რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

კილიმანჯარო: მსოფლიოს უდიდესი ეული მწვერვალი

კილიმანჯარო

აფრიკის უმაღლესი მთა და მსოფლიოს უდიდესი ეული მწვერვალი კილიმანჯარო 5895 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს სავანას. ის ეკვატორიდან 340 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს და მისი დათოვლილი მწვერვალი შორიდან მირაჟს მოგაგონებთ. მისი ცნობილი ხედი, როგორც აფრიკის სიმბოლო, არაერთ ფოტოსა თუ ნახატზე აღუბეჭდავთ.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული, მისივე სახელობის ეროვნული პარკის შუაგულში აღმართული კილიმანჯარო ტანზნიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კენიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი სახელის ეტიმოლოგია უცნობია. სავარაუდოდ, ორი ადგილობრივი ენიდან უნდა იყოს წარმოშობილი. „კილიმა“ სუაჰილის ტომის ენაზე „მთას“ ნიშნავს, ხოლო „ნჯარი“ კაჩაგას ტომის ენაზე – „თეთრს“.

მთა მილიონი წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა. კილიმანჯაროს სამი მწვერვალი აქვს სამივე ვულკანის კონუსია. უმაღლეს კონუსს კიბო ჰქვია და სწორედ კიბოს კიდეზე მდებარეობს კილიმანჯაროს უმაღლესი წერტილი, უჰურუს პიკი. შედარებით ქვემოთაა მავენზისა და შირას კონუსები (პირველი – 5149, მეორე – 3962 მ). კილიმანჯარო მიძინებული ვულკანია, თუმცა კიბოს კრატერში პერიოდულად მცირე აქტივობა შეიმჩნევა. ბოლოს ამ კრატერიდან ლავამ 200 წლის წინ ამოხეთქა.

კილიმანჯაროს სხვადასხვა სიმაღლეზე ხუთი განსხვავებული ეკოსისტემა გვხდება. ოდესღაც მის ძირში ხშირი ტყე იყო, მაგრამ მიწათმოქმედებისთვის ხელსაყრელმა პირობებმა (განსაკუთრებით, კილიმანჯაროს სამხრეთ კალთებზე, რომლებიც უფრო უხვი ნალექით გამოირჩევა) ფერმერები მიიზიდა და ტყე გაიკაფა, ახლა ყავისა და ბოსტნეულის მცირე პლანტაციებია გაშენებული. 1800-2800 მეტრის სიმაღლეზე ტყის ზონაა, ოდნავ უფრო მაღლა კი დაბალი ბუჩქები და მანანა იზრდება.

ტურაკო

ჯიქი (ლეოპარდი)

4200 მეტრს ზემოთ ალპური უდაბნოა, სადაც მცენარეებს იშვიათად შეხვდებით, თავად მწვერვალი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ჰაერში ჟანგბადის დონე მთის ძირთან შედარებით განსხვავებულია. ქვედა ეკოსისტემებში სხვადასხვა სახის ცხოველები ბინადრობენ. ჩიტებს შორის გამორჩეულია ჭრელი რქაცხვირა და ტურაკო, ცხოველებს შორის – ლურჯსახიანაი მაიმუნები, კოლომბუსები, მცირე ტანის ანტილოპები და ჯიქები.

კილიმანჯაროს მწვერვალი პირველად 1889 წელს ადგილობრივი გიდის, 18 წლის იოჰანა კინიალა ლავუოს მეგზურობით გერმანელმა ფოტოგრაფმა, ჰანს მაიერმა და ავსტრიელმა მთასვლელმა ლუდერინგ პურტშელერმა დალაშქრეს. ყოველ წელს 25000-მდე ადამიანი ცდილობს კილიმანჯაროზე ასვლას, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს. მართალია, მისი კალთები ერთი შეხედვით იოლად დასაძლევი ჩანს, მაგრამ კილიმანჯარო ძალიან მკაცრია. მწვერვალთან ახლოს ძალიან ცივა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო სუნთქვა ჭირს.

ტეგები: კილიმანჯარო, მწვერვალი, მყინვარი, მთა, აფრიკა, afrika, afrika, mta, kilimanjaro, mkinvari, leopardi, tanzania, kenia
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა