კატინი: „აქ განისვენებენ პოლონელი ჯარისკაცები“
(კატინი) – 1943 წლის 13 აპრილს ბერლინის რადიომ გადმოსცა ინფორმაცია კატინის ტყეში აღმოჩენილ მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით (პოლონელი სამხედროების გვამებით, რომლებიც მათი თქმით ნკვდ-ს მიერ 1940 წელს იყვნენ დახვრეტილნი).
იმავე წლის ბოლოს სსრკ-ის სამხედროებმა სმოლენსკის რაიონიდან უკან დაახევინეს გერმანელებს. მოგვიანებით კატინის ტყეში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს სათავეში საბჭოთა კავშირის ცნობილი ქირურგი ნიკოლაი ბურდენკო ჩაუდგა. კომისიის მთავარი მისია მტკიცებულებების მოპოვება იყო, რომელთა საშუალებითაც პოლონელი ტყვეების მკვლელობა გერმანელ ჯარისკაცებს დაბრალდებოდა.
ამ არაამქვეყნიურ სისასტიკეში საბჭოთა კვალის გადასაფარად, საბჭოთა მკვლევარებმა სამარხებში “აღმოაჩინეს” გერმანული იარაღი „ვალტერი“, რაც ერთი შეხედვით უტყუარი მტკიცებულება უნდა გამხდარიყო იმისა, რომ პოლონელი სამხედროების მასობრივი დახვრეტა პირსისხლიანი გერმანელების კისერზე იყო.
პარალელურად დაიწყეს იმ პოლონელების რეპრესიები, რომლებმაც იცოდნენ სიმართლე ამ ტრაგედიის შესახებ. 1944 წელს, საბჭოთა კავშირის კომისიამ კატინის ტყეში მუშაობა დაასრულა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი აღმართეს ჯვარი (რამხელა ცინიზმია, კომუნისტებმა ჯვარი აღმართეს) წარწერით – „აქ განისვენებენ პოლონელი ჯარისკაცები, რომლებიც ჰიტლერის რეჟიმმა 1941 წელს შეიწირა“. მემორიალის გახსნის ცერემონიალს კოსციუშკოს დანაყოფის პოლონელი სამხედროები ესწრებოდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის მხარეს იბრძოდნენ.
ტრაგედიიდან 47 წლის შემდეგ, 1990 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად სცნო ნკვდ-ს ბრალი კატინის ტრაგედიაში. მანამდე ჩვენს ბებია-ბაბუებს საბჭოთა ისტორიის სახელმძღვანელოებში უტიფრად ასწავლიდნენ, თუ როგორ იცავდა სსრკ-ი პოლონეთს, პირსისხლიანი გერმანელი ნაცისტებისგან…
1992 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ პოლონეთის მოქალაქეების (ძირითადად პოლონური არმიის ოფიცრების) მასობრივი მკვლელობა განხორციელდა 1940 წლის გაზაფხულზე, საბჭოთა ნკვდ-ს თანამშრომლების მიერ. სიკვდილით დასჯა განახორციელა ნკვდ-ს ტროიკამ, სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად. მოგვიანებით გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების მეშვეობით დადასტურებულია, რომ დახვრიტეს 21 857 პოლონელი სამხედრო ტყვე.
2010 წლის 26 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღიარა კატინის ხოცვა-ჟლეტაში იოსებ სტალინის და სხვა საბჭოთა მოღვაწეების დანაშაული. 13 აპრილი კატინის ტყეში მოკლულ პოლონელ სამხედროთა ხსოვნის დღეა.
ტეგები: კატინი, კატინის ტრაგედია, კატინის ხოცვა-ჟლეტა, პოლონეთი, კატინის ტყე, სისასტიკე, ნკვდ, საბჭოთა კავშირი, დანაშაული, ისტორია, სამარხები