მერაბ მამარდაშვილი არსებობის ყოფიერების შესახებ

მე შემიძლია ვისაუბრო ჩიბუხის ყოფიერების შესახებ, არსებულის ყოფიერებისა, ვისაუბრო, ვიმეორებ, არა ჩიბუხის არსებობის შესახებ, არამედ მისი არსებობის ყოფიერებისა – ეს სრულიად განსხვავებული რამეებია.
აი, არსებობს ეს ჩიბუხი. მე რომ მისი არსებობის შესახებ ვსაუბრობდე, იმის შესახებ ვიტყოდი, რა შეიძლება იყოს და რა შეიძლება არ იყოს: მე შემიძლია გავტეხო ჩიბუხი, ან ის შეიძლება დაიკარგოს, შეიძლება დაიწვას, მაგრამ ის, რასაც მე ჩიბუხს ვუწოდებ, არის რაღაც, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, დაიკარგა თუ არ დაიკარგა მოცემული ჩიბუხი. მეტიც, ჩიბუხის ყოფიერება, ანუ არსებულის ყოფიერება (ყოფიერება იმისა, რასაც ჩიბუხი ეწოდება და ჩიბუხის სახით არსებობს), აშკარად არ არის დამოკიდებული ამ ჩიბუხის გაუჩინარებაზე. ჩიბუხი ყოფიერებაში არც ჩნდება და არც ქრება. ან, თუ პარმენიდეს სიტყვებით ვიტყვით, ყოფიერება არის რაღაც, რაც არის არსებულში, რაც არ იბადება და არ იღუპება მასში, ამასთან, ის არც იცვლება.
რას ნიშნავს, „არ იცვლება“? მიანიჭეთ ამ ჩიბუხს ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი სახე, ის ჩიბუხად დარჩება: ის, რაც დარჩება და რაც არის ჩიბუხი, არ არის დამოკიდებული ფორმის ცვლილებაზე, ჩიბუხის ნაწილების ერთმანეთის მიმართ გადაადგილებაზე, რადგანაც ისინი ჩიბუხის ყოფიერებაში რჩება. შესაბამისად, ყოფიერება ეწოდება იმას, რაც ამაზე არ არის დამოკიდებული, მეტიც, ყოფიერება ეწოდება იმას, რასაც არ აქვს ნაწილები. ჩვენ შეგვიძლია ნაწილებად დავშალოთ ჩიბუხი, მაგრამ ის, რაც არის ჩიბუხი, ნაწილებად არ იშლება: ის ან არის, ან არ არის.
ჩაუფიქრდით: ამ ჩიბუხში შესაძლოა იყოს განსხვავებული ნაწილები და თვით მეტყველება განსხვავებული ნაწილების შესახებ ნიშნავს, რომ ჩვენს აზრს ძალუძს ჩიბუხის დაშლა ნაწილებად (მას აქვს მუნდშტუკი და ა.შ.). მაგრამ არის რაღაც, წოდებული ჩიბუხად, რაც არ შედგება ნაწილებისგან იმ აზრით, რომ ის მთლიანად მყოფობს. ან არის ჩიბუხი, ან არ არის. ამას უწოდებდნენ ბერძნები „განუყოფელს“ და ეს განუყოფელი უკავშირდება აზროვნებას.
© მერაბ მამარდაშვილი / ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში