რას ეძებ?

საზოგადოება ფილოსოფია

ზიგმუნდ ფროიდი: „კულტურული ადამიანის სექსუალური ცხოვრება“

ზიგმუნდ ფროიდი „კულტურული ადამიანის სექსუალური ცხოვრება“

ადამიანს ფსიქიკური ენერგიის შეზღუდული რაოდენობა აქვს, რისი მიზეზით თავისი ამოცანები მან ლიბიდოს მიზანშეწონილი გადანაწილებით უნდა გადაჭრას.

კულტურის მიზნებისთვის დახარჯული ენერგიის კომპენსირება ძირითადად ქალებიდან და სექსუალური ცხოვრებიდან ხდება. თავისივე მსგავსებს შორის გამუდმებული არსებობა და მათთან ურთიერთობაზე დამოკიდებულება უცხოს ხდის მამაკაცს თვით ცოლქმრული და მამობრივი ვალდებულებებისთვის. ქალი ხედავს, თუ როგორ ხდება მისი გადანაცვლება მეორე პლანზე კულტურის მოთხოვნების მიზეზით, რის გამოც მას კულტურისადმი მტრული დამოკიდებულება უყალიბდება.

კულტურის მხრიდან სექსუალური ცხოვრების შეზღუდვის ტენდენცია ნაკლებ მკაფიოდ არ ვლინდება, ვიდრე მისი სხვა ტენდენცია, რომელსაც კულტურის წრის გაფართოებისკენ მივყავართ. კულტურის უკვე პირველმა ფაზამ, ტოტემიზმისა, სისხლის აღრევის აკრძალვა მოიტანა თან, აკრძალვა, რომელმაც, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ჭრილობა მიაყენა ადამიანის სასიყვარულო ცხოვრებას. ტაბუს, კანონის, ადათის მეშვეობით ხდება სხვა შეზღუდვების დამკვიდრება, რომლებიც ეხება როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მაგრამ ყველა კულტურა თანაბრად შორს არ მიდის; საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა ასევე ახდენს გავლენას ნარჩენი სექსუალური თავისუფლების ოდენობაზე. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ კულტურა ეკონომიკური აუცილებლობის იძულებით მოქმედებს, ართმევს რა სექსუალობას ფსიქიკური ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც კულტურა საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

ამასთან, ის სექსუალობას ისე ეპყრობა როგორც ტომი ან წოდება, რომელიც იმორჩილებს და ჩაგრავს სხვას. ჩაგრულთა ამბოხების წინაშე შიში სიფრთხილის უმკაცრესი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობას ქმნის. ასეთი განვითარების უმაღლეს წერტილს დასავლეთევროპულ კულტურაში ვხვდებით. ფსიქოლოგიურად სრულიად გამართლებულია, რომ ის აკრძალვებს უწესებს ბავშვური სექსუალობის გამოვლენას, რადგან ბავშვობისას წინასწარი დამუშავების გარეშე სექსუალური ლტოლვის დამორჩილება ზრდასრულებში უიმედო წამოწყება იქნებოდა. აქ გამართლება მხოლოდ იმას არ აქვს, რომ კულტურა მეტისმეტად შორს მიდის და საერთოდ უარყოფს ასეთ ფენომენთა არსებობას, მიუხედავად მათი სიცხადისა.

ზრდასრული ინდივიდის მიერ ობიექტის არჩევა საწინააღმდეგო სქესის პირებით არის შეზღუდული, როდესაც არაგენიტალური დაკმაყოფილების დიდი ნაწილი აკრძალულია როგორც გადაგვარება. ყველასათვის თანაბარი სექსუალური ცხოვრების მოთხოვნა არ ითვალისწინებს განსხვავებას თანდაყოლილ ან შეძენილ სექსუალურ კონსტიტუციასთან მიმართებით, ართმევს ადამიანებს სექსუალური სიამოვნების დიდ ნაწილს და ამ მიზეზით დიდი უსამართლობის წყაროდ იქცევა. შეზღუდვა და აკრძალვა წარმატებული არის მხოლოდ დასაშვებ არხებში სექსუალურ ინტერესთა შეუფერხებელი დინების ორგანიზებისთვის ნორმალურ ადამიანებში, რომლებსაც მათი კონსტიტუცია ხელს არ უშლის. მაგრამ დაკანონებული ჰეტეროსექსუალური გენიტალური სიყვარულიც ექვემდებარება შემდგომ შეზღუდვებს, ხდება მონოგამიის შემოტანა.

თანამედროვე კულტურა ცხადად გვაძლევს იმის ცოდნას, რომ სექსუალური ურთიერთობა დასაშვებია ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის ერთადერთი და ურღვევი კავშირის სახით. კულტურას არ სურს აღიაროს სექსუალობა სიამოვნების დამოუკიდებელი წყაროს სახით და მზადაა აიტანოს ის როგორც მხოლოდ გამრავლების შეუცვლელი საშუალება.

ეს კი უკვე ისეთი უკიდურესობაა, რომელიც, როგორც ცნობილია, უმცირესი ხნითაც კი არ ყოფილა განხორციელებული. მათ სექსუალურ თავისუფლებაში საყოველთაო ჩარევას მხოლოდ სუსტი ადამიანები უშვებდნენ, როდესაც ძლიერებისთვის მისი ატანა ხდებოდა კომპენსაციის სანაცვლოდ, რომლის შესახებ საუბარი წინ გვაქვს. კულტურული საზოგადოება იძულებული იყო მდუმარედ აეტანა მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომლებიც დევნას იმსახურებდა დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა შეცდომაში არ უნდა შევიდეთ კულტურის ასეთი მიდგომის უვნებლობასთან მიმართებით მისი ყველა მიზნის მიუღწევლობის გამოისობით.

კულტურული ადამიანის სექსუალური ცხოვრება ძლიერაა დაზარალებული და ისეთივე გადაშენებად ფუნქციას მოგვაგონებს, როგორიცაა ჩვენი ყბები ან თმა თავზე. ჩვენ უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ მოხდა სექსუალობის მნიშვნელობის საგრძნობი შემცირება როგორც ბედნიერების წყაროსი, შესაბამისად კი ჩვენი ცხოვრებისეული მიზნების რეალიზაციისა. დროდადრო ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ აქ საქმე არამხოლოდ კულტურის წნეხშია, რომ ამ ფუნქციის არსში არის რაღაც, რაც ეწინააღმდეგება სრულ დაკმაყოფილებას და სხვა გზებისკენ გვიბიძგებს. რთულია იმის თქმა, წარმოადგენს თუ არა ეს ცდომილებას.

© ზიგმუნდ ფროიდი / უკმაყოფილება კულტურით

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *