მე განვიკითხავ და ვწყევლი ჩვენს წინაპრებს – ნიკოლ პაშინიანი
ეს წერილი სომხეთის დღევანდელმა პრემიერმა 2005 წელს გამოაქვეყნა. წერილი იმაზეა, თუ როგორ უნდა ვთქვათ უარი წარსულის ჰეროიზაციაზე. ეს სომხეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როგორც ამას აღნიშნავდა ფაშინიანი 15 წლის წინ.
პოლიტიკური და სამეცნიერო ტრიბუნებიდან სომეხი ხალხისადმი გაკეთებული ყველაზე პოპულარული მოწოდება ისტორიისგან გაკვეთილების მიღებას გულისხმობს.
თუმცა, სომეხი ხალხი ჯიუტად აურს ამბობს, მოუსმინოს საკუთარ ინტელიგენტს და ამაზე მეტყველებს ის, რომ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისტორიისგან გაკვეთილების მიღების მოწოდებები. შეიძლება მიზეზი ისაა, რომ ინტელიგენტი, რომელიც ამგვარი მოწოდებით გამოდის, მალევე იწყებს სომეხი ხალხის გმირული წარსულის შესახებ ლეგენდის შექმნას, წინაპრების ქებას, გაფეტიშებას და მათთვის ხოტბის შესხმას. ზოგადად, ერთია ობიექტურად შეაფასო წინაპრები და სრულიად სხვაა მათი თაყვანისცემა. მოდით, შევეშვათ წინაპრებისთვის ხოტბის შესხმას და საკუთარ თავს პრაგმატული კითხვა დავუსვათ: რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს მათ?
არაფერი, სრულიად არაფერი.
იმიტომ, რომ „არაფერი” – ესაა მოცემულობა, როდესაც ნულიდან უნდა დაიწყო, ჩვენ კი, არც ვიცი, რომელი მინუსიდან უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ ჩვენმა წინაპრებმა მემკვიდრეობით დაგვიტოვეს გენოციდების, განადგურებების, ღალატის და უზნეობის ისეთი მარაგი, რომ ამის გადალახვა, როგორც ჩანს, უკიდურესად რთულია.
მე განვიკითხავ და ვწყევლი ჩვენს წინაპრებს იმიტომ, რომ მათ არაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს ჩვენ უფრო ღირსეულად და ამაყად გვეცხოვრა. ჩვენს წინაპრებს არ უზრუნიათ ამაზე იმდენადაც კი, როგორც ცხოველი საკუთარი ინსტიქტებიდან გამომდინარე ზრუნავს საკუთარ შთამომავლობაზე.
მე განვიკითხავ ყველას, ვინც ადიდებს და აფეტიშებს წინაპრებს, რადგან ამგვარად ისინი უფლებას გვართმევენ თანამედროვე და შემდგომ თაობებს, გვქონდეს ღირსეული და ძლიერი სამშობლო. ისინი წინაპრებისთვის ხოტბის შესხმით იმ მანკიერ პროცესს აძლიერებენ, რომელშიც უკვე 2000 წელი ვიმყოფებით, დაწყებული იმ დროიდან, როცა „დიდად” წოდებულმა ტიგრანმა საკუთარი გვირგვინი რომაელ მმართველს ფეხქვეშ დაუდო – ეს ის ტიგრანია, რომელმაც უღალატა საკუთარ შვილს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრიმიტიული აღრზდაც კი არ მიუღია, თანამედროვე სომეხი უტიფარი გოშია ჩინოვნიკების მსგავსად.
მე ვწყევლი ჩვენს წინაპრებს იმიტომ, რომ პროვინციელ სპარს მწიგნობარს საშუალება მისცეს, ისპაჰანის ქუჩებში მოსიარულეს ჩვენთვის აეხსნა, რომ სომხები შაჰ-აბასმა გამოდევნა ჯულფადან და აქ ქალაქის დაარსება უბრძანა. რა გაკვეთილი უნდა მივიღოთ ამ ისტორიიდან?
ვიღაცას ეს ისტორია სიამაყით ავსებს. „გამოდის, რომ სომხები მშენებლები იყვნენ”, – ამბობენ ისინი და არც არავინ ამჩნევს, რომ ამ მშენებლებს ფარასავით მიერეკებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ზოგი კი გზაზე დარჩა და ირანის სტეპები „სომეხთა წმინდა ადგილებად” აქცია.
როგორი გაკვეთილი უნდა მივიღოთ ჩვენი ისტორიიდან? ხანდახან მესმის იმ ისტორიკოსების, რომლებიც ჩვენს სამარცხვინო და დამამცირებელ წარსულს გმირობის მოსასხამს გადააფარებენ. ფიქრობენ, რომ ნამდვილმა ისტორიამ შეიძლება გაგვტეხოს, დაგვამციროს. მაგრამ ხომ სწორედ სიცრუეა უფრო დამანგრეველი, არ გვაძლევს გაჩერების და ჩვენი ათასწლოვანი შეურაცხყოფის შეწყვეტის საშუალებას?!
სინამდვილეში, რა გაკვეთილს მივიღებთ ჩვენი ისტორიიდან?
მოდით, დავივიწყოთ ისტორია, ყველამ დავიწყოთ ნულიდან ისე, თითქოს წარსულში არაფერი გვქონდა და ღმერთმა ახლახანს შეგვქმნა.
წარმოგიდგენიათ, როგორც გაგვიმარტივდებოდა სუნთქვა? მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ მესროპ მაშტოცმა ჩვენი ანბანი ახლახანს შექმნა, რომ ნარეკაცი ცხოვრობს ჩვენთან ერთად, იქნებ, მჰითარ გოშიც, დავით ანახტიც და კიდევ რამდენიმე სხვა – მეტი არაფერი. დანარჩენი კი დავტოვოთ წარსულში, დაე, ხოცონ, გაყიდონ ერთმანეთი, რამდენიც უნდათ, დევნონ და გენოციდი მოუწყონ მათ.
ამ შემთხვევაში, ჩვენ, შესაძლოა ჩვენი ისტორიიდან მართლა ვისწავლოთ და მივიღოთ გაკვეთილი იმიტომ, რომ ეს ისტორია უკვე აღარ იქნება ჩვენი.
ავტორი: ნიკოლ ფაშინიანი
წყარო: facebook