მარაკეში: ქალაქი, სადაც წარსული და აწყმო ერთმანეთს კვეთს
ოდესღაც საადიანთა დინასტიის დედაქალაქი მარაკეში თავბრუდამხვევი ლაბირინთია. მის გადახურულ ბაზრებსა და დაკლაკნილ ხეივნებში შებიჯებისას სტუმარი გველის მომთვინიერებლებითა და მუცლით მოცეკვავეებით სავსე, ღია ცის ქვეშ მომზადებული საჭმლითა და სანელებლების სურნელით გაჟღენთილ სამყაროში იკარგება – სამყაროში, სადაც ხელნაკეთი ტყავის სამოსითა და ვერცხლის სამკაულებით ვაჭრობენ და ვიწრო ქუჩებში ვირშებმული ურიკები დაჭრიალებენ; სამყაროში, სადაც მდიდრულად მორთულ აბანოში ოფლი მოიდინო; სამყაროში, რომლის სასახლეები და დიდი კარიბჭეები სულთანთა სიმდიდრეზე მეტყველებს.
სამხრეთ-დასავლეთ მაროკოში, ატლასის მთების ძირას გაშენებულ სიცოცხლით სავსე მარაკეშში წარსული და აწყმო ერთმანეთს კვეთს. წითელი აგურის შენობების სიმრავლის გამო მას ხშირად „წითელ ქალაქს“ უწოდებენ. მარაკეშის ცენტრი – ჯემაა-ელ-ფნა – ქალაქის ძველ ნაწილში, მედინას უბანშია. კუტუბაიას მინარეთის (ქალაქის უძველესი, XII საუკუნის მეჩეთი) ქვეშ გადაშლილი ჯემაა-ელ-ფნა დღისით ხმაურიანი ბაზარია, ღამით კი ღია რესტორნებისა და კაფეების სამეფო.
მოედანზე აკრობატები, გველის მომთვინიერებლები, ილუზიონისტები და მკითხავები გამოდიან; შილჰას ტომის ბიჭები ბერბერული მუსიკის თანხლებით ცეკვავენ. მაროკოს ტრადიციული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში მარაკეშის მოედანმა დიდი წვლილი შეიტანა და სწორედ ჯემაა-ელ-ფნას მნიშვნელობის გათვალისწინებით იუნესკომ ახალი პროგრამა – კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრები – წამოიწყო.
ჯემაა-ელ-ფნას გარდა მედინას უბანი დაკლაკნილი შუკების ლაბირინთითაა ცნობილი. ზოგჯერ ქუჩას დროის ან დასავლური ცივილიზაციის კვალი საერთოდ არ ეტყობა. სახელოსნოებისა და პატარა მაღაზიების წინ ქუჩის გამყიდველები ადგილობრივი დელიკატესებით – ლოკოკინის ან გველის თავის წვნიანით ვაჭრობენ. მედინას სამხრეთ ნაწილში საადიანი სულთნის, აჰმედ-ალ-მანსურის სასახლის ნანგრევებია.
1578-1603 წელს აშენებული ელ-ბადის სასახლე მავრიტანული ხუროთმოძღვრების შთამბეჭდავი ნიმუშია. ოდესღაც სასახლეს 360 ოთახი, იტალიური მარმარილოთი და ოქროს ორნამენტებით მორთული დიდი ეზო და მცენარეებში ჩაფლული აუზები ჰქონდა. მედინას ამშვენებს მეჩეთები, ტაძრები და მედრესები (რელიგიური სკოლები). ულამაზესია ბენ-იუსუფის მედრესეს (XIV საუკუნე) მოჩუქურთმებული თაღები და ეზოები.
მედინას მეზობლად მდებარეობს მარაკეშის კიდევ ერთი საგანძური – XII საუკუნეში გაშენებული მენარას ბაღი, რომელიც კოხტა პავილიონს ერტყმის გარს და ფონს ატლასის მთები უმშვენებს. ქალაქის უფრო თანამედროვე ღირშესანიშნაობათაგან გამორჩეულია მარაკეშის მუზეუმი, რომელიც XIX საუკუნეში აშენებულ მენების სასახლეშია განლაგებული და შიგნით მაროკოული ახალი თუ ძველი ხელოვნების ნაწარმოებები და კულტურული არტიფაქტებია გამოფენილი.
გასართობებით სავსე თვალისმომჭრელი მარაკეში ექსცენტრიულობითა და ნაირფეროვნებით გამორჩეული ისტორიული ქალაქია.