“. ჩვენ სერიოზულად როდი უნდა აღვიქვათ ის ქმედება, რომლითაც კირილოვი საკუთარი შიშის განადგურებას აპირებს; იგი ღვთიური მემკვიდრეობის პირისპირ დგას, რა მემკვიდრეობაც მან „უნდა“ მიიღოს, და აჩვენოს საკუთარი „ღვთაებრიობა“.

ახლა კი გვერდზე გადავდოთ ეს დაჟინებული საუბარი ღმერთზე და მის არსებობაზე და გადავინაცვლოთ აქ წამოჭრილ რეალურ პრობლემაზე, რომელიც ერთ-ერთი ღირებულებათაგანია და ჰბადებს კითხვას: „თავისუფლება რისთვის?“.

მოცემულ გადამწყვეტ გამოცდაში, არაფერი აღწერს უკეთესად იმ მარცხს – ნიჰილისტური გამოცდილების უარყოფით შედეგს – ისე, როგორც გრძნობა, რომელიც სარტრიმ გამოხატა თავის სიტყვებში: „ჩვენ მისჯილი გვაქვს, ვიყოთ თავისუფლები“. ადამიანს აბსოლუტური თავისუფლება ესაჭიროება საკუთარი თავისათვის, მაგრამ მას ეს თავისუფლება შეუძლია, მხოლოდ ისე განიცადოს და აღიქვას, როგორც მსჯავრის დადება. სწორედ მეტაფიზიკური ტანჯვა გახლავთ ამ ყველაფრის ტოლფასი.

მოგვიანებით, ჩვენ აგრეთვე განვიხილავთ ეგისტენციალიზმის სპეციფიკურ თემას. ახლა კი ვნახავთ, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ ნიცშეს ხედვები ისე, რომ უკან დავტოვოთ ნიჰილიზმი და შევქმნათ შედარებით მაღალი რანგის პრინციპი და წანამღვრება, რომელიც უმაღლეს არსებობასა და სიჯანსაღის ახალ სტადიას უკავშირდება.

როდესაც კერპები დაეცა, ბოროტი და კეთილი დაჯაბნეს და აღარაფერი დარჩა ძველი ღმერთებისაგან, ნიცშეს შერჩა „ეს სამყარო“, ყოფა-ცხოვრება, სხეული; მას ჯერ კიდევ სწამს დედამიწის. ამიტომაც, როგორც ვიცით, თავი იჩინა ზეკაცის საკითხმა. „ღმერთი მოკვდა; ახლა კი გვსურს, რომ ზეკაცი მოვიდეს“. ზეკაცი გახდება ქვეყნიერების მნიშვნელობა, არსებობის გამართლება. ადამიანი არის „ხიდი, და არა მიზანი; თოკი, რომელიც გაჭიმულია პირუტყვსა და ზეადამიანს შორის, თოკი, უფსკრულს ზემოთ რომ გაბმულა“.

ნიცშეს განაზრების უარყოფითი და დამანგრეველი ფაზა მთავრდება თანდაყოლილი თვისების დადასტურებით: ყოველი ტრანსცენდენტური ღირებულება, მიზანთა სისტემა და უმაღლესი ჭეშმარიტებანი გაგებულია, როგორც სიცოცხლის ფუნქციები. სამაგიეროდ, ცხოვრების არსს – და უფრო ზოგადად, მის ბუნებას – წარმოადგენს ნება ძალაუფლებისადმი. ზეკაცი ასევე განიმარტება, როგორც ძალაუფლების ნებისა და ბატონობის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ნიცშეს ნიჰილიზმი შუა გზაში ჩერდება; იგი ახალი ფასეულობების ბილიკს წარმოქმნის, რომელიც, მათ შორის, მოიცავს კეთილისა და ბოროტის იდეასაც. ხსენებული გზა ახალ იდეალს გამოჰყოფს, მაშინ, როდესაც ეს იდეალი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია იმ იდეალთა შორის, რომელსაც „სიცოცხლეში“ ფორმირება შეუძლია. მოცემული ფაქტი, რომელიც ნიჰილიზმის მიღმაა და მოითხოვს წმინდა თანდაყოლილ შინაგან თვისებებს, უკვე ნათლადაა წარმოდგენილი ნიცშეს ნააზრევში ამ იდეალების სახით, თავისი ისტორიული კრიტიკითა და სოციოლოგიითურთ.

უმაღლესი ღირებულებების სამყარო მასთან გაიგივებულია დეკადანსის ანარეკლთან; მაგრამ ამავე დროს ეს ღირებულებები დანახულია, როგორც დაფარული ნების იარაღი ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის, რომელიც ამ იარაღს სხვა მეორე ჯგუფის საწინააღმდეგოდ და ხელის შესაშლელად იყენებს, რათა ამ უკანასკნელი ჯგუფის ცხოვრება და იდეალები არ დაემსგავსოს ზეკაცის იდეალებსა და ცხოვრებას. ამგვარად, დეკადანსი თავისთავში წარმოგვიდგება „ძალაუფლების ნების“ განსაკუთრებულ სახესხვაობად… ახლა ცხადია, რომ ჩვეული და უბრალო [ძალაუფლების] ნების დანიშნულებაში ყველანაირი განსხვავება ქრება: აღარ არსებობს არავითარი ზეადამიანი თუ ცხვრების მწყემსავი, არც მიმღები და აღარც უარმყოფელი სიცოცხლისა; განსხვავება მარტოოდენ მეთოდიკაშია, საშუალებაში – რა ყოველივეც საბოლოოდ ადამიანის ერთ კლასად ჩამოყალიბებას ემსახურება; და ამ საშუალებებს განურჩევლად მოიხსენებენ, როგორც „კეთილს“, მათი წარმატების პროპორციულად. თუკი ცივილიზაციის ყოფა-ცხოვრებასა და ისტორიაში არსებობს აღმასვლისა და დაცემის ხანები, შემოქმედებისა და ნგრევა-განადგურების ფაზები, მაშ, რა გვაძლევს უფლებას, მხოლოდ ერთს მივაწეროთ ფასეულობა და არა მეორეს, სხვას? მაშ, რატომ უნდა იყოს დეკადანსი ბოროტი? ყოველი მათგანი ხომ სიცოცხლეა და ყოველ მათგანს აქვს გამართლება გარკვეული ცხოვრების პირობებში… ამგვარი განსჯა სწორი იქნებოდა, თუკი მართლაც მივმართავდით ირაციონალურ, შიშველ რეალობას, ყოველგვარი თეოლოგიისა და ტელეოლოგიისაგან დაცლილს – როგორც ამას ნიცშე ნატრობდა. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ – ყველანაირ მყარ ნიადაგს საფუძველი გამოეცალა.

უფრო მეტიც, ნიცშეს სურდა, ყოველგვარი დასასრულისა და მიდრეკილებისაგან განთავისუფლებით აღედგინა მისებური ცხოვრების „უდანაშაულობა“, რათა გაენთავისუფლებინა ადამიანი და მისთვის საშუალება მიეცა, საკუთარი ძალებით ევლო – ამასთანავე, სწორედ ნიცშემ უარყო და გააკრიტიკა ევოლუციონიზმი და დარვინიზმი, რადგანაც დაინახა, რომ სიცოცხლის უმაღლესი ფორმები და სახეები მხოლოდ და მხოლოდ დროებითი და შემთხვევითი მოცემულობა გახლდათ… ამ მოცემულობას ადამიანი მარტოოდენ იმიტომ თუ მიიღებს, რომ კვლავ დაკარგოს იგი, რადგანაც ეს უკანასკნელი არავითარ სიმყარესა და უწყვეტობას არ ქმნის, არამედ აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება იმ წარმონაქმნებს, რომლებიც იმაზე მეტად არიან დაუცველნი საფრთხისა და განადგურებისაგან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თავად ფილოსოფოსი საბოლოო დათმობაზე მიდის, როდესაც დღევანდელი კაცობრიობისათვის დანიშნულების მისაცემად იგი განიზრახავს, ჰიპოთეტური მომავლის ადამიანი შექმნას ზეკაცის სახით: ესაა მიზანი, რომლისათვისაც ღირს თავის გადადება და მსხვერპლად შეწირვაც კი.

სულ ერთია, აქ მოყვანილი შემთხვევები დიდად არ განსხვავდება მარქსისტ-კომუნისტური ესქატოლოგიისაგან, რომელშიც მომავლის ადამიანის მირაჟი მსოფლიო მასშტაბით გამოიწვევს რევოლუციურ ქმედებებს, რათა ყოველივეს თავისი მნიშვნელობა მიანიჭოს… ყველაფერი ეს არეკლილია დღევანდელ ადამიანზე, რომლის არეალიც ამ იდეოლოგიითაა კონტროლირებული. ეს გახლავთ ცხოვრებისეული მოთხოვნების საზარელი შეუსაბამობა, რასაც თავის თავში ატარებს იგი. ხოლო მეორე მომენტი ის გახლავთ, რომ სიცოცხლის წმინდა დადასტურება გარდაუვალად როდი შეესაბამება ზემონახსენებ ნებას (ამ სიტყვის მკაცრი, თვისებრივი გაგებით), და არც ზეკაცის გამოვლინებას ემთხვევა აუცილებლად.

ასე და ამგვარად, ნიცშეს გამოსავალი ფსევდო-გამოსავალი თუა მხოლოდ. ჭეშმარიტი ნიჰილიზმი არ ინდობს და არ ზოგავს თვით ზეკაცის მოძღვრებასაც. რა დარჩენია მას, ვისაც სურს, რადიკალური მიმდევარი იყოს მკაცრი ლოგიკური კავშირებისა, და რისი მიღება შეგვიძლია ჩვენ ამ წინამდებარე კვლევა-გამოძიებებში – თუ არა იმ იდეისა, რაც ნიცშემ გამოხატა მარადიული დაბრუნების სიმბოლოს საშუალებით. ეს არის უთუოდ პიროვნების ბუნებისა და პიროვნების მდგომარეობის გამოვლენა-დადასტურების სახე. ეს არის ხედვა იმ პიროვნებისა, ვისი თვითგამოხატვა და თვითმყოფადობაც მისი არსების ფესვებიდან აღმოცენდება; პიროვნებისა, ვინც არა შეშინებული, არამედ აღტაცებული და აღფრთოვანებულია განუსაზღვრელი კოსმიური განმეორებებით იმ ციკლისა, რასაც საკუთარ თავად ყოფნა ჰქვია, და ასე დაუსრულებლად…

რეალურად, ჩვენ საქმე სხვა არაფერთან გვაქვს, თუ არა მითთან, რომელ მითსაც გააჩნია ძალაუფლების შემოწმების მარტივი, პრაგმატული მნიშვნელობა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ხედვა, რომელიც, ფაქტობრივად, „გახდება“ სამყაროს მიღმაა და რა ხედვაც „არის“ სამყაროს მარადიულად ქცევას ემსახურება. ნიცშეს მსოფლხედვა მცირედით განსხვავდება ნეოპლატონიზმისაგან, როდესაც საუბრობს: „სანაცვლოდ კი, ყველაფერი „გახდომის“ სამყაროდან უკიდურესად უახლოვდება „ყოფნის“ სამყაროს“.და ამასთან: „იმის დაკისრება, რომ „ყოფნის“ ხასიათი ჰქონდეს „გახდომას“ – წარმოადგენს ძალ-ღონის უმაღლეს შემოწმებას“. სწორედ ასე ფიქრობდნენ ტრადიციულ სამყაროში; და ისიც უდავოა, რომ მარადიულობის დაბნეულმა წყურვილმა ნიცშეს ნაწარმოებებში გაიარა, რა უკანასკნელიც გარკვეულ მომენტალურ ექსტაზშიც კი ამყოფებს პიროვნებას. დასასრულ, გავიხსენოთ ზარათუშტრა, რომელიც ამბობს, რომ „მხიარულებას სწადია ყოველივეს მარადიულობა, დიდი მარადიულობა“, როგორც სამოთხე ზეცაში – „სინათლის წმინდა, ღრმა უფსკრული“.

© იულიუს ევოლა / ვეფხვის მორჯულება

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა