რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

პიზის დახრილი კოშკი – „ლა ტორე დი პიზა“

პიზის დახრილი კოშკი - „ლა ტორე დი პიზა“ (Leaning Tower of Pisa)

მის დამპროექტებელს ალბათ დიდად არ მოეწონებოდა მიზეზი, რომლის გამოც ეს კოშკია ცნობილი, მაგრამ ერთი რამ უდავოა, პიზის დახრილი კოშკი საერთაშორისო სიმბოლოა. კოშკის დახრილობის კუთხე სამხრეთ-აღმოსავლეთით 3,99°-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მისი წვერი ვერტიკალიდან 3,9 მეტრით არის გადახრილი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ოსტატობის სიმბოლოდ იქცა, პიზის კოშკი მაინც არქიტექტურულ შედევრად მიიჩნევა.

პიზის საკათედრო ტაძრის მოედანზე უშნოდ წამომართული დახრილი კოშკი, ანუ „ლა ტორე დი პიზა“, როგორც იტალიელები უწოდებენ, საკათედრო ტაძრის სამრეკლოდ იყო ჩაფიქრებული. მისი საძირკველი 1173 წელს სულ რაღაც სამი მეტრის სიღრმისა გათხარეს, ისიც არამდგრად ნიადაგში.

მშენებლობა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში სამ ეტაპად მიმდინარეობდა. როცა 1178 წელს მშენებლებმა მესამე სართულამდე მიაღწიეს, უკვე ცხადი იყო, რომ კოშკი გადაიხარა და მშენებლობა შეწყდა. თითქმის 100 წლის შემდეგ არქიტექტორი ჯოვანი დი სიმონე დაიქირავეს კოშკის მშენებლობის დასასრულებლად. აშენებული სამი სართულის დანგრევისა და კოშკის გამართულად აშენების ნაცვლად, მან დაწყებული საქმე განაგრძო, დახრილობის გასანეიტრალებლად ცალ მხარეს უფრო მაღალი სართულები დააშენა. გულდასმით დაკვირვებისას შეამჩნევთ, რომ კოშკი ოდნავ მრუდეა.

1319 წლისთვის კოშკის შვიდი სართული უკვე აშენებული იყო, 1372 წელს უმთავრესი ნაწილი – სამრეკლო დაამატეს. ახალმა არქიტექტორმა, ტომაზო დი პიზანომაც დახრილობის განეიტრალება მოინდომა და ცალ მხარეს უფრო მაღალი ოთახი ააშენა.

შედეგად მივიღეთ არქიტექტურულად მშვენიერი, მაგრამ მეტად უჩვეულო შენობა, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი ცალი მხარე მეორეზე მაღალია, ძირის დიამეტრი დაახლოებით 15,5 მეტრია. უკანასკნელ რესტავრაციამდე მისი დახრილობის კუთხე უფრო მეტი იყო: 5,5° , მაგრამ 1960-იან წლებში ასეთმა დახრილობამ მსოფლიო შეაშფოთა და სასწრაფოდ მათემატიკოსების, არქიტექტორებისა და ინჟინრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რათა ცნობილი კოშკი წაქცევისგან ეხსნათ.

1990 წელს კოშკს მესამე სართულზე მსხვილი ბაგირები შემოუჭირეს და რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დაამაგრეს. მერე ამაღლებული მხრიდან ტონობით მიწა გამოაცალეს და კოშკი იმავე მდგომარეობაში დააბრუნეს, როგორშიც XIX საუკუნეში იყო. ეს პროცედურა 2008 წელსაც გაიმეორეს და საძირკველი უფრო გაამყარეს. კოშკმა XII საუკუნის შემდეგ გადახრა პირველად შეწყვიტა და იმედი აქვთ, რომ ისტორიული მნიშვნელობის მონუმენტს, სულ მცირე, მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში საფრთხე აღარ დაემუქრება.

პიზის დახრილი კოშკი - „ლა ტორე დი პიზა“ (Leaning Tower of Pisa)
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა