…არაყოფიერების გამოთქმა შეუძლებელია / მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი: … (გაითვალისწინეთ, ამ მაგალითს მე იმისთვის <ვიღებ>, რათა ვუჩვენო, რომ არაყოფიერების განაზრება და გამოთქმა შეუძლებელია).
ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოვიდა ჩემი ნაცნობი და სასტუმროში გაჩერდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის უნდა გამგზავრებულიყო და ერთობ მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარების საფასური გადაეხადა. გამგზავრების დღეს აღმოჩნდა, რომ ანგარიში ჯერ არ იყო მოსული და ადმინისტრატორმა ისე გაუშვა სტუმარი, რომ ფული არ გამოართვა – სიკეთე გამოავლინა. ეს გახლავთ სიკეთის გამოვლენის მაგალითი ამ სიტყვის ჩვეული ფსიქოლოგიური აზრით. ამგვარად, ჩვენ წინაშეა განსაზღვრული ამბავი, საქციელი, და ჩვენ ვაზროვნებთ მის შესახებ, ვაფასებთ მას. დაფიქრების შემდეგ ვთქვით: ეს ქალი კეთილია იმიტომ, რომ გაუშვა ჩემი მეგობარი ანგარიშის გადახდის გარეშე, რომელიც წარმოდგენილი არ იყო.
ახლა, ბოროტების მაგალითი: გადამგზავნი ბანაკი ვლადივოსტოკში, ადამიანთა მასა ცხოვრობს უბრალოდ შემორაგულ შიშველ სივრცეში, წვიმასა და თოვლში, გათოშილი და მშიერი, შიმშილი მატულობს (სადღაც ჩაიკარგა ტრანსპორტი პროდუქტებით) და მშიერი ადამიანები სრულ სასოწარკვეთილებაში მიიწევენ მავთულხლართებისკენ, ითხოვენ პურს – მათ ტყვიამფრქვევის ცეცხლით ხვდებიან. ეს ბოროტების გამოვლინებაა.
მოდით, დავფიქრდეთ… მოხდა ორი ამბავი. ჩვენ ვთქვით: ერთ შემთხვევაში ეს სიკეთეა, მეორე შემთხვევაში – ბოროტებაა, და ამით ვივარაუდეთ, რომ ამ მოვლენების მიღმა, ამ საქციელის მიღმა დგანან რაღაც არსებები, რომლებიც ფლობენ თვისებებს, ერთ შემთხვევაში – კეთილს, მეორეში – ბოროტს. ბოროტი არსებები ტყვიამფრქვევიდან ისროდნენ, კეთილნი კი სიტუაციის შესაბამისად მოიქცნენ: მშვიდობით გაისტუმრეს ჩემი მეგობარი. ფილოსოფოსი ამ შემთხვევაში იტყვის, რომ რუსეთის ადამიანი არც კეთილია და არც ბოროტი, რომ სიკეთისა და ბოროტების ცნებები აქ გამოუსადეგარია, არამედ მოხდა რაღაც, რაშიც საერთოდ არ არის ფსიქოლოგია, თუმცა ყოველი ცალკეული ადამიანი უპირობოდ აღჭურვილია ფსიქოლოგიური თვისებებით.
ეს ქალბატონი – სასტუმროს ადმინისტრატორი – ასე მოიქცა არა იმიტომ, რომ კეთილია, არამედ იმიტომ, რომ ამბავთა გადაბმულობამ ჩააყენა ის განსაზღვრულ სიტუაციაში. ის კუთხეში იქნა მიმწყვდეული, რომლიდანაც გამოსავალი იყო ასეთი ან ისეთი, [გამოსავალი], რომელიც გარე დამკვირვებელს შესაძლოა კეთილად ან ბოროტად მოეჩვენოს, ხოლო თვით სიტუაცია წარმოადგენს გაუგებრობებს A წერტილში, რომელშიც დროულად არ გამოწერეს ანგარიში, გაუგებრობებს B წერტილში, რომლიდანაც ის დროულად არ გაგზავნეს, გაუგებრობებს C წერტილში, რომელშიც ის დროულად ვერ მიიღეს – რუსული ცხოვრების მთელი ის მორთულობა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსი ადამიანი საკუთარ თავს განსაზღვრულ სიტუაციაში ათავსებს, ყოველთვის ზღვრულში, რომლიდან გამოსავალი ყოველთვის რადიკალურია (ან ერთ, ან მეორე მხარეს).
ამიტომ, როდესაც გამოსვლა განხორციელდა, თუკი რაიმე გესმის – ყოველი გაგება ფილოსოფიის ელემენტს გულისხმობს – შენ უნდა თქვა: არ ძალმიძს აზრის გამოთქმა, აქ არ არის ფსიქოლოგია, არც სიკეთეა, არც ბოროტება, უბრალოდ არის ლაბირინთული მდგომარეობა, საკუთარი თავის შეგდება სიტუაციაში, რომლიდანაც არის ეს ან ის გამოსავალი. თქმა იმათ შესახებ, ვინც ისროდა, რომ ისინი ბოროტები არიან, შეუძლებელია. რატომ? – უბრალოდ იმიტომ, რომ პური გზაში მოიპარეს. ამბავთა ათასობით შეჭიდულობამ იმასთან მიგვიყვანა, რომ ხალხის ერთი ნაწილი მოცემული იყო იმაში, რომ ისინი მავთულხლართებს ეკვეთნენ, სხვები – იმაში, რომ ისროდნენ; აქ არც სიკეთეა და არც ბოროტება, როგორც ფსიქოლოგიური თვისება.
საუბარი იმის შესახებაა, რომ ჩვენ ძალგვიძს საუბარი და გამოთქმა. ხოლო მსჯელობა იმის შესახებ, რომ რუსი ადამიანები კეთილები ან ბოროტები არიან ამ მაგალითების აღებით (ასეთების მოტანა კი ასობით შეიძლება), შეუძლებელია, იმიტომ, რომ აქ არც სიკეთეა და არც ბოროტება, არის სხვა. ჩემი მსჯელობა ყველა ამ პრობლემას არ მოიცავს. მე მხოლოდ ერთ მხარეს ვიღებ: ჩვენ არ ძალგვიძს აზრების გამოთქმა. რატომ არ ძალგვიძს? – იმიტომ, რომ აქ არ არის ფსიქოლოგიური სიკეთე და ბოროტება. სხვა სიტყვებით, იქ, სადაც ის არის, ჩვენ ძალგვიძს ჭეშმარიტების ან რაიმე ისეთის გამოთქმა, რაც შემდეგ ცდომილებად იქცევა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთიცა და მეორეც განაზრებული იქნება.
მოცემული სიტუაცია, რომელსაც მე აღვწერ, საერთოდ არც ჭეშმარიტებაა და არც სიკეთე. ერთი მოჰყვება მტკიცებას, რომ რუსეთის ხალხი კეთილია, მეორე მოჰყვება მტკიცებას, რომ რუსეთის ხალხი ბოროტია. არც ერთი და არც მეორე – აქ არც ჭეშმარიტებაა, არც სიცრუე, არც სიკეთე, არც ბოროტება. ჩვენ არ ძალგვიძს ამის გამოთქმა ჩვენს ენაზე იმ ოდენობით, რომლითაც ჩვენ რაიმე გააზრებულს გამოვთქვამთ. ენა თვით ანადგურებს საკუთარ თავს, რადგან ჩვენ არაყოფიერების სფეროში ვიმყოფებით, მოცემულ შემთხვევაში, ფსიქოლოგიის არაყოფიერების სფეროში.
ეს არის არა ფსიქოლოგიური სიტუაცია, არამედ სიტუაცია გადაბმულობის, გადაება მატარებლები, რუსული ზნე; ცალკე არავის სურდა სიკეთე და ბოროტება, მაგრამ რაღაცას ახდენდა და ამ მოხდენის გარდაუვალი ინტეგრალი იყო განსაზღვრული სიტუაცია, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდნენ: ერთ შემთხვევაში ჩემი ნაცნობი სასტუმროში, მეორე შემთხვევაში – პატიმრები ბანაკში. რისი თქმა ძალგვიძს ამის შესახებ როგორც გააზრებულ არსებებს? – არაფრის. ამოვაბრუნოთ კითხვა: რა აზრით არ ძალგვიძს რაიმეს თქმა?
ასეთი ფორმით გამოვთქვამდი: ფსიქოლოგია (მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ფსიქოლოგიის შესახებ ვსაუბრობთ), ფსიქოლოგიური რეალობა, ანუ ფსიქოლოგიური ყოფიერება არის, თუ არის ისეთი რეალობა, რომლის მთელი ერთობლიობა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ადამიანთა საკმარის რაოდენობაშია მოცული განსაზღვრული ფორმალიზმების მოქმედებით, რომლებსაც, მაგალითად, ეწოდება სინდისი (სხვათა შორის, სინდისი წმინდა ფორმალიზმია). იქ ვითარდება ადამიანებში ფსიქოლოგია, ანუ ის, რის შესახებ განაზრებულად შეგვიძლია საუბარი ფსიქოლოგიის ტერმინებში (ანუ ფსიქოლოგიური თვისებების).
ამბობენ, რომ ადამიანები ბოროტები ან კეთილები არიან. პირველად ასეთი განსხვავება ჩვენი ფსიქოლოგიური ენის დონეზე, განაზრებულისა, რომლისთვის რაღაცის გამოთქმა დასაშვებია, ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩნდება ათვლის სისტემა თვით ამ რეალობის შიგნით, ხოლო ამ ათვლის სისტემას შეადგენს თვითსაფუძვლიანი მოვლენა, ყოფიერებითი მოვლენა. მოცემულ შემთხვევაში მე „სინდისი“ ავიღე: იქ, სადაც არის სინდისი, ვითარდება ფსიქოლოგია და, შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობა, საქციელთა შემთხვევების შესახებ ვისაუბროთ ფსიქოლოგიის ენაზე, და ეს იქნება განაზრებული ენა, მასზე შეიძლება რაღაცის გამოთქმა.
ახლა კი მე ვიტყვი: მხოლოდ იქ, სადაც არის ყოფიერება, შეიძლება რაიმეს გამოთქმა; იქ, სადაც არის რეალობა (რაღაც სფერო მოცულია ყოფიერებითი მოვლენებით), არტიკულირდება ნივთები, რომელთა შესახებ შეიძლება საუბარი და რაღაცის გამოთქმა განაზრებულად. სიკეთისა და ბოროტების შემთხვევაში ხომ, გვაქვს რა თვალწინ თითქოსდა ფსიქოლოგიური მოვლენები, მე მათ შესახებ ფსიქოლოგიურის გამოთქმა არაფრისა შემეძლო. აქ ანალიზის სხვა აპარატი უნდა იქნეს გამოყენებული. თუ მე სასტუმროს ადმინისტრატორის ან ბანაკის სათვალთვალო კოშკის ისრის შესახებ მსჯელობას ადამიანთა კეთილი ან ბოროტი თვისებების ტერმინებში დავიწყებ, დავიბნევი, არაინტელიგიბელურის სფეროში აღმოვჩნდები.
ინტელექტუალური შეღწევადობის, ანუ სამყაროს გაგების პრინციპების პრობლემასთან გაბრუნებთ: ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ სიტუაციას, რეალობას ვერ გავიგებთ; ჩვენ არ ძალგვიძს მისი გაგება ფსიქოლოგიურ ენაზე უარის თქმით, თუმცა ჩვენ წინაშე (თითქოსდა) ფსიქოლოგიური ფენომენებია. ვთქვათ, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა რუსებს ომები, ისინი საკუთარ თავს აყენებენ სიტუაციაში, საიდანაც ერთადერთი გამოსავალია – იომო ან არ იომო, და მრავალი მიზეზი იმისთვის, რომ იომო. ან ომში გამარჯვება: ჯერ საკუთარი თავი უნდა ჩააყენო სიტუაციაში, რომლიდანაც გამარჯვების გარდა სხვა გამოსავალი არ არის. ეს არის სიტუაცია, რომლის შესახებ შეუძლებელია საუბარი ჩვეულებრივი სამხედრო აღწერილობითი ენის ტერმინებში, რომლითაც ჯარის განსწავლულობის, ამ ჯარის სამხედრო უნარების შესახებ საუბრობენ, და მაშინ გამოაქვთ დასკვნა: ამ უნარებით განმარტავენ, რატომ გაიმარჯვეს ან რატომ დამარცხდნენ. ჩვენს შემთხვევაში არც ერთი და არც მეორე განმარტავს რაიმეს.
ახლა დავფიქრდეთ, რა მოვახდინეთ ამ მსჯელობით. ჩვენ ფილოსოფიური ნაღრძობი მივიღეთ: სულის თვალებით შევხედეთ იმას, რაც ჩვენი ჩვეულებრივი თვალითაც ჩანს. შევაბრუნეთ რა სულის თვალები, ჩვენ არ შეგვიცვლია საგნები, არ მოგვიტანია რაიმე ახალი ფაქტები, რაიმე ახალი არგუმენტები. იგივე ქალბატონი სასტუმროში, იგივე ბანაკი – ფაქტები არ შეცვლილა. მე ნაღრძობი ვარ, შევხედე, შევაბრუნე რა სულის თვალები და დავინახე, რომ, თუ ფსიქოლოგიურად ვმსჯელობ, რაიმეს გაგება შეუძლებელია, აქ არ არის ფსიქოლოგია. იმისათვის, რომ გაიგო, საჭიროა რაღაც სხვა ცნებების შემოტანა და მოცემული რეალობის სხვაგვარად განხილვა. ამიტომ, რათა ემპირიულ შემთხვევათა განხილვის ზიდვას არ შევუდგე, შემიძლია შევუდგე საუბარს თეორიულ ენაზე: არის მხოლოდ ყოფიერება, ხოლო იმის გამოთქმა, რაც არ არის, შეუძლებელია.
წარმოიდგინეთ, რომ მოხდა კატასტროფა და გაქრნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ენა, თუნდაც შეკვეცილი, გასაგები იყო; გაქრნენ ბერძნები, გაქრა ანტიკური ტექსტები, დარჩა მხოლოდ ფრაგმენტები და ჩვენ წინაშე დარჩა აისბერგის მხოლოდ ნაწილი: არის მხოლოდ ყოფიერება (ტავტოლოგია, როგორც ვამბობდი), არაყოფიერება არ არის (ისევ ტავტოლოგია), და მეტიც, არაყოფიერების გამოთქმა შეუძლებელია. მისი გამოთქმა მართლაც შეუძლებელია და ამიტომ ფილოსოფოსი ამბობს: ჩვენ ძალგვიძს რაღაცის გაგება, როდესაც გაგების სფეროში არის ყოფიერებითი მოვლენები ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, სინდისი; სინდისის გარშემო შესაძლოა ამოიზარდოს ფსიქოლოგიური სამყარო, ანუ ისეთი სამყარო, რომლის შესახებ განაზრებულად შეიძლება საუბარი ფსიქოლოგიის ენაზე და რაღაც გაგებამდე მისვლა. არარსებულის შესახებ კი შეუძლებელია საუბარი, მისი გამოთქმა შეუძლებელია.
© მერაბ მამარდაშვილი / ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში