რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

მაჩუ-პიკჩუ: ინკების იმპერიის საოცარი ქმნილება

მაჩუ-პიკჩუ, ინკების იმპერიის საოცარი ქმნილება

ზღვის დონიდან 2430 მეტრის ისმაღლეზე, ორ მთას, უაინა-პიკჩუსა და მაჩუ-პიკჩუს (რომლის სახელიც ქალაქს ქვია) შორის პერუს ტროპიკულ გაუვალ ტყეში ჩამალულია უძველესი ნანგრევები, რომლებსაც ხშირად „ინკების დაკარგულ ქალაქს“ უწოდებენ. ნისლში გახვეული, კლდოვანი მწვერვალებით გარემოცული ეს ბრწყინვალე და ლეგენდალური ქალაქი ინკების მიღწევებს უკვდავყოფს.

მაჩუ-პიკჩუ ინკების იმპერიის დიდების ზენიტში, დაახლოებით 1450 წელს აშენდა. სამწუხაროდ, ქალაქში დიდხანს არ უცხოვრიათ. ისტორიკოსების აზრით, 1572 წლისთვის ქალაქის მთელი მოსახლეობა ესპანელი კონკისკადორების მიერ შემოტანილმა ყვავილის ეპიდემიამ იმსხვერპლა. მართალია, ინკების ცივილიზაციის, მათი ტაძრებისა და წმინდა ქვების განადგურებასა და დამახინჯებაში კონკისკადორებს დიდი „წვლილი“ მიუძღვით, მაგრამ სავარაუდოდ, მათ მაჩუ-პიკჩუმდე არასდროს მიუღწევიათ, რადგან შენობების უმეტესობა დაუზიანებელი და ხელუხლებელია.

ციტადელის დანიშნულებაზე ბევრს დავობენ. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ მაჩუ-პიკჩუ ინკების იმპერატორ პაჩაკუტის სამფლობელოს წარმოადგენდა და ომიანობის დროს თავშესაფრად იყენებდა; სხვების მტკიცებით, სასოფლო-სამეურნეო ცენტრი იყო, სადაც მარცვლეულს საცდელად თესავდნენ, რადგან მაჩუ-პიკჩუს სიმაღლე და ტერასები მხოლოდ მცირე მეურნეობისთვის იყო ხელსაყრელი.

ციტადელის ნანგრევებს ურბანულ და სასოფლო-სამეურნეო სექტორებად კედელი ყოფს. სამურნეო სექტორი ტერასებიანია, რაც, გარდა იმისა, რომ სამიწათმოქმედო ნაკვეთებად გამოიყენებოდა, ქალაქის მოსახლეობას პოტენციური თავდამსხმელებისგანაც იცავდა, რადგან მტერს ტერასის კედლების სათითაოდ გადალახვა მოუწევდა. ქალაქის ურბანული სექტორის მთავარი შენობები ინკების კლასიკურ არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი. ინკები ნატიფად თლილი ქვით, ყოველგვარი კირხსნარის გარეშე აშენებდნენ. აშკარად გამოცდილი მშენებლები ყოფილან, რადგან ქალაქის ცენტრში მდგარი შენობების ქვები ისე მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, რომ მათ შორის ბალახის ღეროსაც ვერ შეაცურებ.

ქალაქში სულ 140 ნაგებობაა დარჩენილი. გარდა ტაძრების, სამლოცველოების, პარკების, ჩალით გადახურული სახლებისა და შადრევნებისა, მაჩუ-პიკჩუში დგას ინტიჰუატანას ქვა, რომელსაც ხშირად „მზის დასაბმელ ძეგლს“ უწოდებენ. ისტორიკოსების აზრით, ინკებს სჯეროდათ, რომ ამ ქვების საშუალებით მზე დედამიწაზე იყო მიბმული.

მისი მიუვალი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ინკების ცივილიზაციის ეს ეს საგანძური მრავალ წელიწადს ხელუხლებელი იყო. მაჩუ-პიკჩუ ადგილობრივი ბიჭის მეგზურობით მხოლოდ 1911 წელს აღმოაჩინა ამერიკელმა ისტორიკოსმა ჰაირამ ბინგემმა. ბინგემმა, რომელიც სინამდვილეში ინკების ქალაქ ვილკაპამპას ეძებდა, მაშინვე გააცნობიერა მაჩუ-პიკჩუს მნიშვნელობა და დაუყონებლივ არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. ამჟამად მაჩუ-პიკჩუ პერუს ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

(ისტორია, საინტერესეო, მაჩუ-პიკჩუ, ინკები, ინკების ცივილიზაცია, ინკების იმპერია, პერუ)
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *