რას ეძებ?

საინტერესო სხვა

კიომიძუს ტაძარი ანუ „სუფთა წყლის ტაძარი“

კიომიძუს ტაძარი (კიომიძუ-დერა, იაპონურად - „სუფთა წყლის ტაძარი“) - იაპონია

კიომიძუს ტაძარი (კიომიძუ-დერა), იაპონურად – „სუფთა წყლის ტაძარი“, იაპონიაში მრავალ კოხთა ტაძართაგან ერთ-ერთი ულამაზესია. კომპლექსის 16 შენობა იაპონიის მტავრობამ „მნიშვნელოვან კულტურულ საკუთრებად“ გამოაცხადა, თუმცა, ყველაზე ცნობილი, ნამდვილი ეროვნული საგანძური მთავარი დარბაზია. დარბაზში წყალობისა და თანაგრძნობის ბუდისტური ქალღმერთის, კანონ ბოსაცუს უძველესი ქანდაკება დგას. დარბაზის გრძელი აივანი ტყეს გადაჰყურებს და იქიდიან გაზაფხულზე აყვავებული ალუბლების ხედი იშლება, შემოდგომით კი გაყვითებული ნეკერჩხლის მოფარფატე ფოთლები მოჩანს.

ოტოვას მთის ძირას, ქალაქ კიოტოს აღმოსავლეთით კიომიძუს პირველი ტაძარი 798 წელს ააშენეს. მას შემდეგ იქ სულ ტაძრები იდგა. ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ტაძარი არა ერთხელ დაუნგრევია მიწისძვრებსა და ხანძრებს, მაგრამ ყოველთვის პირვანდელი ფორმით აღადგენდნენ ხოლმე. ამჟამინდელი უბრალო, ხის „მთავარი დარბაზი“ 1633 წელს აშენდა ლურსმნის გამოუყენებლად. სახურავი და კანონ ბოსაცუს სამლოცველო იშვიათი ძელქვის ღეროსგან გამოჭრილ სვეტებზე დგას. ამ სამლოცველოში ხალხს მხოლოდ 30 წელიწადში ერთჯერ უშვებენ. მის პირდაპირ ცნობილი აივანი, „საცეკვაო სცენაა“, რომელიც ხეობის ტავზე 12-მეტრიან ბურჯებზე დგას.

კანონ ბოსაცუ (kannon bosatsu) - წყალობისა და თანაგრძნობის ბუდისტური ქალღმერთი

„მთავარი დარბაზის“ ქვეშ კამკამა ჩანჩქერი გადმოჩქეფს და სწორედ მისი სახელი ჰქვია ტაძარს. ჩანჩქერის სამი ნაკადი აუზში ჩაედინება და როგორც ამბობენ, ჯადოსნური თვისებები აქვს. პირველი ნაკადის წყალს თუ დალევთ, ჯანმრთელი იქნებით, მეორე ნაკადის წყალი ჭკუას მოგმატებთ, ხოლო მესამე ნაკადის წყალი ხანგრძლივ სიცოცხლეს უძრუნველყოფს. სტუმრებს მხოლოდ ორი ნაკადის წყლის დალევას ურჩევენ, რადგან სამივედან წყლის შესმა სიხარბის ნიშანია და უბედურება მოაქვს.

ჩანჩქერთან ახლოს ჯისუს ტაძარი დგას , რომელიც ასევე სასწაულმოქმედად ითვლება. სიყვარულის ღმერთის სახელზე აგებულ ტაძარში ერთმანეთისგან 18 მეტრით დაშორებული ორი ქვა დევს. ვინც თვალდახუჭული გაიკვლევს გზას ერთი ქვიდან მეორემდე, აუცილებლად იპოვის ჭეშმარიტ სიყვარულს. კიომიძუს სატაძრო კომპლექსი ბაღებსა და სხვა ლამაზ ნაგებობებსაც მოიცავს. მათ შორისაა სამსართულიანი კოიასუს პაგოდა, რომელსაც იოლი მშობიარობის მოსურნეები სტუმრობენ, და შედარებით მცირე, მაკა ბუდასა და ამიდა ბუდას სახელზე აგებული ტაძრები.

1994 წელს კიომიძუს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შეიტანეს.

კიომიძუ-დერა (kiyomizu-dera), იაპონურად - „სუფთა წყლის ტაძარი“ - იაპონია
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა