ქაჯურაჰო – „კამა სუტრას“ ეროტიული სკულპტურები

ლეგენდარული ქაჯურაჰო (ჰინდი: खजुराहो khajurāho) – ინდუისტურ-ჯაინისტური 22 ტაძარი არქიტექტურულ შედევრად ითვლება. ქაჯურაჰოს ტაძრები ფასადზე გამოსახული, ყოველდღიურობის ამსახველ სცენებს შორის გამოკვეთილი ეროტიული სკულპტურებითაა ცნობილი. სინამდვილეში სკულპტურების მხოლოდ 10 %-ია ეროტიული, დანარჩენები ქაჯურაჰოს კულტურული მნიშვნელობის ეპოქის დროინდელ ცხოვრებას აღწერს. მართალია, ისტორიკოსები და არქეოლოგები ხშირად კამათობენ სკულპტურების დანიშნულებაზე, მაგრამ მათი ღირებულება, როგორც ხელოვნების ნიმუშებისა, უდავოა.
ჩრდილოეთ ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში მდებარე პატარა ქალაქი ქაჯურაჰო ათასი წლის წინ ჩანდელას დინასტიის (X-XIII სს.) ეპოქაში დაარსდა. საყოველთაო მოსაზრებით ის შუა საუკუნეების ინდოეთის არქიტექტურული მიღწევების პიკს წარმოადგენს. 950-1050 წლებში სულ 85 ტაძარი აშენდა, თუმცა, დღემდე მხოლოდ ოცდაორმა მოაღწია.

ტაძრები ქვიშაქვით ააშენეს და რაც უნდა უცნაური იყოს, აგურები არ შეუდუღაბებიათ და შედეგად ტაძრებს ისეთი იერი აქვს, თითქოს გიგანტური ლოდიდან გამოთალესო. ფასადზე ინდური ყოფა-ცხოვრების სცენებია გამოსახული.გარდა ეროტიული სკულპტურებისა, ტაძარზე ამოკვეთილი ფიგურები მაკიაჟს იკეთებენ, მუსიკალურ საკრავებს უკრავენ, მიწას ხნავენ, ქოთნებს ძერწავენ და სხვა ყოველდღიური საქმმებით არიან დაკავებულნი. უნდა აღინიშნოს, რომ „კამა სუტრას“ ეროტიული ვარჯიშების ამსახველი ფიგურები ღვთაებების ქანდაკებებისგან მოშორებულია. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარში შესვლისას უკან ტოვებთ ფასადზე გამოსახულ ამქვეყნიური ცხოვრების ხმაურსა და ფაციფუცს. საფეხუროვანი ჭერი ყვავილებითა და გეომეტრიული ფიგურებითაა მოჩუქურთმებული.
ყველაზე დიდია კანდარია მაჰადევა – უზენაესი ღმერთის, შივას სახელობის 31 მ სიმაღლის ტაძარი. აგრეთვე გამორჩეულია ჩიტრაგუპტა – ეტლში მდგარი მზის ღმერთის, სურიას 1,5 მეტრის სიმაღლის ქანდაკებით და ქალღმერთი კალის (დროის მსვლელობისა და მარადიული ცვლილებების მბრძანებლის) სახელობის ნაწილობრივ დანგრეული ჩაუნასტი, რომელიც სულ ბოლოს უნდა იყოს აშენებული. ამჟამად ქაჯურაჰო ინდოეთის ერთ-ერთი პოპულარული ღირშესანიშნაობაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძაგლთა სიაშია შეტანილი. ღია ცის ქვეშ გახსნილ არქეოლოგიურ მუზეუმში დანგრეული ტაძრების ქანდაკებები და რელიქვიებია გამოფენილი.
