„მარადისობის სახლი“ – ძველი ეგვიპტე და სიმპათიკური მაგია
შესაძლოა ჩვენთვის უცხო იყოს ასეთი კონცეფცია, მაგრამ ეგვიპტელთათვის იგი მისაღები იყო და ბუნებრივი, კერძოდ, ძალზე ადრეული – დაახლოებით ძვ. წ. 3000 წლიდან – მათ სწამდათ, რომ სულის სიკვდილის შემდგომი არსებობა (რასაც ისინი უწოდებდნენ კ ა-ს, ბ ა-ს და ა ნ კ-ს) მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო გარანტირებული, თუ გვამი დაცული იყო გახრწნისა და ძალადობისაგან. უფრო მეტიც, სხეულს უნდა შეენარჩუნებინა ისეთივე გარეგნობა, როგორიც ჰქონდა მას სიცოცხლის ჟამს, რათა სულს ეცნო იგი და კვლავ შესულიყო მასში. გარდა ამისა, იგი უნდა ყოფილიყო მომარაგებული, ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, ყოველივე იმით, რაც საჭიროა სიცოცხლის შესანარჩუნებლაღ, კერძოდ, საჭმელ-სასმელით და, ნაწილობრივ, სკულპტურასა და ფერწერაში განხორციელებით. (ეგვიპტე)
ხელოვნების ამგვარი ქმნილებები დეკორაციისათვის როდი იქმნებოდნენ; მათ ჰქონდათ მაგიურ-რელიგიური ფუნქცია. სიმპათიკური მაგიის პროცედურებით სკულპტურული ან ფერწერული ასლები თავად იქცეოდნენ დამოუკიდებელ საგნებად. ასე რომ, თუ გარდაცვლილის შთამომავალნი (ან მათ მიერ დანიშნული ქურუმნი) რეგულარულად ვერ მოამარაგებდნენ მის კა-ს საჭმელ-სასმელის შესაწირავით, მაშინ აკლდამის კედლებზე უბრალო ასახვა ნახირისა, ფრინველისა და თავთუხის ყანებისა საკმარისი იყო იმისათვის, რომ სული გადარჩენოდა ხრწნადობას, სარჩოს უქონლობით გამოწვეულს.
თუ გადავივლით ქარისაგან აღმართულ ქვიშის ბორცვენზე, მივადგებით თებეს დიდებულთა აკლდამებს, რომელთაგან ზოგი კლდის პირასაა, ზოგში კი კიბის საფეხურები ჩადის, გაფირი ხსნის რკინის ჭიშკარს და ჩვენ ჩავდივართ მცხუნვარე ხვატიდან ბნელ, გრილ აკლდამაში. გაპრიალებული ლითონის დაფისაგან ირეკლება მზის სინათლე და კლდეში გამოკეთილ ოთახებში ჩადის; კლდეებზე ელავს მკვეთრი ფერები, თითქოს გუშინ მოხატესო და ჩვენ უკვე ძველ ეგვიპტეში ვართ.
ეს არის ,,მარადიული ბინა” დიდებულისა, რომელსაც ერქვა სენუფერი. იგი იყო სამხრეთის ქალაქის (თებეს) მერი, და განაგებდა აგრეთვე ამუნის ბეღლებს, ნათესებს, ბაღ-ვენახებსა და ნახირს. კედლები გარანდულია, შელესილი და მოხატული. სახურავი კი არ არის გარანდული და მის უსწორმასწორო ზედაპირზე დახატულია ვაზის ფოთლები და მტევნები. ამრიგად, სენუფერის კ ა, აკლდამის მკვიდრი, გრძნობს, რომ იგი კვლავ დასეირნობს ვენახებში, რომელთაც მეურვეობდა სიცოცხლის ჟამს, როცა განაგებდა ბაღ-ვენახების საქმეებს.
სენუფერისა და მისი მეუღლის გვამები დაკრძალულია კლდეში გამოკვეთილ სამარხებში, აკლდამის მახლობლად. მისი სურათი რამდენიმე ადგილას მოჩანს, მეუღლისა და ნათესავების თანხლებით. მარჯვენა კედელზე იგი გამოსახულია თავის ქალიშვილთან ერთად და შესცქერის მსახურთ, შავაბტების ჩათვლით, რომელთაც მოაქვთ სამგლოვიარო ნივთები. ესენია პატარა ქანდაკებები მუმიფიცირებული ფიგურებისა, რომლებზედაც წარწერილია შელოცვები. ათასობით ამგვარი ფიგურა აღმოჩნდა ეგვიპტურ აკლდამებში და დაიგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საინტერესოა მათი დანიშნულებაც. ძალზე შორეულ ხანაში არსებობდა ჩვეულება გარდაცვლილი მონების შეწირვისა, რათა მომსახურებოდნენ საიქიოში. მსგავსი ჩვეულებები შემორჩა ზოგიერთ სხვა ხალხს გვიანდელ ეპოქებამდე, მაგრამ ეგვიპტელებმა, რომელნიც დიდად უფრთხილდებოდნენ ადამიანის სიცოცხლეს, უკუაგდეს ეს ჩვეულება ძვ. წ. მესამე ათასწლეულის დასაწყისში. ნაცვლად ამისა, ისინი მარხავდნენ მეფეებთან და, მოგვიანებით, უფრო დაბალი რანგის ადამიანებთან ერთად ამგვარ შავაბტის, რომელიც მაგიური პროცესის შედეგად იკავებდა ადგილს ცოცხალი ადამიანისას, რომელსაც უწინ სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად. ყოველ ფიგურას ზედ წარწერილი აქვს სტანდარტული ფორმის შელოცვა, რომელიც, ჩვეულებრი, შემდეგნაირად იკითხება: ,,აი სიტყვები ღვთაებრივი ოზირისისა (რასაც მოსდევს გარდაცვლილის სახელი), ჭეშმარიტად ზრახული; იგი იტყვის: ,, ჰოი, შავაბტი, უკეთუ მოუხმობდნენ (სახელი გარდაცვლილისა) რაიმე საქმის აღსრულებად ნეკროპოლისში, დაე შეეწიოს მას შენი შრომა. შენ უნდა მიუგო: ,,აქა ვარ მე”, შენ უნდა აგო პასუხი ყოველივე იმისათვის, რისი აღსრულებაც ჯერ არს ნეკროპოლისში, შენ უნდა გადახნა მინდვრები, მორწყა მშრალი ველები, მოზიდო ქვიშა აღმოსავლეთით, დასავლეთით და ყოველის მხრით. ,,აქა ვარ” – უნდა უპასუხო დაძახებისას”.
სენუფერისაგან იმდენადვე დაშორებულ ხანაში, რამდენადაც ჩვენ ვართ მისგან დაშორებულნი, ძველ ეგვიპტელთა პრიმიტიულ წინაპრებს სწამდათ, რომ ყოველ ადამიანს მოელოდა სამიწათმოქმედო სამუშაო; თუმც სენუფერის თანამედროვე დინასტიამდე გაცილებით ადრე, ამგვარი იდეა უცხო გახდა დახვეწილი ეგვიპტელი დიდებულებისათვის. მას ერჩია სხვისი ხვედრი ყოფილიყო ,,მიწის დამუშავება” და „მშრალი ველის მორიყვა”, და არა მისი. მსახურნი აღასრულებდნენ ამ სამუშაოს. აქედან წარმოიშვა შავაბტის პატარა ფიგურები (სახელი ნიშნავს „მოპასუხეს“), რომელნიც დგანან მწყობრში დიდებულთა აკლდამებში და უცდიან მათ ბრძანებებს. ,,აქა ვართ” იძახიან ისინი, ყოველ მათგანს მხარზე აქვს გადებული აუცილებელი იარაღი: თოხი, საცეხველი, კალათა.
ხერეფის აკლდამაში არა მარტო ნახატი სცენებია, არამედ რელიეფურად ნაქანდაკევი სცენებიც. ხერეფი იყო სახლთუხუცვსი თიი დედოფლისა, ფ ა რ ა ო ნ ამენოფის III-ის მეუღლისა. მთავარ სცენაზე გამოსახულია მეფე თიი დედოფლის თანხლებით, ქალღმერთ ჰათორთან ერთად, ისინი უცქერენ პროცესიულ ცეკვას მეფის სედ-დღესასწაულის აღსანიშნავად. რვა ტანწერწეტა, პირმშვენიერი ასული წყვილ-წყვილად ცეკვავს, ხელთ უპყრიათ წყლით სავსე დოქები ადგილის განსაწმენდად. მათ მოსდევენ სხვა ასულები, რომელნიც გრაციოზულად ასრულებენ მიწის განახლების სიმბოლურ ცეკვას. გ ა ფ ი რ ი ს სარკიდან არეკლილი სინათლე აცოცხლებს ამ ნაზ ფიგურებს. გარეთ ქუში უდაბნოა და მშრალი ქვიშა, ნამუსრევებით მოფენილი. დაბინდულ აკლდამაში კი ფარაოს მშვენიერი ასულნი დღესაც ასრულებენ მარადჟამულ ცეკვას მის სადიდებლად.
ბნელში ხელის ფათურით გამოდიხართ დღის სინათლეზე და ყურს გჭრით ამერიკელი ქალის ხმამაღალი აღტაცება. ტურისტების მცირე ჯგუფს დრაგომანი უკვე შემდგომი აკლდამისკენ მიარბენინებს დაუნდობლად. იღება მეორე რკინის ჭიშკარი; კვლავ ბინდი მზის სინათლის შემდგომ; კვლავ გაელვება სარკის სინათლისა, კვლავ სახტად დარჩენა, მდუმარება და მერმე ჩურჩული. ჩვენ მენენას აკლდამაში ვართ, რომელიც იყო აღმწერელი ორი სამყაროს უფლის (ფარაოს) მიწებისა. მენენა დგას პაპირუსის ლერწმის პატარა ტივზე და ნადირობს ჭაობებში, მარჯვენა ხელში ს ა ს რ ო ლ ი კ ე ტ ი უჭირავს, რომელსაც უმიზნებს მის წინ აფრენილ ბატებს. მენენას ტანმორჩილი ცოლი ფეხებზე მოსჭიდებია ქმარს და ეხმარება წონასწორობის დაცვაში. ამ გარდასული სამყაროს მზე კვლავაც ანათებს ამ სურათზე, ესოდენ ბრწყინვალე ფერთა სიუხვეში.
მენენას ათლეტური ფიგურა ბრინჯაოსფერია, ვინაიდან მამაკაცებს ასე ხატავდნენ; მისი მეუღლის კანი კი ღია ალებასტრისფერი, ვინაიდან ეგვიპტელ წარჩინებულ ქალებს მუდამ ასე ხატავდნენ. როდესაც მენენა და მისი მეუღლე დაკრძალეს, ისინი ალბათ უკვე მოხუცნი იყვნენ, მაგრამ ამ სურათებზე ახალგაზრდები არიან და სიცოცხლით სავსენი, როგორი ყოფაც სურს ყოველ ადამიანს; ეჭვგარეშეა, მენემას სურდა, საიქიოში მაინც აღარ ყოფილიყო შეურვებული კარისკაცი ფარაოსი, სახელმწიფო საქმეებით გადატვირთული, არამედ კვლავ ახალგაზრდა, უდარდელ აზნაურად ქცეულიყო, რომელსაც სჩვეოდა გარეულ ფრინველებზე ნადირობა და ახალგაზრდა ცოლთან ერთად მხიარული დროსტარება.
აქვეა სცენა ნადიმისა, სადაც მერიეტი, ვეზირის ცოლი გამოსახულია მხრებზე გადაგდებულ გრძელ მოსასხამში. იგი ამაყად დგას მეუღლის გვერდით სტუმრების მოლოდინში. აკლდამის სავა ნაწილებში მუსიკოს ქალთა ჯგუფი ჩანგზე, არფაზე, სტვირებზე და დაირაზე უკრავს მათ საამებლად. სტუმრები, ქალნი და მამაკაცნი, სხედან ელეგანტურ პოზებში, ისუნთქავენ ლოტოსის ყვავილთა სურნელს, მაშინ როდესაც შიშველი მსახური გოგონები მოართმევენ სამკაულსა და ნელსაცხებელს, უვარცხნიან თმას და არომატულ ზეთს სცხებენ მხრებსა და მკლავებზე. საღამოთი, მოგვიანებით, წარწერების მიხედვით, სტუმრების ქცევა ნაკლებ ელეგანტური ხდებოდა.
„ჩემი შიგთავსი თივის მსგავსია” აცხადებს ერთ-ერთი ქალბატონი წარწერის ტექსტში – „სმა მწყურია თრობამდე”. გოგონების ფიგურებს ზემოთ რეხმირის აკლდამაში ძველ მხატვრებს იეროგლიფებით დაუწერიათ მსახურთა მისალმება ვეზირისადმი: „მიიღეთ საზრდო კეთილი და მიირთვით, ჰოი ვეზირო და ლაქისთავო; კეთილი იყოს დასაწყისი, კეთილი იყოს ეს ჟამი, კეთილი იყოს ეს წელიწადი, სიავე გაშოროთ!”
მეორე ტექსტი ასეთია: ,,კეთილი საზრდო, მუსიკა, ცეკვა-თამაში, სიმღერა, ბალზამისა და ზეთისხილის ზეთის ცხება, ლოტოსის ყნოსვა, პურ-ღვინო, ლუდი, ყოველგვარი გემრიელი საზრდელი მოგვირთმებატონის კაასთვის, რეხმირ ქალაქისთავისათვის და მისი გულითადი მეუღლისათვის, დიასახლის მერიეტისათვის, მას თან რომ ახლავს!”
მსახურნი ყვავილწნულებს ჩამოაცმევენ სტუმრებს კისერზე, ღვინოს დაუსხამენ და ეტყვიან: „თქვენი კაასი იყოს! კეთილი იყოს თქვენი ნადიმი!“
ამასობაში სტუმარი ქალების ჯგუფი, რომელიც ტაქტს აყოლებს მუსიკას, სვამს და ზეთს იცხებს, შესძახებს: ,,მაეტი” შეგვეწიოს, ვის წინაშეც ვსვამთ და ვჭამთ”.
დრაგომანს გამოჰყავს თავისი ჯგუფი აკლდამიდან და კეტავს კარს, თქვენ ნელ-ნელა მიჰყვებით ქვიშიან ბორცვებს და ერთხელ კიდევ გადახედავთ ნანგრევთა გორას, რომელიც ერთ დროს მკვდართა ქალაქი იყო. შორს, აღმოსავლეთით, პალმის ტევრების მიღმა, ლუქსორის ოტელების შეღებილი ფასადები მოჩანს ჩამავალი მზის შუქზე. იქ თქვენ მოგელით აბაზანა და მარტინი სადილის წინ. უფრო გვიან სმა იქნება და ჯაზი. ამასობაში თებეს ნეკროპოლისი წარსულში შთაინთქმის და „საუცხოო შთაბეჭდილებად” იქცევა. მაგრამ უეცრად ისევ ატყდება ხმაური და გამოჩნდება რეხმირი, მერიეტი და მათი მეგობრები, მათი სმა და ცეკვა-თამაში სამი ათასი წლის წინ, შესაძლოა ზუსტად იმ ადგილას, სადაც თქვენ დგეხართ. მაშინ შესაძლოა შეგშურდეთ ძველი ეგვიპტელებისა, რომელნიც ურიგდებოდნენ სიკვდილს, ცხოვრობდნენ მასთან ერთად და ყოველ წუთს მზად იყვნენ მისთვის. (ეგვიპტე)
ტეგები: ეგვიპტე, მაგია, აკლდამა, საინტერესო, ეგვიპტე, ფარაონი, ხეოფსი, პირამიდა, ნეკროპოლისი, ეგვიპტე, ქლაქი, ეგვიპტე