მერაბ მამარდაშვილი ფილოსოფიის აღქმის პარადოქსზე
ფილოსოფიის ისტორიკოსის ან იმ ადამიანის ამოცანა, რომელიც რაღაცას კითხულობს ფილოსოფიის ისტორიიდან, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთვის ლექსიკურად, ფორმით უცხო ტექსტის კითხვისას, ვიაზროთ განაზრებადი მასში ისე, რის განაზრებას ახლა შევძლებდით.
და ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ორი რამ უნდა განვასხვაოთ: ერთი მხრივ, მოძღვრების რაღაც აზროვნებითი შინაარსი, მაგალითად, დემოკრიტესი, მეორე მხრივ კი, ისტორიული ფორმა, რომელშიც იყო ეს შინაარსი გამოხატული, და ის ცნობიერება საკუთარი თავისა და საკუთარი მოძღვრების საზრისის შესახებ, რომელიც არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გაიგო და გადმოსცა იგი ფილოსოფოსმა, რომელიც ამ შინაარსს იაზრებდა.
შესაბამისად, არის რაღაც ისეთი დემოკრიტეს მტკიცებაში ატომებისა და სიცარიელის შესახებ, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, თვითონ როგორ გაიგო და გამოხატა ეს დემოკრიტემ. თითქოს პარადოქსულია – არის დემოკრიტეს აზრი, დამოუკიდებელი თვით დემოკრიტესგან, იმ ფორმისგან, რომელიც მან ამ აზრს მიანიჭა, გამოთქვამდა, ამტკიცებდა და გადასცემდა რა მას სხვებს.