რას ეძებ?

საინტერესო ფილოსოფია

კარმა-იოგა / სვამი ვივეკანანდა / ამონარიდი

კარმა-იოგა / სვამი ვივეკანანდა / ამონარიდი

სიტყვა კარმა, გარდა შრომისა, მიზეზობრიობასაც ნიშნავს. ყოველგვარ მუშაობას, ყოველგვარ საქციელს, ყოველგვარ აზრს, რომელიც მოქმედებას აწარმოებს, ჰქვია კარმა. ამგვარად, კარმის კანონი არის კანონი მიზეზობრიობისა, რომელიც გარდაუვალად შედეგს ბადებს.

ჩვენი ფილოსოფიის თანახმად, იგი მთელ სამყაროში მოქმედებს. რასაც არ უნდა ვხედავდეთ, ვგრძნობდეთ, ვაკეთებდეთ, რა მოვლენაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, ეს მოვლენა, არის რა, ერთი მხრივ, წარსული საქმეების შედეგი, ხდება, მეორე მხრივ, მიზეზი და თავის მოქმედებას აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს სიტყვა «კანონი». მოვლენათა მთელი რიგის გამეორებისკენ სწრაფვას ჰქვია კანონი. როცა ერთი მოვლენა მეორეს მოჰყვება ან მეორესთან ერთდროულად ხდება, ველოდებით, რომ მოვლენათა ეს თანმიმდევრობა ან ერთდროულობა განმეორდება. ნიაიას სკოლის ძველი ფილოსოფოსები ამ კანონს უწოდებენ ვიაპტის.

ამ ფილოსოფოსთა სწავლების თანახმად, კანონზე ჩვენი ყველა წარმოდგენა ასოციაციების ძალით ჩამოყალიბდა. მოვლენათა მთელი რიგი სხვა მოვლენებს ჩვენს გონებაში უცვლელი წესით ეთავსება, და ყველა ჩვენს აღქმას დაუყოვნებლივ გარკვეულ ფაქტებს მივაწერთ ჩვენს გონებაში. ერთმა აზრმა ან, ჩვენი ფსიქოლოგიის თანახმად, ერთმა ტალღამ, რომელიც ტვინის მატერიაშია გამოწვეული, ჩიტამ, მრავალი ერთგვაროვანი ტალღა უნდა დაბადოს. ასეთია ასოციაციის ფსიქოლოგიური იდეა, მიზეზობრიობა კი ამ დიდებული და ყოვლისმომცველი პრინციპის მხოლოდ ერთი ასპექტია. ასოციაციის ამ ყოვლისმომცველობას სანსკრიტულ ენაზე ჰქვია ვიაპტი. გარე სამყაროში კანონის იდეა თავისი არსით იგივეა, რაც შიდა სამყაროშია.

სახელდობრ – იმის ლოდინი, რომ გარკვეულ მოვლენას სხვა მოვლენა მოჰყვება და რომ მოვლენათა გარკვეული რიგი უნდა განმეორდეს. შესაბამისად, კანონი არ არის ბუნებაში და, მკაცრად რომ ვთქვათ, შეცდომაა იმის მტკიცება, რომ მიზიდულობა დედამიწაში არსებობს ან რომ რომელიმე კანონი ობიექტურად სადღაც ბუნებაში არსებობს. კანონი არის ის მეთოდი, ის მანერა, რომლებითაც ჩვენი გონება რიგ მოვლენებს აღიქვამს; ეს კანონი მთლიანად გონებაში იმყოფება. ჩვენ კანონს ვუწოდებთ გარკვეული მოვლენების თანმიმდევრულ ან ერთდროულ გამეორებას, რომელსაც თან ახლავს მათი გამეორების რეგულარობის დარწმუნებულობა, რაც ჩვენს გონებას იმის საშუალებას აძლევს, რომ მოვლენათა მთელი სერიის საერთო მეთოდი მოიცვას.

შემდეგი საკითხი, რომელიც განხილვას საჭიროებს, საყოველთაო ერთიანობის მნიშვნელობის გარკვევაში მდგომარეობს. სამყარო წარმოადგენს ყოფიერების იმ ნაწილს, რომელიც სანსკრიტის ფსიქოლოგების მიერ დახასიათებულია ტერმინით დეშა-კალანიმიტა, ანუ იმით, რაც ევროპულ ფსიქოლოგიაში დროის, სივრცის და მიზეზობრიობის მნიშვნელობას შეესაბამება. იგი წარმოადგენს უსასრულო ყოფიერების მხოლოდ ნაწილს, და მოთავსებულია გარკვეულ ფორმაში, რომელიც სივრცის, დროის და მიზეზობრიობისგან შედგება.

აქედან თავისთავად გამოდის, რომ კანონი შესაძლებელია მხოლოდ ამ პირობითი სამყაროს საზღვრებში; მის ზღვრებს იქით არავითარი კანონი არ შეიძლება რომ იყოს. სამყაროში ვგულისხმობთ ყოფიერების მხოლოდ ნაწილს, რომელიც ჩვენი გონების მიერ არის შეზღუდული: კანონის მოქმედებას ექვემდებარება მხოლოდ გრძნობათა სამყარო, რომელსაც შეგვიძლია ვხედავდეთ, შევიგრძნობდეთ, ვეხებოდეთ, ვუსმენდეთ, გონებით აღვიქვამდეთ, წარმოდგენით ვხატავდეთ; მაგრამ მის ზღვებს მიღმა ყოფიერება არ შეიძლება კანონს ემორჩილებოდეს, იმიტომ რომ მიზეზობრიობა არ ვრცელდება სამყაროს ზღვრის იქით; ეს სამყარო ჩვენი გონების მიერაა შექმნილი.

ის ყველაფერი, რაც ჩვენი აზროვნების და ჩვენი გრძნობების ზღვრებს მიღმაა, არ არის დაკავშირებული მიზეზობრიობის კანონთან იმიტომ, რომ გრძნობების ზღვრებს იქით მდებარე სფეროში არ არის მოვლენათა გონებრივი ასოციაცია, ასეთი ასოციაციის გარეშე კი მიზეზობრიობაც ვერ იქნება. ყოფიერება, ანუ არსებობა, ემორჩილება მიზეზობრიობის კანონს და მხოლოდ მაშინ ექცევა კანონის ძალაუფლების ქვეშ, როცა ის სახელებით და ფორმით იმოსება იმის გამო, რომ ყოველგვარ კანონს თავისი არსით მიზეზობრიობაში აქვს ფესვი გადგმული.

ამიტომ შეუძლებელია, თავისუფალი ნება რომ იყოს. თვითონ ეს სიტყვები წინააღმდეგობას წარმოადგენს, იმიტომ რომ ნება ვიცით, ხოლო ის ყველაფერი, რაც ვიცით, სამყაროში იმყოფება, და ის ყველაფერი, რაც სამყაროში იმყოფება, განპირობებულია სივრცით, დროით და მიზეზობრიობით. ის ყველაფერი, რაც ვიცით ან რაც შეგვიძლია გავიგოთ, მიზეზობრიობას უნდა ემორჩილებოდეს, ხოლო ის, რაც მიზეზობრიობის კანონს ემორჩილება, არ შეიძლებ იყოს თავისუფალი. იგი სხვა ფაქტორების გავლენის ქვეშ არის და, თავის მხრივ, მიზეზი ხდება. მაგრამ ის ყველაფერი, რაც თავიდან ნება არ ყოფილა, მაგრამ სივრცისა და დროის ფორმაში ჩამოვარდნის დროს ნებად გარდაიქმნა, თავისუფალია; და როცა ეს ნება სივრცის, დროის და მიზეზობრიობის ფორმას მოიცილებს, კვლავ თავისუფალი იქნება. თავისუფლებიდან მოდის იგი და მონა ხდება, მაგრამ როდესაც მონობას მოიცილებს, კვლავ ღებულობს თავისუფლებას.

© სვამი ვივეკანანდა / კარმა-იოგა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა