ქართველური ენები და მისი ლინგვისტური ოჯახის ფილოგენია
გამოქვეყნდა ჩვენი ახალი კვლევა, რომელიც ადგენს და ათარიღებს სამხრეთ კავკასიური ლინგვისტური ოჯახის (ე.ი. ქართველური ლინგვისტური ოჯახის) ფილოგენიას ბაიესური მეთოდით და ავლენს მისი წარმოშობის ადგილს. ქართველური ენების წარმოშობის ადგილს და გაყოფის მიზეზებს ვადგენთ (1) ძველი არეალებით იმ ცხოველებისა და მცენარეებისა, რომელთა სახელები აღდგება საერთო-ქართველურ ძირებამდე, (2) წარსული კულტურების გავრცელების ადგილებით და (3) წარსულ და არსებულ ადამიანთა პოპულაციების გენეტიკური ვარიაციებით. ჩვენი საუკეთესო ბაიესური ფილოგენეტიკური მოდელი ეთანხმება წინა კვლევების მიერ შემოთავაზებულ ფართოდ აღიარებულ ტოპოლოგიას. თუმცა, ამ კვლევებისგან განსხვავებით, ჩვენი მოდელი გვთავაზობს გაყოფის უფრო ადრეულ თარიღებს, რომლის მიხედვითაც სვანური და ქართო-ზანური დაშორდნენ ერთმანეთს ადრეულ სპილენძის ხანაში (დაახლოებით 7641 წლის წინ), ხოლო ქართული და ზანური – ადრეულ რკინის ხანაში (დაახლოებით 2617 წლის წინ). ზანურის მეგრულად და ლაზურად დაყოფა ფართოდ მიეწერება ქართულის და/ან ქართულად მეტყველთა გავრცელებას VII-VIII საუკუნეებში. ჩვენი ანალიზი აჩვენებს ქართველურ ენათა წარმოშობას იმ ადგილში, რომელიც დიდწილად მოიცავს სამხრეთ კავკასიის კოლხურ მყინვარულ რეფუგიუმს. ქართველური ენების დაყოფა მტკიცედ არის დაკავშირებული როგორც ტექნოლოგიების გავრცელების სიჩქარესთან სხვადასხვა ლანდშაფტში, ისე სახელმწიფოს მიერ მართული თემების გაჩენასთან. ნეოლითურმა საზოგადოებებმა ვერ შეძლეს უღრანი ტყეების კოლონიზაცია, მაშინ როცა სპილენძის ხანის საზოგადოებებმა ამ მხრივ მცირე წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც მიაღწიეს ბრინჯაოსა და რკინის ხანის საზოგადოებებმა. ნაშრომი ასევე განიხილავს მყინვარული რეფუგიუმების მნიშვნელობას ლინგვისტური ოჯახების საფუძვლის ჩაყრაში და საიდან შეიძლება წარმოშობილიყვნენ ინდოევროპული ენები.
წარმოგიდგენთ ყოვლისმომცველ სცენარს, რომელიც ეფექტურად აერთიანებს ჩვენი კვლევის შედეგებს, არქეოლოგიურ, არქაულ ლექსიკურ და ტოპონიმურ მონაცემებს, ასევე ისტორიულ ჩანაწერებს. კავკასიაში მინდვრების და მეჩხერი ტყეების ნეოლითიზაციამდე ანუ მიწათმოქმედი ანატოლიელების გენების გამოჩენამდე (ე.ი. 8000 წლის წინ და უფრო ადრე), საერთო-ქართველურად მეტყველებდნენ მონადირე-შემგროვებლები რიონის ირგვლივ — უფრო ზუსტად ადგილში მდინარეებს მტკვარს, ჭოროხსა და ენგურს შორის. 8000 წლის წინიდან 4000 წლის წინამდე (დაახლოებით 4000 წლის განმავლობაში) მიწათმოქმედმა და მეტალურგიულმა საზოგადოებებმა მთლიანად ჩაანაცვლეს მონადირე-შემგროვებლები მტკვრის აუზსა და ჭოროხის აუზის უმეტეს ნაწილში, ხოლო მონადირე-შემგროვებლები დარჩნენ რიონ-ენგურის აუზებში და ჭოროხის აუზის უღრანტყიან ნაწილში. ტყიანობაში ასეთი განსხვავება განპირობებულია რიონ-ენგურის აუზების ბევრად უფრო უხვი ნალექიანობით. ამ პერიოდში მონადირე-შემგროვებლები დომინირებდნენ რიონ-ენგურის აუზებში, ხოლო მიწათმოქმედი და მეტალურგიული საზოგადოებები – მტკვარ-ჭოროხის აუზებში, რადგან ამ ტექნოლოგიურად განვითარებულ საზოგადოებებმა უფრო მეტი დრო მოანდომეს რიონ-ენგურისთვის დამახასიათებელი ხშირი და უღრანი ტყეების ათვისებას. ცხოვრების წესისა და გარემოს 4000-წლიანი განსხვავებების გამო, ენობრივი განსხვავებები დაგროვდა და გამყარდა მტკვარ-ჭოროხის აუზებისა და რიონ-ენგურის აუზების საზოგადოებებს შორის. რიონ-ენგურის ჯგუფის (ე.ი. მონადირე-შემგროვებელთა) ენა სვანურად განვითარდა, ხოლო მტკვარ-ჭოროხის ჯგუფის (ე.ი. მიწათმოქმედთა და მეტალურგთა) ენა – ქართო-ზანურად.
რაც შეეხება ქართო-ზანურს, ამ ენაზე მეტყველები, სავარაუდოდ, რკინის ხანამდე ბინადრობდნენ მტკვარ-ჭოროხის აუზებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართო-ზანურად მეტყველებდნენ ის მიწათმოქმედი და მეტალურგი მტკვარ-არაქსელები, რომლთა დასახლებებიც სპილენძისა და ბრინჯაოს ხანაში მდინარე მტკვრის აუზში ყვაოდნენ. დროთა განმავლობაში მტკვრისა და ჭოროხის აუზებს შორის შეზღუდულმა მიმოსვლამ განაპირობა ქართო-ზანურის ორი განსხვავებული შტოს განვითარება: ქართულის მტკვრის აუზში და ზანურის ჭოროხის აუზში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჭოროხის აუზის უმეტეს ნაწილში ქართულად მეტყველებენ, ამ მხარეში წინაქართული სუბსტრატი ზანურია. ქართო-ზანურის გაყოფის ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გეოგრაფიული ზღუდეები, როგორიცაა კლიმატურად მკაცრი მთის სტეპი და ხშირი ტყეები, რომლებიც გამოყოფდნენ ერთმანეთისგან მტკვრისა და ჭოროხის აუზებს. ქართო-ზანურის გაყოფის მე-2 მიზეზი შეიძლება იყო ცივ სტეპში ცხოვრებას ნაჩვევი მეჯოგეების ჩამოსახლება პონტო-კასპიური სტეპიდან, რასაც ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის დაკნინება და ადრეული ყორღანული კულტურის გაჩენა. ეს მეჯოგეები შემოვიდნენ კავკასიაში კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროთი და ძირითადად დასახლდნენ დღევანდელი სომხეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის მთის სტეპებში და საფუძველი ჩაუყარეს სომხურ ენას შუა და გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში. ქართო-ზანურის გაყოფის მე-3 მიზეზი შეიძლება იყო ისეთი სახელმწიფოების აღზევება, როგორიცაა რკინის ხანის ურარტუს სამეფო, რომლის ჩრდილოეთ ნაწილი მდებარეობდა მტკვრისა და ჭოროხის აუზებს შორის. გარდა ამისა, ხშირი ტყეები გამოყოფდა ამ აუზებს ჩრდილოეთიდან. მთლიანობაში, ქართო-ზანურის დაყოფა ქართულად და ზანურად შეიძლება მივაწეროთ სამივე მიზეზს ერთად: გეოგრაფიულ ზღუდეებს, პონტო-კასპიური სტეპებიდან მეჯოგეთა ჩამოსვლას და ისეთი სახელმწიფოების გაჩენას, როგორიცაა ურარტუ, რომელიც ენობრივად არ იყო ქართველური.
ამის შემდეგ ზანური ენა და/ან ზანურად მოსაუბრენი ჭოროხის აუზიდან გავრცელდნენ იქ, სადაც ახლა მდებარეობს თურქეთის შავი ზღვის სანაპირო და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი (იგივე კოლხეთი ძველად). პირველი საუკუნისათვის ამ გავრცელებამ თანდათან გადაანაცვლა სვანური ჩრდილოეთით, კერძოდ მდინარეების კოდორის, ენგურის, ცხენისწყლისა და რიონის ზემო წელებში. შემდგომში, VII-VIII საუკუნეებში ქართულმა ენამ და/ან ქართულად მოლაპარაკეებმა მტკვრის აუზიდან გადალახეს პონტო-კასპიური წყალგამყოფი, რასაც თანდათან მოჰყვა დიდწილად ზანურის შევიწროვება და გაყოფა ლაზურად და მეგრულად, ასევე სვანურის კიდევ უფრო შევიწროვება.
ამ კვლევის შედეგად აგრეთვე მივიღეთ უძველესი და თანამედროვე კავკასიის გენეტიკური სურათი. ჩვენმა ანალიზმა გამოავლინა ქართველურად მოლაპარაკეებს შორის ორი განსხვავებული ლინგვო-გენეტიკური ჯგუფი, კერძოდ სვანური და ქართო-ლაზური. ამ ჯგუფთა ნიმუში გაჭიმული იყო კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებსა და ნეოლითურ-სპილენძის ხანის ანატოლიელებს შორის. სვანური ლინგვო-გენეტიკური ჯგუფი უფრო ახლო გენეტიკურ კავშირს ავლენდა კავკასიელ მონადირე-შემგროვებელებთან, ხოლო ქართო-ლაზური ლინგვო-გენეტიკური ჯგუფი უფრო ძლიერ გენეტიკურ მსგავსებას ავლენდა უძველეს ანატოლიელებთან. მეგრულად მეტყველთა ჯგუფი იყო ნაზავი სვანური და ქართო-ლაზური ჯგუფებისა, უფრო სვანურისკენ გაწეული. ეს გენეტიკური სურათი ემთხვევა ბაიესის ენობრივ ხეს ისე, რომ ქართო-ლაზური გენეტიკური ჯგუფი არის ქართო-ზანური ენობრივი შტოს ვექტორი, ხოლო სვანური ჯგუფი არის სვანური ენობრივი შტოს ვექტორი. ამ სურათის მიხედვით დღეს ლაზები უფრო ენათესავებიან ქართლ-კახელებს (ე.ი. აღმოსავლეთ ქართველებს), ვიდრე მეგრელებს. მეგრელები კი უფრო ენათესავებიან სვანებს, ვიდრე ლაზებს. მოკლედ, ამ გენეტიკური კვლევისა და ტოპონიომების ანალიზის მიხედვით, მეგრელების წინაპრები დიდი ალბათობით მეტყველებდნენ სვანურად. CHG-კომპონენტის (ანუ 13000 – 9000 წლების წინ მცხოვრები კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების წილი) არის ყველაზე მაღალი თანამედროვე კავკასიელებში. მაგრამ როგორც ძველად, ისე ახლა რაც უფრო ახლოსაა პოპულაცია დასავლეთ საქართველოსთან, მით უფრო მაღალია CHG-ის წილი და დაბალია ანატოლიელთა და ჲამნელთა (ანუ პონტო-კასპიელ სტეპელთა) წილი. ამიტომ უძველეს ნაზარლეველებსა და დიდნაურელებში უფრო დაბალია CHG-ის წილი, ვიდრე დოღლაურელებში. ამავე დროს ნაზარლეველებში და დიდნაურელებში არის ცოტაოდენი წილი ჲამნელებისა ანუ იმ ხალხისა, რომლებმაც დასაბამი მისცეს დღევანდელ ინდო-ევროპულ ენებს და მათმა შემოსვლამ ~4000 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში საფუძველი ჩაუყარა სომხური ენის წარმოშობას. ჲამნელთა წილი თითქმის თანაბარია ნაზარლეველებსა და დიდნაურელებში, მაგრამ არ არის დოღლაურელებში. ბრინჯაოს ხანის მაიკოპელები (ანუ ჩრდილო კავკასიელები) გენეტიკურად ჯგუფდებიან არა თანამედროვე ჩრდილო კავკასიელებთან, არამედ თანამედროვე ქართლ-კახელებთან და ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიელებთან. ამის მიზეზია ბრინჯაოს ხანის შემდეგ ევრაზიული სტეპიდან და ციმბირიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გენების არსებითი ნაკადი, რამაც დღევანდელი ჩრდილო კავკასიელები გენეტიკურად დააშორა სამხრეთ კავკასიელებს. ამ გენთა ნაკადმა შეიძლება ახსნას ციმბირული ენების კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში, რამაც ზოგ ენათმეცნიერს აფიქრებინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიური, ენისეული, ნა-დენე და სინო-ტიბეტური ენები ენათესავებიან ერთმანეთთან.
ინდოევროპული ენების ნამდვილი სამშობლო დღემდე საკამათოა, თუმცა ყველა კვლევა კავკასიასთან ახლოს ვარაუდობს. ჩვენი კვლევის შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ სამშობლოს ძიების არეალის შემცირებაში. ლინგვისტური ოჯახები ასოცირდებიან რეფუგიუმებთან ანუ იმ ადგილებთან, რომლებშიც ადამიანთა პოპულაციებმა თავშესაფარი ჰპოვეს ბოლო გამყინვარების პერიოდში. კავკასიასა და ახლოაღმოსავლეთში ასეთი სულ 5 რეფუგიუმია: ანატოლიური, ლევანტური, ზაგროსული, ჰირკანული და კავკასიური. ამ რეფუგიუმებიდან ანატოლიური ასოცირდება ხათურ ენებთან, ლევანტური – ხურიტულ ენებთან, კავკასიური – კავკასიურ ენებთან, ხოლო ზაგროსი ან ჰირკანი შეიძლება ასოცირდებოდეს იმ აკვანთან, რომელმაც დასაბამი მისცა პონტო-კასპიური სტეპის და ანატოლიის ინდოევროპულ ენებს. შეგახსენებთ, რომ ანატოლიური ინდოევროპული ენები (მაგ. ხეთური) გაქრნენ, ხოლო პონტო-კასპიური სტეპის ინდოევროპული ენები მოედნენ მთელ მსოფლიოს.
კვლევა: The time and place of origin of South Caucasian languages