ქააბა / მექის წმინდა მეჩეთი
ალ-მასჯიდ ალ-ჰარამის, ჰარამის და დიდი მეჩეთის სახელით ცნობილი მექის წმინდა მეჩეთი მსოფლიოში უდიდესია, რომელიც გარს ერტყმის ისლამის უწმინდეს ადგილს, ქააბას, საითაც ლოცვისას ყოველი მუსლიმი ტრიალდება ხოლმე. ეს უზარმაზარი, ისტორიული ნაგებობა მთელ მუსლიმანურ სამყაროში წმინდა ადგილად ითვლება და მას მრავალი მილიონი ადამიანი ეთაყვანება.
საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში მდებარე წმინდა მეჩეთის და მისი ღია სამლოცველოების ფართობი 4000 მ2-ია. ისლამური წლის ბოლო თვის მე-8-მე-12 დღეებში მუსლიმთა პილიგრიმობა, ანუ „ჰაჯი“ იმართება და ამ დროს მექის მეჩეთსა და მის სამლოცველოებში 4 მილიონი მუსლიმი ეტევა. მეჩეთი აქ VII საუკუნიდან არსებობს, მაგრამ წინასწარმეტყველი მუჰამედის დროინდელ ბევრ შენობას დღემდე არ მოუღწევია.
მეჩეთი წყალდიდობებსა და ხანძრებს არაერთხელ გაუნადგურებია და დღევანდელი შენობის უძველესი ნაწილი XVI საუკუნით თარიღდება. მაშინ მეჩეთი სულთანმა სელიმ II-მ შეაკეთებინა. ნაგებობის დღევანდელი იერი თანამედროვე რესტავრირების შედეგია, რომელიც 1980-იანი წლებიდან პერიოდულად უტარდება და ისლამური არქიტექტურის ჩინებული ნიმუშია; მის თაღოვან გალერეებზე, მინარეთებსა და გუმბათებზე ყურანიდან მოყვანილი ციტატებია ამოკვეთილი.
წმინდა მეჩეთის ცენტრში დგას ქააბა, 13,1 მეტრის სიმაღლის, 11,03 მეტრის სიგანისა და 12,86 მერტის სიგრძის კუბის ფორმის ნაგებობა. მისი ოთხი კუთხე ქვეყნიერების ოთხ მხარეს შეესაბამება. დღეს შავი და ოქროსფერი ქსოვილით დაფარული ქააბა, მუსლიმების რწმენით, აბრაამმა (იბრაჰიმმა) და მისმა ვაჟმა ისმაილმა ადამის მიერ აგებული შენობის საძირკველზე დააშენეს.
წყალდიდობის მიერ განადგურებული ქააბა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა აღადგინა. მის აღმოსავლეთ კუთხეში დევს შავი ქვა, რომელიც თითქოსდა ზეციდან ჩამოვარდა და ადამს და ევას მოუნიშნა ადგილი, სადაც ღმერთისთვის საკურთხეველი უნდა აეგოთ. ქააბას აღდგენის შემდეგ შავ ქვას ადგილი თავად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა მიუჩინა. ქააბაში შესვლის უფლება ძალიან ცოტას აქვს. მისი ნაზსურნელებით გაჟღენთილი ინტერიერი მარმარილოთია გაწყობილი და იატაკიდან ლამის ჭერამდე კედლები ყურანიდან მოყვანილი ციტატებითაა დაფარული.
მექა ისლამის რელიგიური ცენტრია და ყოველ ჯანმრთელ მუსლიმს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქააბას მოლოცვა ევალება. უკვე მრავალი საუკუნე, მექას წმინდა მეჩეთი ყოველწლიურად მილიონობით სტუმარს მასპინძლობს. ჰაჯის ან უმრას (ნაკლებად მნიშვნელოვანი პილიგრიმობა) მომლოცველები ქააბას საათის საწინააღმდეგო მიმართულებით გარს შვიდჯერ უვლიან. ბევრი მათგანი, თუკი ახერხებს, ჩერდება და შავ ქვას კოცნის. ამ ტრადიციას თავად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა დაუდო სათავე.