რას ეძებ?

მეცნიერება საზოგადოება ფილოსოფია

იულიუს ევოლა / ომის მეტაფიზიკა

იულიუს ევოლა / ომის მეტაფიზიკა

ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს გადავაწყდით, გახლავთ ურთიერთობა სახელმწიფოსა და სამხედრო ელემენტს შორის. ეს ფენომენი ანტითეზისით ხასიათდება, რასაც რეალობაში არ წარმოუჩენია ორი განსხვავებული ხალხი იმდენად, რამდენადაც ორი სხვადასხვა ეპოქა, ორი სხვადასხვა მენტალიტეტი და „ცივილიზაციის“ ორი სხვადასხვა გაგება.

ერთი მხრივ, მავანი შენიშნავს, რომ სამხედრო და, უფრო ზოგადად, მეომრული ელემენტი ჩვეულებრივ ექვემდებარება სახელმწიფო სტრუქტურას. სახელმწიფოს მართებული და ნორმალური მმართველი „ცივილურ“ და „ბურჟუაზიულ“ ელემენტად იწოდება. ეს ბურჟუაზიული ელემენტი ჩართულია პროფესიონალურ პოლიტიკაში და – ცნობილი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ – როდესაც პოლიტიკა სხვა დამატებითი საშუალებებით მიმდინარეობს, სწორედ მაშინ ერთვება სამხედრო ძალა. ამ პირობებში არცაა მოსალოდნელი, რომ სამხედრო ელემენტი რაიმე განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს პოლიტიკასა თუ ზოგადად საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებაზე. ყველასათვის ცნობილია და აღიარებული, რომ სამხედრო ელემენტს თავისი ეთიკა და ღირებულებები გააჩნია.

თუმცაღა გარკვეული შეხედულება არასასურველად და თვით აბსურდულადაც კი მიიჩნევს, რომ მოცემული ღირებულებები თუ ეთიკა ერის მთელს ჩვეულ ყოფაში გადმოიტანოს. ამ საკითხში ეს შეხედულება ფაქტობრივად ძალზე მჭიდროდ უკავშირდება დემოკრატიულ, „განმანათლებლურ“ და ლიბერალურ რწმენას, რომ ნამდვილ ცივილიზაციას არაფერი აქვს საერთო იმ სამწუხარო აუცილებლობასთან, რასაც ომი ეწოდება, არამედ მეომრული თვისებების ნაცვლად იგი წარმოადგენს „ხელოვნებისა და მეცნიერებების პროგრესს“ და „უკვდავი პრინციპებით“ ნასაზრდოებ საზოგადოებრივ ცხოვრებას. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ზოგიერთი ლაპარაკს გააბამს „ჯარისკაცზე“ და არა ნამდვილ მეომრულ ელემენტზე. ეტიმოლოგიურად რომ განვიხილოთ, სიტყვა „ჯარისკაცი“ უკავშირდება „ჯარს“, ხელფასის გამო რომ იბრძვის, ანდაც რომელიმე საზოგადოებრივი კლასის სამსახურში რომ დგას გასამრჯელოს გულისათვის, რომელ საზოგადოებრივ კლასსაც შნო არ აქვს იმისათვის, რომ თავისით აწარმოოს ომი.

მეტ-ნაკლებად ეს გახლავთ მნიშვნელობა, რომელსაც სამხედრო ელემენტი ატარებს ლიბერალურსა და დემოკრატიულ-ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში, მიუხედავად ამ უკანასკნელში არსებული სავალდებულო სამხედრო გაწვევებისა. ამგვარი სახელმწიფოები ხსენებულ სამხედრო ელემენტს მაშინ იყენებენ, როდესაც რაიმე სერიოზული საერთაშორისო უთანხმოების მოგვარებას გადაწყევეტენ; და ყოველივე ამას ისეთი გზით ახორციელებენ, როგორი გზითაც აწარმოებენ პოლიტიკას.

მოცემული თვალთახედვის საწინააღმდეგოდ, არსებობს სხვა შეხედულება, რომლის მიხედვითაც სამხედრო ელემენტი ასაზრდოებს პოლიტიკურსა და ეთიკურ წესრიგს. აქ სამხედრო ფასეულობები იზიარებს მეომრულ ფასეულობებს და ხსენებული პირველი ფუნდამენტურ როლს ასრულებს ყოფა-ცხოვრების ეთიკური ჩამოყალიბების ზოგადი იდეალის საკითხში. ასე რომ, ეს იდეალი წმინდა სამხედრო ფონისა და ომის პერიოდების გარეშეც ქმედითია და მიზანშეწონილი. საბოლოო შედეგი კი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკურად შეიზღუდოს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ბურჟუაზია და საზოგადოებრივი ყოფის ყოველ სექტორში შევიწროვდეს ბურჟუაზიული სული. ამ შემთხვევაში ნამდვილი ცივილიზაცია ვაჟკაცურ, ქმედით და გმირულ პირობებში აღიქმება: ამის საფუძველზე გავითავისებთ იმ ელემენტებს, რომლებიც ყოველგვარ ადამიანურ სიდიადესა და ხალხთა რეალურ უფლებებს განსაზღვრავენ.

საჭიროა, ითქვას, რომ 1914-1918 წლების მსოფლიო ომში პირვანდელი იდეოლოგია სავსებით შეესაბამებოდა მოკავშირეებს, დასავლეთსა და ატლანტიკურ დემოკრატიულ სახელმწიფოებს – მაშინ, როდესაც უკანასკნელი იდეოლოგია ცენტრალური ძალაუფლების მიერ იყო წარმოდგენილი. საკმაოდ ცნობილი მასონური ლოზუნგის მიხედვით (რომელიც ჩვენ უკვე ხშირად მოვიხმეთ), ეს ომი წარმოადგენს მსოფლიო დემოკრატიის დიდი ჯვაროსნული ტიპის ბრძოლას, „მილიტარიზმისა“ და „პრუსიანიზმის“ წინააღმდეგ რომ იწარმოება, რა უკანასკნელნიც იმ ზემოაღნიშნული „იმპერიალისტური“ ერებისათვის „ობსკურანტიზმის“ ნარჩენებად აღიქმება „განვითარებულ“ ევროპაში.

როგორც თავდაპირველად აღვნიშნეთ, ყოველივე მოცემული შეიცავს ურთიერთწინააღმდეგობას არა მხოლოდ ხალხთა ორ განსხვავებულ ჯგუფს შორის, არამედ მით უფრო ორ სხვადასხვა ეპოქას შორის, რომელშიც გარკვეული მოვლენები ასევე სხვადასხვა წეს-წყობილებით წარმოჩინდა. რასაც მასონურ ჟარგონზე „ანაქრონისტული“ ეწოდა, იგი სინამდვილეში მთელი ტრადიციული, მეომრული და ვაჟკაცური არიული ევროპისათვის დამახასიათებელი ღირებულებების გადარჩენას ნიშნავს, ხოლო „განვითარებული მსოფლიოს“ ფასეულობები სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთ სამყაროს ეთიკური და სულიერი დაცემა. უფრო მეტიც, ახლა ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორი იპერიალისტური გახლდათ ამ უკანასკნელი სამყაროს პირმოთნე და თვალთმაქცი წარმომადგენლობა: დაზუსტებით რომ ვთქვათ, ეს გახლდათ ბურჟუებისა და ვაჭრების იმპერიალიზმი, ვისაც სურდათ, რომ დამტკბარიყვნენ იმ სარგებელით, რომელიც „მშვიდობიანობას“ მოჰქონდა, რა „მშვიდობიანობაც“ თავსმოხვეული და ნაძალადევად შენარჩუნებული იყო თავიანთი სამხედრო ძალების წყალობით, რა უკანასკნელშიც წევრიანდებოდნენ მსოფლიოს ყოველი მხრიდან, რათა გასამრჯელო მიეღოთ შესრულებული სამუშაოსათვის.

სამშვიდობო ხელშეკრულებებისა და ომის შემდგომი პერიოდის დროს ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა თავისი არსით. სამხედრო ელემენტი საერთაშორისო საპოლიციო სისტემით გაფუჭდა და წახდა. მეომრული სიამაყისა და ღირსების დაცემა საბოლოო ჯამში იმ ფაქტით არის ნაჩვენები, რომ განვითარების გზა მისცეს უზნეო საშუალებათა ყოველგვარ სახეს, რათა დაეცვათ და შეენარჩუნებინათ ის სასურველი შედეგები, ნამდვილი არმიის გამოყენების გარეშე რომ მიიღება; და ეს არმია დაქვეითდა საერთაშორისო პოლიციის სტატუსის დონემდე: სანქციების სისტემა, ეკონომიკური ბლოკადები, ეროვნული ბოიკოტები და ასე შემდეგ…

დღესდღეობით კიდევ უფრო ცხადი და ხილული გახდა ბოლოდროინდელ საერთაშორისო მოვლენათა განვითარებები – ერთა ლიგის ავტორიტეტის შელახვა, მიმდინარე ომი და ღირებულებათა აღრევა არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეთიკურ და, ზოგადად, ცხოვრებისეულ ასპექტში. დღევანდელი ომი როდია მიმართული გარკვეული ხალხებისადმი, არამედ იგი გარკვეულ იდეებს ებრძვის. წინა ომი გამიზნული იყო იმისათვის, რომ გაძლიერებულიყო „დემოკრატიული იმპერიალიზმი“; ახალი ომის მიზანი კი ისაა, რომ საბოლოოდ აღნიშნოს ამ „იმპერიალიზმისა“ და მრავალი მითების დასასრული და შექმნას წინაპირობა ახალი ეპოქის დასაბამისათვის; …და მოცემულ ეპოქაში მეომარი წარმოდგენილი იქნება, როგორც საფუძველი ევროპელი ხალხების ერთობლივი ცივილიზაციისა. ამ კუთხით, მიმდინარე ომს შესაძლოა, ეწოდოს აღდგენითი ომი. იგი აღადგენს თავის პირველსაწყის იდეალებსა და ცხოვრებისეულ მსოფლხედვებს, რომელთაც ცენტრალური ნაწილი უჭირავს არიელი, მათ შორის, არიო-რომაელი და სკანდინავიელ-არიელი, ხალხების ძირძველ ტრადიციებში – იმდენად ცენტრალური, რომ ხსენებული ტრადიციების გახრწნა თუ უგულებელყოფა გამოიწვევს ამ ხალხთაგან თითოეულის დაცემას, რომლის დროსაც ძალაუფლება, რასობრივიც და სულიერიც, გადავა მდაბიო სისტემის ხელში.

თუმცა მიზანშეწონილია, რომ რაიმე გაუგებრობამ არ წარმოშვას იმგვარი მნიშვნელობა, რომელიც ახალ ევროპაში მეომრული ელემენტის მოქმედებისას კონცენტრირებული იქნება სიტყვა „მილიტარიზმზე“; აქ საკითხი არ დგას წამახალისებელი ყიჟინებით ევროპის შეზღუდვაში, არც ველური ნებისყოფის დაფუძნებაში – როგორც ულტიმა რატიო – და არც ცხოვრების ბუნდოვანი ტრაგიკულობისა და ირაციონალური კონცეფციების მოხმობაში.

ასე და ამგვარად, აუცილებელია, პირველ რიგში ის გავაცნობიეროთ, რომ სამხედრო კონტექსტში განსაკუთრებული მეომრული ღირებულებები წარმოადგენს ნამდვილ რეალობას, რომელიც თავის თავში ატარებს არა უბრალოდ ეთიკურს, არამედ თავად მეტაფიზიკურ მნიშვნელობას. ჩვენ ახლა აღარ გავიმეორებთ იმას, რისი განხილვის შესაძლებლობაც სხვა ადგილას მოგვეცა; ჩვენ მხოლოდ ანტიკურ არიულ კაცობრიობას გავიხსენებთ, რომელიც სიცოცხლეს, ჩვეულებისამებრ, წარმოიდგენს, როგორც დაუსრულებელ ომს მეტაფიზიკურ ძალებს შორის – ერთმხრივ, სინათლის ძალებსა და წესრიგს, ხოლო მეორე მხრივ, ქაოსის ბნელ ძალებსა და მატერიას შორის. ანტიკური არიული სამყაროსათვის ბრძოლა იმართებოდა ორივე, გარეგან და შინაგან, სამყაროში გასამარჯვებლად; …და ეს გარეგნული ბრძოლა აისახებოდა შინაგან ბრძოლაში, რასაც ნამდვილი სამართლიანი ომი ეწოდება: ეს გახლავთ გარე სამყაროს ხალხებისა და ძალების შერკინება, ისევე, როგორც მეტოქეობა ჩვენი შინაგანი ყოფიერებისა, რომელიც უნდა დავიმორჩილოთ და რომელზეც უნდა ვიბატონოთ, მანამ არ დადგება Pax triumphalis.

© იულიუს ევოლა / ომის მეტაფიზიკა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა